Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკი შევიდა - ბავშვებისთვის აქცია გაიმართება თბილისში


საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამი კვირაა ერთი სოციალური მუშაკი გეგმიურ ვიზიტებს ახორციელებს - ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში ადასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

სოციალური მუშაკი ამ დაწესებულებაში თითქმის ერთი წელია არ ყოფილა, 2020 წლის ივნისის შემდეგ. სააგენტოში ამბობენ პანდემიის გამო სატელეფონო კომუნიკაცია არსებობდა სოციალურ მუშაკებსა და პანსიონს შორის.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, სოციალური მუშაკი პანსიონში ბავშვებთან პირისპირ შეხვედრებს და ინტერვიუებს ატარებს იმისათვის, რომ შეისწავლოს არასწულწლოვანთა კეთილდღეობის რისკები და გამოკვეთოს საჭიროებები. სააგენტო ამბობს, რომ ვიზიტები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და სოციალური მუშაკი აქტიურად თანამშრომლობს სკოლის ადმინისტრაციასთანაც.

იურისტი ანა აბაშიძე ამბობს, რომ ერთი სოციალური მუშაკის შესვლა პანსიონში მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის და პრინციპულად მნიშვნელოვანია იქ სახალხო დამცველის წარმომადგენლების შესვლა. ანა აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ არასოდეს ამ სახლის არსებობის განმავლობაში არც ერთ სოციალურ მუშაკს არ დაუწერია კრიტიკული შეფასება ან გაუკეთებია საჯარო განცხადება იმ მდგომარეობის შესახებ.

“სოციალური მუშაკი არ არის მონიტორინგის ორგანო. სოციალური მუშაკი კონკრეტული ბავშვის საჭიროებებს სწავლობს და ამ საჭიროებების მიხედვით მოქმედებს. მონიტორინგის ორგანო ჯანდაცვის სამინისტროს ჰყავს სრულიად სხვა - რეგულირების სააგენტო, რომელსაც აქვს უფლებამოსილება შეამოწმოს, რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის უწყება დადგენილ სტანდარტებს. ჩვენ არ გაგვიგია, რომ რეგულირების სააგენტო თავისი მონიტორინგის მისიით შესულიყო ახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაეროს მითითებებს არ ასრულებენ” - უთხრა რადიო თავისუფლებას ანა აბაშიძემ. ის თვლის, რომ რეგულირების სააგენტოს პირდაპირი მოვალეობაა, სახალხო დამცველის პანსიონში არშეშვების შემდეგ შეემოწმებინა პანსიონი.

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა უფლებების მონიტორინგისთვის უკვე არაერთი კვირაა სახალხო დამცველს არ უშვებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება გაერომ სახელმწიფო დაავალდებულა. სასულიერო პირები პირადად სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას და ომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ შეურაცხმყოფელ და დამაკნინებელ განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ მისი პანსიონში არშეშვება ბავშვების მისგან დაცვით აიხსნება.

სხალთის მთავარეპისკოპისი, მეუფე სპირიდონი, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პანსიონი, ამბობს, "ომბუდსმენის წარმომადგენლების ხალხის ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ ოჯახში შეშვებაც არ შეიძლება".

"წაბილწავენ იქაურობას...მე რომ მკითხოს კაცმა, მაგათ ფეხქვეშ საქართველოში მიწა უნდა იწვოდეს და საქართველოში არ უნდა იყვნენ საერთოდ. ასეთი უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი" ამბობს ეპისკოპოსი.

“ის ღირებულებები, რომელსაც ომბუდსმენი და მისი წარმომადგენელი ატარებენ, მათი ბავშვებთან შეშვება არ შეიძლება, ასე ამბობს მეუფე. გარკვეულწილად მე მას ამ საკითხში ვეთანხმები.

ომბუდსმენის მონიტორინგი არ არის აუცილებლობა. სახელმწიფო ორგანოები არსებობენ, რომელთა შეშვებაც ხდება და მონიტორინგიც. ომბუდსმენი, როგორც თვითონ პიროვნება და ზოგადად, რასაც თვითონ ახორციელებს, არის პოლიტიკური, იდეოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც იცავს შერჩევით. არა ყველა ადამიანის უფლებას, არამედ შერჩევით იცავს ადამიანის უფლებებს, როგორც თავად აწყობს”, – ამბობს ცაგერისა და ჭყონდიდის ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი. მას ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირები უსამართლო მართვაში, განსხვავებული აზრის დევნასა და რეპრესიების გატარების მცდელობებში ადანაშულებენ.

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

მიმდინარე წლის 16 აპრილს სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებში მყოფი “ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში” ომბუდსმენის წარმომადგენლები არ შეუშვეს.

პანსიონატთან დაკავშირებით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა. აღნიშნული საჩივარი არაერთ პრობლემურ საკთხს მოიცავს და მისი განხილვა, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. სანამ დავა დასრულდება, გაერომ საქართველოს ხელისუფლებას დროებითი ღონისძიების სახით, პანსიონატის მონიტორინგის უზრუნველყოფა დაავალა.

“მიზანი არის გავიგოთ რა ხდება შიგნით, როგორია ბავშვების მდგომარეობა, როგორ ეპყრობიან მათ, როგორია აღზრდის მეთოდები - ამაზე პასუხის გაცემა მხოლოდ სახალხო დამცველს შეუძლია” - ამბობს ანა აბაშიძე, წარმომადგენელი ორგანიზაციისა “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.”

დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებისთვის მოქალაქეებიც და საქართველოს მთავრობას მოთხოვენ აიღოს პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს სახალხო დამცველის შესვლა პანსიონში.

“სამწუხაროდ, სახელმწიფო ამ დრომდე არ დგამს არანაირ ქმედით ნაბიჯს, მისივე ზრუნვის ქვეშ მყოფი, 57 არასრულწლოვანის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად. ჩვენ დღემდე არ ვიცით რა მგდომარეობაში არიან ბავშვები. არის საფუძვლიანი ეჭვი, სახალხო დამცველის ბოლო მონიტორინგზე დაყრდნობით, რომ ბავშვები განიცდიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჩაგვრას” - ვკითხულობთ დაგეგმილი აქციის ანონსში.

იმ დროის მონაკვეთში, როცა სახალხო დამცველმა საჯაროდ თქვა, რომ მათ ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებდნენ და გაერომ სახელმწიფო დაავალდებულა ეზრუნა ბავშვთა უფლებების დაცვისთვის, ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე სიუჟეტი მოამზადა საპატრიაქოს ტელევიზიამ, რომელიც იმის მტკიცებას ისახავდა მიზნად, რომ სასულიერო პირების მეურვეობის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობა და პირობები კარგია. ნინოწმიდის პანსიონმა კარი გაუხსნა ულტრამემარჯვენე და პრორურულ აქტორებსაც - დიმიტრი ლორთქიფანიძე და გურამ ფალავანდიშვილი ვაჟით ესწრებოდნენ აღდგომის დღესასწაულის კვირაში პანსიონში ბავშვების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას და ფეისბუქ ჩართვის საშუალებით გადმოსცემდნენ კონცერტს.

რელიგიური სკოლა-პანსიონები კონტროლს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:25:43 0:00

XS
SM
MD
LG