რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი დედაქალაქის მერობის საერთო კანდიდატს პარასკევს, 23 ივლისს, დაასახელებს და ის, დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ნიკა მელია იქნება. რამდენად გაერთიანებული და შეკრული იქნება ოპოზიცია მის გარშემო?
ამ დრომდე რაც ვიცით, მელიას ღია მხარდამჭერებს შორის ვერ ვიხილავთ „სტრატეგია აღმაშენებელს“; პარტია „ლელო“ კი, ჯერჯერობით ისევ ფიქრობს. მომავალ არჩევნებზე თბილისის მერის პოსტისთვის ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, თუმცა ოპოზიციის უმთავრეს მიზანს მაინც ერთობლივი ძალებით, არჩევნების პროპორციულ ნაწილში 57%-ზე მეტის მიღება წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, „შარლ მიშელის შეთანხმების“ მიხედვით, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.
როდის დასახელდება? ვინ დასახელდება?
„ჩვენს გაერთიანებას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეთანხმება გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში შევთანხმდებით საერთო კანდიდატებზე... ისეთი პირი უჩანს, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი, მურმან დუმბაძე.
მას იმედი აქვს, რომ ოპოზიცია შეთანხმდება არა მხოლოდ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკვანძო პოსტებზე, არამედ საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქთან დაკავშირებითაც.
სხვა პარტიებთან, პოზიციების შეჯერების იმედი აქვს თავად „ნაციონალურ მოძრაობას“. პარტიაში აცხადებენ, რომ კონსულტაციები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და საზოგადოება სულ მალე გაიგებს თუ რომელი პარტია როგორ იქნება წარმოდგენილი ოპოზიციური ერთობის მიერ შეთანხმებულ კონფიგურაციაში. წინასწარი ინფორმაციით პარასკევს, 23 ივლისს:
- დედაქალაქის მერობის კანდიდატად დასახელდება ენმ-ის თავმჯდომარე - ნიკა მელია;
- საკრებულოს თავმჯდომარედ წარადგენენ „დროას“ დამფუძნებელს, ელენე ხოშტარიას. ეს პოსტი არ ექვემდებარება პირდაპირი არჩევის წესს და კანდიდატს მოგვიანებით, უკვე დაკომპლექტებული საკრებულო ამტკიცებს.
ამ ეტაპზე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს „ევროპული საქართველო“. პარტიაში რადიო თავისუფლებას არ დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ვიცე-მერის პოსტისთვის სწორედ მათი წარმომადგენელი დასახელდეს.
„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე გვეუბნება, რომ „დრო ცოტა რჩება“, პროცესი ისედაც დაგვიანდა და ოპოზიციამ საერთო გადაწყვეტილება სწრაფად უნდა გამოაცხადოს. მისი პოზიციით, შესაძლებელია, რომ ხვალ-ზეგ გამოცხადდნენ მხოლოდ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები, გაცხადდეს - „ვინ არიან საერთო შეთანხმების მონაწილე პარტიები“ და ითქვას - როგორი იქნება სამოქმედო გეგმა საქართველოს მასშტაბით.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საკვანძო პოსტისთვის ასევე ლაპარაკი იყო პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დამფუძნებელზე, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძეზე.
ამ ინფორმაციის გადამოწმება არ ხერხდება. პარტიაში გვითხრეს, რომ ჯაფარიძე ამჟამად, კოვიდის გამო, იზოლაციაშია და სრულად არის ჩამოშორებული პოლიტიკურ პროცესებს. თუმცა მანამდე, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მას ჰქონდა კონსულტაციები ოპოზიციონერ კოლეგებთან.
ზურაბ ჯაფარიძე მაისში დედაქალაქის მერის პოსტზე კენჭისყრის სურვილს გამოხატავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი.
რატომ ნიკა მელია? მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მას გამარჯვების რეალური პოტენციალი აქვს.
- ნიკა მელია თბილისის მერობისთვის ენმ-ის სახელით იბრძოდა 2014 წელსაც, როდესაც ის 27.97%-იანი მაჩვენებლით მეორე ტურშიც გავიდა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს, დავით ნარმანიას დაუპირისპირდა;
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მელია „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკის სიის მესამე ნომერი იყო და ასევე, გლდანის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში მან 44%-ზე მეტი მიიღო და „ქართული ოცნების" წარმომადგენელზე უკეთესი შედეგი აჩვენა.
უარი და „ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი“
უკვე ცნობილია, რომ ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს „სტრატეგია აღმაშენებელი“. გიორგი ვაშაძის პარტიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კონსულტაციებში ისინი არ მონაწილეობენ და ეს ხდება იმიტომ, რომ ნიკა მელიას მხარდაჭერა ისევ „ორპოლუსიანობის“ განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
„სტრატეგია აღმაშენებელს“ ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, ეყოლება თუ არა თავისი კანდიდატურა დედაქალაქის მერობის პოსტზე. პარტიის წარმომადგენელი, სერგო ჩიხლაძე გვეუბნება, რომ „მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე პარტიასთან“. ის არ ადასტურებს და არც უარყოფს რადიო თავისუფლების ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი ასეთი პარტიაა - „ლელო საქართველოსთვის“.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ 43% არ აიღოს ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“, რათა მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას... მერობის კანდიდატები თუ საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები ჩვენთვის მეორეხარისხოვანი საკითხია“ - გვეუბნება ჩიხლაძე.
„სტრატეგია აღმაშენებლისგან“ განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით მიმდინარე კონსულტაციებში ჩართულია „ლელო“, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„ჩვენთვის ამ არჩევნებისთვის პრიორიტეტულია არა ე.წ. მესამე ცენტრის შექმნა, არამედ ოპოზიციური ძალების კონსოლიდირება. განვიხილავთ რამდენიმე ვერსიას და შესაძლოა, ან საერთო კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, ან საერთოდ არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატი და ასეთი პოზიცია ავირჩიოთ. კვირის ბოლომდე გვექნება პასუხი. ბუნებრივია, გვაქვს კონსულტაციები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ - ის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა“ - უთხრა რადიო თავისუფლებას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძე მნიშვნელოვან პარალელურ პროცესად მიიჩნევს „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გახმაურებულ ინიციატივას - ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ. ამ ინიციატივას, რომელმაც „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის ლიდერებს შორის გარკვეული დაპირისპირებაც გამოიწვია, ჩიხრაძე პარლამენტში მიმდინარე პროცესს - ღარიბაშვილის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივას უკავშირებს.
თუმცა ამ პროცესს წარმატებას თითქმის არავინ უქადის. საქართველოს კონსტიტუციის 57-ე მუხლის თანახმად, პარლამენტში მთავრობის უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს მინუმუმ 50 დეპუტატს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ამ ინიციატივას 49 დეპუტატი უჭერს მხარს.
შესაძლებლობები
ექსპერტების ერთი ნაწილი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დედაქალაქის მერად კახა კალაძის კანდიდატურის დასახელების შემდეგ, ოპოზიციის ამოცანა გართულდა, რადგან კალაძე რეიტინგებში ლიდერობს. თუმცა იქვე აღინიშნება ისიც, რომ, მაგალითად, „ედისონ რისერჩის“ ბოლო გამოკითხვის შედეგებით, მას პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო მაჩვენებელი (50%-ზე მეტი) არა აქვს.
ტელეკომპანიის „ფორმულა“ დაკვეთით ივნისის ბოლოს გამოქვეყნებულ კვლევაში თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატებს შორის პროცენტები ასე გადანაწილდა:
- 32% - კახა კალაძე;
- 17% - ნიკა მელია;
- 15% - გიორგი გახარია;
- 18% - არცერთი;
- 18% - არვიცი/უარი პასუხზე.
უკვე ცნობილია, რომ თავად გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის არ იბრძოლებს და მის პარტიას - „საქართველოსთვის“ ჯერჯერობით არც სხვა კანდიდატი დაუსახელებია. მაისში ექსპრემიერმა თქვა, რომ პარტიას მასზე უკეთესი კანდიდატი ეყოლება.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატის ბედს თბილისში, მათ შორის, ისიც გადაწყვეტს, თუ ვის დაასახელებს მერის პოსტზე გახარიას პარტია.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) აპრილის კვლევით, გახარიას (65%) კალაძეზე (54%) მაღალი რეიტინგი ჰქონდა.
თუმცა „ედისონ რისერჩის“ ბოლო კვლევაში დასმულ შეკითხვაზე - დღეს, რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას ამ არჩევნის შემთხვევაში? - პასუხები ასე გადანაწილდა:
- 34% - გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი;
- 30% - „ქართული ოცნების" კანდიდატი;
- 13% - გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" კანდიდატი;
- 7% - არცერთი;
- 16% - არ ვიცი/უარი პასუხზე.
2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე, კახა კალაძემ 51.09%-ით პირველსავე ტურში გაიმარჯვა.
ძირითადი ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატებზე შეთანხმებასა და ძალების გაერთიანებას მთავარი მიზნისკენ სვლის შემადგენელ ნაწილად განიხილავენ.
მთავარი მიზანი კი მათთვის არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ ნაწილში (სადაც ყველა პარტია დამოუკიდებლად მოქმედებას გეგმავს) ვერ აიღოს 43%-ზე მეტი.
ოპოზიციის ნაწილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტის, „შარლ მიშელის შეთანხმების“ ტექსტში აღნიშნულია, რომ თუკი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების 43%-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, 2022 წელს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
შესაბამისად, მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიცია ერთგვარ რეფერენდუმად განიხილავს.