დამკვეთების გათვლა ასეთია - საბოლოო ჯამში, ან გაიზიარებთ ყალბი ანგარიშების „მოსაზრებებს”, ან საერთოდ აღარ გამოხატავთ თქვენს აზრს.
რას ფიქრობს მოსახლეობა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე? მედიის მუშაობაზე? პოზიციასა და ოპოზიციაზე? მისაღებია თუ არა მისთვის 5 ივლისს თბილისში მომხდარი ძალადობა? მართლა უნდა 95%-ს, რომ ქვიარ-ადამიანები სახლებში ისხდნენ, როგორც ამას ირაკლი ღარიბაშვილი გვიმტკიცებს?
ამ კითხვებზე დამაჯერებელ პასუხს, გინდ რადიო თავისუფლების, გინდა ნებისმიერი სხვა მედიების ფეისბუკკომენტარებში ძნელად თუ იპოვით. იშვიათად შეხვდებით დასაბუთებულ მოსაზრებებს, სამაგიეროდ, წაგლეკავთ სიძულვილი და აგრესია ყველას მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში რადიო თავისუფლების ფეისბუკგვერდზე 23-მა „არაკეთილსინდისიერმა” მოხმარებელმა დააკომენტარა. ყოველ შემთხვევაში, ამას მიჩვენებს 2-დღიანი მონიტორინგი. მისთვის გამოვიყენე ბრაუზერის გაფართოება „ვინ ვინ არის”, რომელიც შექმნილია ქართველი პროგრამისტების მიერ. ისინი ამბობენ, რომ პროგრამას შეუძლია გაარჩიოს ყალბი ანგარიშები ნამდვილისგან.
თუკი სწორად დავადგინე „ვინ ვინ არის”, მაშინ 1 დამკომენტარებელი ბოტია, ანუ პროგრამა, რომელიც ავტომატურად წერს, 19 კი ყალბი ანგარიში - ანუ მის უკან დგას ადამიანი, ან ადამიანების ჯგუფი, რომელიც მართავს ასევე სხვა ანგარიშებსაც. კიდევ ვიპოვე 2 „სახელისუფლებო ტროლი” და ერთიც „პარტაქტივი” - ანუ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანი. „მხილებულთა” პოზიცია, როგორც წესი, ჯდება რადიო თავისუფლების გამოხატვის სტანდარტში, თუმცა უმეტესად ხისტია. რადგანაც ზუსტად არ ვიცი, მართალი ვარ თუ არა, მათ ვინაობას მაინც დავფარავ. თვითონ კომენტარებს კი კონტექსტის გარეშე შემოგთავაზებთ. ეს ის კომენტარებია, რომელიც ჩვენი ფეისბუკადმინისტრატორის მოდერირებას გადაურჩა.
“დაფინანსებული მანქანა” ადამიანის ნაცვლად
ტროლები და ბოტები მხოლოდ რადიო თავისუფლებას არ უტევენ. განსაკუთრებით, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ. გამოცემების დირექტორები ამბობენ, რომ კოორდინირებულმა „შემოსევებმა” მედია ახალი რეალობის წინაშე დააყენა.
ამ ახალ რეალობაში სიძულვილის ენისა და ძალადობრივი მოწოდებების შეზღუდვა აღარ კმარა. ყალბი ანგარიშების შემქმნელებმა კომენტარების სექცია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის რომ ვეღარ გამოიყენონ, ამისთვის საჭიროა სწრაფი და ზუსტი ინსტრუმენტები. პრობლემაც სწორედ ისაა, რომ მსგავსი უნივერსალური ინსტრუმენტები დღეს არ არსებობს.
„ადამიანებს აღარ უჩნდებათ სურვილი, ჩაერთონ დისკუსიაში, იმიტომ, რომ იციან - იქით მხარეს ადამიანს კი აღარ ელაპარაკები… არამედ დაფინანსებულ მანქანას, რომელთან ლაპარაკსაც აზრი არ აქვს, ენერგიის ხარჯვაა უბრალოდ”, - მეუბნება გამოცემა ონ.ჯის დირექტორი, ანინა ტეფნაძე.
მისი თქმით, ტროლების და ბოტების აქტიურობა გათვლილია იმაზე, რომ გაუმრუდოს მკითხველს რეალობის აღქმა. ანინას მიაჩნია, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ყალბი ანგარიშების კომენტარები შედარებით უვნებელია. „მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად ჯერ არ ჩამოუყალიბებიათ პოზიცია, მათ მოსაზრებებს ხრიან ხოლმე უკიდურესობისკენ”.
ბრალდებები და აგრესია მედიისა და ქვიარ-თემის მიმართ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება - სწორედ ესაა ტროლების და ბოტების „საყვარელი” თემები ონ.ჯის ფეისბუკის გვერდზე ბოლო დღეებში.
საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობებს ხედავს გამოცემა „ინდიგოს” დირექტორი ნატა ძველიშვილიც.
„რატომ არსებობს კომენტარები? იმისთვის, რომ ადამიანებმა გაცვალონ მოსაზრებები, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, შეაფასონ, გააანალიზონ და ასე შემდეგ… აქ კი ვხედავთ იმას, რომ ეს ყალბი ანგარიშები მთლიანად ცვლიან საინფორმაციო და სადისკუსიო სივრცეს და, ამასთან, გარკვეული ინტერესის შესაბამისად, შემოაქვთ ახალი დისკურსი“.
მისი თქმით, ბოტებმა და ტროლებმა მიაღწიეს იმას, რომ ადამიანებისთვის რთული გახდა მოსაზრებების მიმოცვლა და გამოხატვა. ნაკლებად გვხვდება შეფასებები და ანალიზი. სამაგიეროდ, საზოგადოებრივი აზრი იცვლება იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც სურთ დამკვეთებს.
ფეისბუკი ყალბი ანგარიშების წაშლას ვერ აუდის. მაგალითად, 2019 წელს ადმინისტრაციამ წაშალა ქართული წარმოშობის 344 გვერდი, 39 ანგარიში, 13 ჯგუფი და 22 Instagram-პროფილი, რომელთა აუდიტორიაც ნახევარ მილიონს უტოლდებოდა... თუმცა „გველეშაპს” მუდმივად ახალი თავები ამოსდის და სოციალურ ქსელში ახალ-ახალი ტროლ-ბოტები ჩნდებიან.
მართლა ცვლის კომენტარები საზოგადოებრივ აზრს?
კი. ინტერნეტკულტურის განვითარების შემდეგ და, განსაკუთრებით, უკანასკნელ 10 წელიწადში, ამის დადასტურება შეძლო არაერთმა კვლევამ.
მაგალითად, ჯორჯიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 2019 წელს შეამოწმეს, თუ რამდენად ზემოქმედებს ნეგატიური კომენტარები მკითხველების დამოკიდებულებაზე ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ. როგორც აღმოჩნდა, ზემოქმედებს. თან ძალიან.
„კვლევა აჩვენებს, რომ ეს არის ძლიერი ზეგავლენის ინსტრუმენტი, რომელსაც არ ეთმობა იმდენივე ყურადღება, რამდენიც ყალბ ამბებსა და ტვიტებს, - ციტირებს ჯორჯიის უნივერსიტეტის ვებგვერდი კვლევის ავტორის, პროფესორ დევიდ კლემენტსონის სიტყვებს, - თუკი თქვენი მიზანია, მოახდინოთ ზეგავლენა მოსაზრებებზე, მაშინ კომენტარის დაპოსტვა იმაზე გაცილებით უფრო ეფექტიანი და იქნებ უფრო ზეგავლენის მომხდენიცაა, ვიდრე ვებგვერდის ან სოც. ქსელში ყალბი ანგარიშის შექმნა“.
კვლევის მონაწილეებს აჩვენეს მოდელირებული ინტერვიუ პოლიტიკოსთან. შემდეგ კი წააკითხეს კომენტარები, სადაც პოლიტიკოსს კითხვებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებდნენ, ჟურნალისტს კი არაობიექტურობაში.
სხვების აზრმა იმდენად იმოქმედა, რომ საკუთარი პოზიციის დაწერისას მათ გაიმეორეს ის შეხედულებები, რომელიც კომენტარებში ამოიკითხეს. კვლევამ ისიც დაადგინა, რომ მკითხველები უფრო ნეგატიურად პოლიტიკოსის მიმართ განეწყვნენ.
რატომ? ამის მიზეზი ცრურწმენები და წინასწარგანწყობები ხომ არაა? რთული სათქმელია, თუმცა 2018 წელს სამხრეთ კორეაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომენტარები ახალ ამბებზე სოც. ქსელებში კიდევ უფრო ამძაფრებს მკითხველების წინასწარგანწყობებს. იქამდე 4 წლით ადრე კი ასევე სამხრეთ კორეაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ არაცივილური დისკუსია სოციალურ ქსელებში ხელს უწყობს საზოგადოების პოლიტიკურ პოლარიზებას.
ბოტია-ადამიანი?
„ვინ ვინ არის” სწორედ მსგავს რისკებთან საბრძოლველად შეიქმნა. პროექტის წარმომადგენელმა, რომელსაც ფეისბუკით ვესაუბრე, მთხოვა, „თუ მაინცდამაინც რამე განსაკუთრებულს არ შემატებს ეგ სტატიას”, არც მისი და არც გუნდის სხვა წევრების ვინაობა არ გამემხილა. „ჩვენ მაინცდამაინც არ ვაფიშირებთ, მერე ტროლბოტების ბლოკვა გვიწევს პერსონალურ გვერდებზე”, - მწერს „ვინ ვინ არის” და მიკონკრეტებს, რომ ინიციატივაზე მხოლოდ 4 ადამიანი მუშაობს და მათთვის ეს ჰობია.
პროექტის წარმომადგენელი მიყვება, რომ ბოტების იდენტიფიცირება უფრო მარტივია, რადგან ისინი ერთნაირად იქცევიან, ტროლების ქცევაში კი მეტი ინდივიდუალურობა, მეტი სპონტანურობაა. ორივე შემთხვევაში, ვინაობის გადასამოწმებლად, ისინი იყენებენ ალგორითმს, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმს აკვირდება.
„მაგალითად, პროფილის ფოტო, პროფილის ფოტოს ატვირთვის დრო, ფაილის ზომა, ბოლო სტატუსი / განახლება, მეგობრების სია და ა.შ, ასეთი 40+ პარამეტრია რომლებსაც ინდივიდუალური "წონები" გააჩნიათ და ადგენენ ჯამურ ქულას. თუ დარეპორტებული ანგარიში 80 ქულას ასცდა, 95% - ყალბი / არაავთენტური ანგარიშია. ტროლებში false positive [უარყოფითი დადებითი შედეგი] სადღაც 4%-ია“, - მწერს მესენჯერში „ვინ ვინ არის”.
ამ გაფართოებას ტროლებსა და ბოტებთან ბრძოლაში იყენებს ონ.ჯიც. ანინა ტეფნაძის თქმით, არც ერთი ინსტრუმენტი და არც ერთი სტრატეგია ასი პროცენტით ეფექტიანი არ არის.
„ხანდახან ძალიან ცხადია, მაგალითად, ძალიან ცოტა მეგობრები ყავს, ახალი შექმნილი ექაუნთია და ვთქვათ, მარტო პოსტივის რაღაცები აქვს გაზიარებული, ან სამთავრობო და ვხედავ, რომ სურათიც ერთი უდევს, - ამბობს ანინა, - ამ შემთხვევაში, შეგიძლია დიდი დაზუსტებით თქვა... მაგრამ ზოგჯერ არ არის ეგეთი ცხადი და საჭიროა მაგისთვის ალბათ კოორდინაცია, გადამოწმება. სხვა მედიებთან როგორ იქცევიან. მაგის მიხედვით შეიძლება მიხვედრა”.
ასეც რომ არ იყოს, ანგარიშის გადამოწმება ძალიან შრომატევადია. მას სჭირდება დრო და ადამიანები. არადა, სწრაფად მოქმედება განსაკუთრებით კრიტიკულია მაშინ, როდესაც ბევრი კომენტარი ერთმანეთის მიყოლებით იპოსტება. ონ.ჯის დირექტორი ჰყვება, რომ თუკი ბოლომდე დარწმუნებული არაა, რომ კომენტარის ავტორი ტროლი ან ბოტია, არჩევანს გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ აკეთებს. მისი აზრით, ამ ბრძოლაში მედია დგება დიდი რისკის წინაშე - შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება მათ, ვისი აზრიც უბრალოდ გულზე არ ეხატება.
გამოსავლის ძიებაში
ბოლო დღეებში, სამოქალაქო აქტივისტებმა მედიასაშუალებებს შესთავაზეს, ჩაერთონ მათი ფეისბუკგვერდების მართვაში და დაეხმარონ ტროლ-ბოტების დაბლოკვაში. ანინა ტეფნაძე ამბობს, რომ სანამ ყველა არ შეთანხმდება დაბლოკვის საერთო კრიტერიუმებზე, მსგავს შემოთავაზებებს სიფრთხილით მოეკიდება.
„ქართული ოცნების მხარდამჭერებს აქვთ უფლება, ცხადია, თუნდაც „ცუდი”, მაგრამ არა შეურაცხმყოფელი ფორმით, აზრი გამოთქვან რაღაცაზე. თუნდაც ხისტად, თუნდაც ის დაწერონ, რომ, ვთქვათ, ლექსო ლაშქარავა ზედოზირებით დაიღუპა. შეიძლება ასეთი რაღაც, ვიღაცისთვის, ვისაც მძაფრი შეგრძნებები აქვს ამ საკითხზე, მიუღებელი იყოს, და მიბლოკოს [კომენტარის ავტორი] და შენ ვერასდროს ვერ გადაამოწმებ, როგორც რედაქტორი, რამდენად სწორად მოხდა ეგ”.
კიდევ ერთი გამოსავალი, რომელსაც რედაქციამ შეიძლება მიმართოს, პოსტებზე კომენტარების შეზღუდვაა. ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ მართალია, ქართული მედია დღეს ძალიან დამოკიდებულია ფეისბუკზე, თუმცა ზოგ შემთხვევაში სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩება.
„მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გააკეთო ისეთ მასალებზე, როდესაც შენ მოლოდინი გაქვს, რომ აქ რაღაც ისეთი გამოხმაურებები მოჰყვება, რაც სიძულვილის ენის გასავრცელებლად და დისკრედიტაციისთვის იქნება გამოყენებული. ვიცით წინასწარ, ასეთი რა თემები შეიძლება აღმოჩნდეს”, - ამბობს იგი.
მედიასაშუალებები კომენტარებს მხოლოდ ფეისბუკზე არ ხურავენ. როიტერსმა, გარდიანმა და VICE-მა რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტეს, საკუთარ ვებგვერდებზე კომენტარების ფუნქცია გაეთიშათ. VICE-მა მკითხველებს საგანგებო წერილითაც კი მიმართა. გამოცემამ მიზეზი განმარტა - აზრთა მიმოცვლის სანაცვლოდ, მომხმარებლები იყენებენ კომენტარებს მუქარისთვის და სიძულვილის ტირაჟირებისთვის.
„აღარ გვაქ იმის არც დრო და არც სურვილი, რომ თვალყური მივადევნოთ ამ მძღნერის ბუყბუყს“, - წერს VICE-ი.