Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ და ვისთვის მკაცრდება კანონი - პარლამენტი ცვლილებებს გეგმავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში


წვრილმანი ხულიგნობისა და  სამართალდამცავის მიმართ დაუმორჩილებლობის ან შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა გამკაცრდეს - საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე გაიტანეს, წინ საკომიტეტო მოსმენებია.

კოდექსის ორი მუხლი, რომელსაც ცვლილებები შეეხება, ყველაზე ხშირად გვხვდება აქტივისტების და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირებისთვის წაყენებულ ბრალში. იურისტები ფიქრობენ, რომ კანონის გამკაცრებაც მათ წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია და მოსალოდნელ ცვლილებებს დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად თვლიან.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი ქართული ოცნების დეპუტატებმა მოამზადეს და ამ ცვლილებებით მკაცრდება სასჯელი კოდექსით გათვალისწინებული 166-ე და 173-ე მუხლის დარღვევის შემთხვევებში.

წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის დაუმორჩილებლობის განმეორებით ჩადენისას ჯარიმის ოდენობა მკვეთრად იზრდება და თუკი წვრილმანი ხულიგნობა (166-ე მუხლი) პირველ ჯერზე 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობის ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გულისხმობდა, განმეორებით შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 1500-დან 2000 ლარამდე განისაზღვრება, პატიმრობის ვადა კი 7-დან 15 დღემდე შეიძლება იყოს.

სამართალდამცველის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში (173-ე მუხლი) ჯარიმა 1000-დან 4 000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებდა, ცვლილების შემდეგ კანონს დაემატება ჩანაწერი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გაზრდილი სასჯელის შესახებ. ცვლილებების შემდეგ პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის პირველ ჯერზე 2 000-დან 3 000 ლარამდე იქნება ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში კი 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე გაიზრდება. ამ მუხლის შემთხვევაშიც სასჯელის ზომად შეიძლება განისაზღვროს 10-დან 15 დღემდე პატიმრობა. მოქმედ ვერსიაში პატიმრობის ვადა 15 დღემდე ვადით არის განსაზღვრული, რაც საშუალებას იძლევა, მოსამართლემ 10 დღეზე ნაკლები ვადით განსაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

"ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მოსამართლე გაითვალისწინებს სამართალდამრღვევის პიროვნებას, დარღვევის ხასიათსა და საშიშროების ხარისხს" - წერია საკანონმდებლო ინიციატივაში.

პროექტის განმარტებით ბარათში ახსნილია ამ ცვლილების მიზანი და მიზეზი.

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაწესებული ზემოაღნიშნული სახდელების მიუხედავად, მზარდია 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევები. 2020 წელს, იმის გათვალისწინებით, რომ Covid-19-ის მასობრივი გავრცელების გამო მოქალაქეთა საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნა შემცირებული იყო, ზემოაღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენის მაჩვენებელი მაღალია.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ამჟამად მოქმედი სახდელის ზომა ვერ უზრუნველყოფს ამ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას. აღნიშნული სამართალდარღვევები ხელყოფენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მმართველობის წესს. აღნიშნული სამართალდარღვევები თავიანთი ხასიათითა და ბუნებით მომეტებული საშიშროების შემცველ სამართალდარღვევებს წარმოადგენენ, შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა შექმნას უფრო ეფექტიანი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ამ სამართალდარღვევების ჩადენის პრევენციას მოახდენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამჟამად მოქმედი 166-ე და 173-ე მუხლები მხოლოდ ერთი ნაწილისგან შედგება. შესაბამისად, ამჟამად ერთნაირი ზომის სახდელებია გათვალისწინებული იმ პირისთვის, ვინც ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ერთხელ ჩაიდინა და იმ პირისთვის, ვინც აღნიშნულ სამართალდარღვევებს სისტემატურად, არაერთხელ სჩადის. ვინაიდან ამ სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენა დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს და ამ სამართალდარღვევების განმეორებით ჩამდენი პირი უფრო მეტ საფრთხეს ქმნის საზოგადოებრივი წესრიგისა და მმართველობის დადგენილი წესის დარღვევის თვალსაზრისით, ვიდრე ის პირი, ვინც აღნიშნულ სამართალდარღვევებს ერთხელ სჩადის, მიზანშეწონილია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს დაემატოს მე-2 ნაწილი, რომელიც ამ სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენისთვის პროპორციულ სახდელის ზომებს გაითვალისწინებს” - ვკითხულობთ საკანონმდებლო ცვლილების განმატებით ბარათში.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები მიიჩნევენ, რომ “ზემოხსენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სიმძიმიდან გამომდინარე, პროპორციული პასუხისმგებლობის დროულად დადგენის საჭიროების გამო მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით.” არასამთავრობო სექტორი, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის მცდელობისას ამ საკანონმდებლო ცვლილებას ხისტ ნაბიჯად აფასებს, ცვლილებების დაჩქარებულად მიღების პროცესს პრობლემურს უწოდებს იქიდან გამომდინარე, რომ მათ ერთმევათ საშუალება, ჩაერთონ პროცესში და თუნდაც საკუთარი კრიტიკული მოსაზრებები წარადგინონ განსახილველად პარლამენტში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი 166-ე და 173-ე მუხლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ყველაზე პრობლემურ მუხლებად მიიჩნევს და იხსენებს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ერთხელ უკვე გაზარდა ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების შემთხვევაში გათვალისწინებული ჯარიმები 2018 წელს და სანქციების გამკაცრებამ მსუსხავი ეფექტიც იქონია, მისი შეფასებით, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებისას. ედუარდ მარიკაშვილი თვლის, რომ დღეს უკვე მოქმედი სანქციები აღარ ყოფნის ხელისუფლებას პროტესტის ჩასახშობად და საკანონმდებლო ცვლილებები ამით არის განპირობებული.

“2018 წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობამ ინიცირება გაუკეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებებს და ყველაზე პრობლემურ 166-ე და 173-ე მუხლებში ჯარიმების ოდენობა შესაბამისად (1) 100-დან 500-დან 1000 ლარამდე და (2) 250-2000 ლარიდან 2000-4000 ლარამდე გაზრდა შესთავაზა, რაც პარლამენტმა იმავე წლის 18 მაისს მიიღო. იმთავითვე ცხადი იყო, რომ სანქციების გამკაცრება მსუსხავ ეფექტს იქონიებდა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ იყო მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან” - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

აკანონმდებლო ცვლილებებს პრობლემურად მიიჩნევენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც, რომელიც წლებია აკვირდება, როგორ გამოიყენება ეს ორი მუხლი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად და აქტივისტების დასასჯელად.

“გაზრდილი სანქცია რა თქმა უნდა, შეკრების უფლებაზეც აისახება იქიდან გამომდინარე, რომ ეს მუხლები ხშირად არის გამოყენებული შეკრების უფლებით მოსარგებლე პირების წინააღმდეგ. შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად 20-21 ივნისის მოვლენები, როცა ასობით ადამიანი ამ მუხლებით გასამართლდა, ან ახლა ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეები, რომლებსაც ისევ ამ მუხლებით აკავებენ და სხვა არაერთი აქცია - ეს არის ჩვეული პრაქტიკა, რომელსაც პოლიცია წლების განმავლობაში იყენებს.

ზოგადად ეს კოდექსი არის პრობლემური, მისი გაუქმება წლებია დღის წესრიგში დგას, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიხილოთ ამ კანონმდებლობის რეფორმა, ვხედავთ როგორ უარესდება კანონმდებლობა” - ამბობს ორგანიზაციის იურისტი, ნონა ქურდოვანიძე. ის გაუმართლებლად მიიჩნევს არა მხოლოდ ჯარიმის ოდენობის გაზრდას საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, არამედ იმასაც, რომ ამ ცვლილებებით დაკონკრეტებულია პატიმრობის დღეები რაც ნიშნავს იმას, რომ 7 და 10 დღეზე ნაკლები პატიმრობა განმეორებით დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოსამართლეს აღარ შეუძლია განიხილოს სასჯელის ფორმად, თუკი მანამდე კანონში არსებული ჩანაწერი “15 დღემდე პატიმრობა” იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სასჯელად ყოფილიყო ერთი, ორი ან მაგალითად 4 დღიანი პატიმრობის ვადა გამოყენებული.

კანონპროექტის ავტორი ანრი ოხანაშვილია, კანონპროექტის ინიციატორები დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი არიან.

XS
SM
MD
LG