Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას პარტია მოდის, "ოცნების" დეპუტატები მიდიან


14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარია ახალი პარტიის მშენებლობაზე აქტიურად მუშაობს და მხარდამჭერებსაც იკრებს. ყოფილი პრემიერის გეგმების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ის დეპუტატები ლაპარაკობენ, რომლებიც 14 აპრილს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას გამოეთიშნენ.

მმართველი პარტია მე-10 მოწვევის პარლამენტში 84 დეპუტატით რჩება.

  • რას ცვლის ახალი მოცემულობა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში?
  • კიდევ რა არის მოსალოდნელი „ქართული ოცნების“ რიგებში?
  • შეუძლიათ თუ არა გახარიას მხარდამჭერებს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად საჭირო გარემოს შექმნა?
  • რას შეცვლის გახარიას პარტიის გამოჩენა დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში?

ვინ მოდის და ვინ მიდის?

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 18 თებერვალს გადადგა; 22 მარტს მან თქვა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არსად აპირებს; 14 აპრილს კი "ოცნების" ყოფილ პრემიერს, რომელიც 2020 წლის არჩევნებში პარტიული სიის პირველი ნომერი იყო, ახალი პარტიის შენებაში „ქართული ოცნების“ დეპუტატები შეუერთდნენ.

ისინი ამ ეტაპზე ექვსნი არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე და მიხეილ დაუშვილი.

თუკი სოციალურ ქსელებში გაჩაღებული დისკუსიით ვიმსჯელებთ, საზოგადოების ერთი, არცთუ მცირე ნაწილი, ამ დეპუტატებს აქამდე საერთოდ არ იცნობდა და მათი გვარებიც პირველად სწორედ 14 აპრილს გაიგო.

რადგან თავად გახარიას ჯერ არაფერი უთქვამს, მისი პარტიის სამომავლო გეგმებითა და მიზნებით დაინტერესებულები მინიშნებებს, 14 აპრილს, „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილი დეპუტატების განმარტებებში ეძებდნენ. პარლამენტში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გიორგი გახარიას აწ უკვე ღიად დეკლარირებულმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ:

  • იწყება გიორგი გახარიას პარტიის მშენებლობის ახალი, აქტიური ფაზა;
  • პარტიის მთავარი ამოცანაა - „რადიკალიზაციის“ შემცირება და გამკლავება ისეთ პრობლემებთან, როგორიც არის: „პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე“;
  • პარტია ემზადება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში - „იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა არჩევნები“;
  • „ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომაა რადიკალიზაცია - „საქართველოს მოქალაქეებს „არ აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნებისა თუ მოპოვებისათვის გაჩაღებული პოლიტიკური დოღი“;
  • რადიკალიზაციის პირობებში, „ქართული ოცნების“, როგორც „ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებსა და მიზნებს“;
  • საქართველოს სჭირდება დაპირისპირების დასრულება და „ახალი დღის წესრიგი“;
  • ქვეყენას სჭირდება „სახელმწიფოს მშენებლობის ახალ ეტაპზე გადასვლა“;
  • პარტია მოუსმენს მოქალაქეების მოთხოვნებს - „მათთან აქტიური კომუნუკაცია უნდა გვქონდეს და უნდა გადავდგათ შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები“.

„ოცნებიდან“ წასული 6 დეპუტატატი იმედოვნებს, რომ მათ სხვა მხარდამჭერებიც გამოუჩნდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტიის რიგები შესაძლოა სხვებმაც დატოვონ. „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ გახარიასკენ დეპუტატების გადინება დასრულებულია.

ამ ეტაპზე ასე ფიქრობს „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი, დავით ზილფიმიანიც, რომლის აზრითაც, „სხვა წამსვლელები თავიანთ განაცხადს დღესვე გააკეთებდნენ“. თუმცა დეპუტატი ჩვენთან საუბრისას არც იმას გამორიცხავს, რომ უმრავლესობა მომავალში შესაძლოა კახა კალაძის მხარდამჭერებმაც დატოვონ და ეს იმ შემთხვევაში - თუკი დედაქალაქის მერს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკურ გეგმებთან რაიმე კავშირი აქვს - „ახლა არის მაგ სეგმენტში კალაძის სეგმენტი? არ ვიცი, გაუგებარია“.

გახარიას შესაძლებლობები და „ერთი სიკეთე“

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი ანგარიშგასაწევ ძალად ვერ იქცევა. უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის „ქართულ ოცნების“ ალტერნატივა არ არსებობს და ეს, მისთვის, 31 ოქტომბრის არჩევნებმაც დაადასტურა.

ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილის შეფასებით, გახარიას პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს, პირველ რიგში, სწორედ „ქართულ ოცნებას“ წაართმევს და შემდეგ უკვე ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის სეგმენტის ათვისებასაც შეეცდება. ამასთან, მათი აზრით, ეს მოხდება ორივე შემთხვევაში, მიუხედავად იმისა - გიორგი გახარია დამოუკიდებლად თამაშობს თუ ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული.

„ქართულ ოცნებაში“ არ აღელვებთ IRI-ის ბოლო კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგითა (65%) და ყველაზე დაბალი უარყოფითი მაჩვენებლით (30%) გიორგი გახარია ლიდერობს. მმართველ პარტიაში გაკეთდა განცხადებები, რომ კვლევის ჩატარების პერიოდი დიდწილად გახარიას პრემერ-მინისტრობას ემთხვეოდა და მის რეიტინგს პარტიის რეიტინგიც წაეხმარა.

მართალია, გარკვეულ განაწყენებას ავლენს, გიორგი გახარიას „ყველაზე საჭირო“ დროს წასვლას საყვედურობს და საკუთარი პასუხისმგებლობის სხვებზე დაკისრებას „სირცხვილს“ უწოდებს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 14 აპრილს ისიც თქვა, რომ „ამ ვითარებაში უფრო მეტი სანერვიულო“ ექნება ოპოზიციას, რომელმაც „ქუჩა აირჩია“ და „როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა“.

„ქართული ოცნების“ 6 დეპუტატის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა, როგორც თავად გვეუბნება, „გაოცებული“ დატოვა „ევროპელი სოციალისტი“ დავით ზილფიმიანი. „ვერ გავიგე, ახლა ოპონირება თავიანთ ნამოქმედარს უნდა გაუწიონ?!“ - შეკითხვას სვამს ის, მაგრამ ჩვენთან საუბარში საკითხის დადებით მხარეზეც ლაპარაკობს:

„ერთი სიკეთე კი იქნება დასავლეთის თვალში, რომ ასეა თუ ისეა, პარლამენტს კიდევ ერთი პარტია დაემატება და ოთხი პარტია იქნება პარლამენტში... ამერიკელმა და ევროპელმა ჩვენმა კოლეგებმა გამოთქვეს ასეთი მოსაზრება, რომ - შესაძლოაო, საქართველოს დახმარება შეუფერხდესო... ამას გარეთ მყოფი ოპოზიცია საკუთარ გამარჯვებად ზეიმობდა... ეს უნდა დამთავრდეს ... ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ ვეძებ რაღაცას ამ ახალი პარტიის შექმნაში და პარლამენტში დამატებაში“ - გვეუბნება დავით ზილფიმიანი.

პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესში ჩართულმა საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ხალხის მიერ არჩეული პარტიების პარლამენტში შესვლის გარეშე, მე-10 მოწვევის პარლამენტის მუშაობა ვერ იქნება სრულფასოვანი და ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ამჟამად არსებულ გამოწვევებს. ექსპერტებს ეეჭვებათ, რომ შიდა საპარლამენტო გადაადგილებებმა საერთაშორისო პარტნიორების თვალში ეს პრობლემა მოხსნას.

ოპოზიციაში თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ გიორგი გახარიას ახალი პარტია ბიძინა ივანიშვილის პროექტია და „ქართული ოცნების“ ჩამნაცვლებელ ძალად არის ჩაფიქრებული.

„გვახსოვს ივანიშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საჭირო გახდებოდა, ის თავად შექმნიდა ოპოზიციას და დღეს ვხედავთ, რომ გახარიას გამოყენებით ის ქმნის სწორედ მისთვის ნანატრ ოპოზიციას“ - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, გახარიას პოლიტიკურ სარბიელზე დამკვიდრება ძალიან გაუჭირდება, თუკი ის არ გასცემს პასუხს საზოგადოებისთვის საინტერესო მთავარ შეკითხვებს 20 ივნისის სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, გახარია დამოუკიდებელ მოთამაშედ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუკი ის შეძლებს 20 ივნისის მოვლენების გამო სისტემა ამხილოს.

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა 14 აპრილს ამ თემაზე ზედაპირულად ისაუბრეს. თქვეს, რომ იყო შეცდომები, მათ შორის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც და ახალი პარტია სწორედ შეცდომების გათვალისწინებითა და პასუხისმგებლობის ტვირთით იწყებს მოქმედებას. თუმცა მთავარ შეცდომად მაინც „რადიკალიზაცია“ დაასახელეს.

უკვე რაც შეიცვალა

6 დეპუტატის გასვლით, „ქართული ოცნების“ 90-წევრიან უმრავლესობაში 84 დეპუტატი რჩება.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე გვიხსნის, რომ ამ ეტაპზე მმართველმა გუნდმა უკვე დაკარგა, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დამოუკიდებლად დამტკიცების შესაძლებლობა, რასაც 90 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან ერთის ვაკანსია უკვე არის და მოსალოდნელია კიდევ 4 ვაკანსია ივნისის ბოლოსთვის... „ქართული ოცნების“ უმრავლესობის გარეთ არის ამ ეტაპისთვის 12 დეპუტატი და მათ მოქმედებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული - ეტყვიან თუ არა ისინი „ქართულ ოცნებას“, რომ მათ სურთ არა სასამართლოს კლანის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანების დამტკიცება, არამედ უნდათ დამოუკიდებელი პირების დანიშვნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს იქნება ტესტი ყველასთვის, რადგან 5 წევრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1/3-ს შეადგენს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია“ - გვეუბნება ვახუშტი მენაბდე.

ასევე 90 დეპუტატის ხმას მოითხოვს, მაგალითად, სახალხო დამცველისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების დამტკიცება, თუმცა ამ მხრივ ვაკანსიები ამ ეტაპზე არ არის.

რიგგარეშე არჩევნების შანსები

მმართველ გუნდში ასეთ ალბათობას გამორიცხავენ, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა დაიშლება იმ შემთხვევაში, თუკი დარჩენილ 84-ს კიდევ 9 დეპუტატი გამოაკლდება და „ოცნებას“ აღარ ეყოლება უმრავლესობის ფორმირებისთვის აუცილებელი მინიმუმ 76 დეპუტატი.

გახდება თუ არა ასეთი მოცემულობა ავტომატურად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი? „არა“ - ასეთია ვახუშტი მენაბდის მოკლე პასუხი.

როგორც კონსტიტუციონალისტი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობები პირდაპირ არის მიბმული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან. ეს შეიძლება მოხდეს:

  • თუკი პრემიერი გადადგება, ანდა, მაგალითად, იმპიჩმენტის წესით შეუწყდება უფლებამოსილება, ხოლო ახალი მთავრობა ვერ დამტკიცდება;
  • თუკი პრემიერი თავად მოინდომებს ნდობის ხელახალ დადასტურებას პარლამენტისგან და ვერც ხელახალ ნდობას მიიღებს და ვერც ახალი მთავრობა დამტკიცდება.

„ოპოზიციის ხელში ეს პროცესი მხოლოდ იმპიჩმენტის შემთხვევაშია - თუკი პრემიერს გადააყენებენ და ახლის არჩევა ვეღარ მოხდება. ეს შექმნის სამთავრობო კრიზისს, მაგრამ ეს ძალიან რთული გზაა“ - გვეუბნება ვახუშტი მენაბდე.

რადგან კანონების ძირითადი ნაწილის დამტკიცებას მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება, უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში, ეს პროცესი გართულდება - თითოეული კანონის დამტკიცებისას უნდა მოხდეს მინიმუმ 76 მხარდამჭერების შეგროვება. გარდა ამისა, ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ უმრავლესობის დაშლა თავისთავად „ძალიან მძიმე ამბავი“ იქნება „ქართული ოცნებისთვის“, მით უფრო, თუკი ეს ახალი მოწვევის პარლამენტის ვადის არა მიწურულს, არამედ პირველსავე წელს მოხდება.

გიორგი გახარიას თანაგუნდელები პარლამენტში ცალკე ფრაქციას ვერ შექმნიან.

საქართველოს რეგლამენტის თანახმად - „ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია“ და შესაბამისად, „ქართული ოცნებისგან“ გამიჯნული დეპუტატები ამას ვერ მოახერხებენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG