Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაციის #3 რაუნდის მოლოდინში - კრიზისი გრძელდება


ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე დიალოგის ორი უშედეგო რაუნდის შემდეგ, საქართველოში არაფერი შეცვლილა - პოლიტიკური გარემო კვლავ დაძაბულია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის შესაძლო გათავისუფლებას ოპოზიცია კრიზისის განმუხტვის გზად და შეთანხმების მიღწევის წინაპირობად განიხილავდა. მელია საპატიმროში რჩება. 

საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი და, დაუზუსტებელი ინფორმაციით, თბილისს შესაძლოა მისი სხვა ევროპელი კოლეგებიც ესტუმრონ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებს ბოლო პერიოდში აქტიური კონსულტაციები აქვთ პოლიტიკურ ძალებთან, მაგრამ არა ყველასთან. ევროკავშირიდან და აშშ-დან წამოსული მკაცრი კრიტიკის ფონზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში გაემგზავრა და იქიდან ბრიუსელში აპირებს ჩასვლას.

განმუხტვა შესაძლებელი იყო

დიდი იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ, თუკი ნიკა მელია გათავისუფლდებოდა, ოპოზიციონერი ლიდერები ამ ფაქტს ჩათვლიდნენ „ქართული ოცნების“ ნებად - მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში გაგრძელებულიყო მოლაპარაკებები და შეთანხმების გზების ძიებაც. ნიკა მელიას წინასწარ პატიმრობაში დატოვება ოპოზიციამ ხელისუფლებისგან წამოსულ საპირისპირო სიგნალად აღიქვა.

„გასაგებია ყველაფერი, ამით მივიღეთ ხელისუფლების გზავნილი. მან გვითხრა - არ ვაპირებ არცერთი ნაბიჯის გადადგმას იქით, რომ მოხდეს ვითარების განმუხტვა და დავიწყოთ საუბარი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე... ვიდრე პოლიტპატიმრები ციხეში იქნებიან, შეთანხმებაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა 13 აპრილს, ნიკა მელიას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა.

მელიამ სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ თქვა უარი ევროკავშირის მედიაციით მომზადებულ საბოლოო დოკუმენტში ასახულ ერთ-ერთ პუნქტზე, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საყოველთაო ამნისტიას გულისხმობდა - ეს კომპრომისი ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ არ იქნება“. დოკუმენტში ნახსენებ ამნისტიას „ქართული ოცნება“ სწორედ ნიკა მელიას გათავისუფლების პერსპექტივას უკავშირებდა, თუმცა ერთი დათქმით - თუკი ის გირაოს გადაიხდიდა. მელია არათუ გირაოს გადახდას, არამედ ამნისტიის იდეასაც ეწინააღმდეგება.

„ქართულ ოცნებაში“ დღესაც იმეორებდნენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებთან მათ არანაირი კავშირი არა აქვთ და გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელიას კვლავაც აქვს შესაძლებლობა, დატოვოს საკანი. „ნიკა მელია და ოპოზიცია ამ საკითხით ვაჭრობს. გასაღები არის მის ხელში, რომ საკნიდან გამოვიდეს. მაგრამ ამას იყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებაში შეინარჩუნოს გარკვეული დაძაბულობა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „პროკურატურის პოზიციაა, რომ შუამდგომლობით შეუძლია მიმართოს სასამართლოს, თუკი ნიკა მელია აღასრულებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნა მიღებული (გადაიხდის გირაოს)“.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ 13 აპრილს, მელიას პატიმრობაში დატოვებით, პროკურატურამ და სასამართლომ პრაქტიკულად უარი თქვეს იმ „უსაფუძვლო პირობაზეც“ კი, რომ, თითქოს, გირაოს გადახდა კვლავაც დგას დღის წესრიგში.

„არავითარი გირაო არ არსებობდა. იტყუებოდნენ. უნდოდათ დაპატიმრება, რადგან პარლამენტში არ შევიდა ოპოზიცია და ახლაც ეს ამბავი გრძელდება. გრძელდება ვაჭრობა“, - განაცხადა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ, რომელმაც ახლახან დატოვა „ევროპული საქართველოს“ რიგები.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მუშაობას ორი მიმართულებით გააგრძელებენ: მზადება 15 მაისის საპროტესტო აქციისთვის და აქტიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან. ასეთივეა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის გეგმა.

გრძელდება დიალოგი?

სანამ ტექსტში არ ჩამოყალიბებდა ოპოზიციის ორი მთავარი მოთხოვნის - „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა“ და „ვადამდელი არჩევნების დანიშვნის“ მიღწევის გზები – ოპოზიციონერი ლიდერები არ აპირებენ, დაეთანხმონ კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებულ 5-პუნქტიან დოკუმენტს, რომლის ხელმოწერაზეც მათ უარი განაცხადეს 30 მარტს, მეორე რაუნდის ფარგლებში.

ოპოზიცია თანახმა იყო 5-დან 3 პუნქტზე.

კვირას, 11 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ცალ-ცალკე ფორმატში შეხვდნენ ორი პარტიის, „ქართული ოცნებისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებს.

  • შეხვედრიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ელჩებთან განიხილეს „სხვადასხვა ვარიანტი“ შეუთანხმებელ ორ პუნქტთან დაკავშირებით და მან დაინახა „დიდი მცდელობა“, რომ „საქართველოში გადატვირთვა მოხდეს“.
  • შეხვედრაში მონაწილეობდა „ლელოს“ კიდევ ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე. მან თქვა, რომ პარტიის ადრე გაცხადებულ პოზიციებში „არანაირი ცვლილება არ არის“.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ 11 აპრილს იყო მორიგი სამუშაო შეხვედრა, მანამდე გამართული არაერთი შეხვედრის მსგავსი და რომ ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო პარტნიორებს ხვდებიან როგორც ცალ-ცალკე, ასევე გაერთიანებულ ფორმატებში.

ხვდებიან თუ არა ელჩები სხვა პარტიებსაც?

  • როგორც რადიო თავისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაარკვია, 30 მარტის შემდეგ, არ შემდგარა პარტიის წარმომადგენლების არცერთი შეხვედრა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან.
  • განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში შემავალი „რესპუბლიკური პარტიის“ განმარტება. პარტიაში გვითხრეს, რომ „შეხვედრები სულ არის“.
  • ელჩებთან შეხვედრები დაგვიდასტურეს „სტრატეგია აღმაშენებელშიც“.

„ასეთი შეხვედრები ჩვენც გვქონდა. ცალ-ცალკე პარტიებსაც ჰქონდათ და ოპოზიციურ პარტიებსაც ჰქონდათ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში 3-4 ეგეთი შეხვედრა იყო. ასეთი სამუშაო შეხვედრები ხშირად არის ხოლმე, რასაც მედია ვერ იგებს“, - გვითხრა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ.

მისი შთაბეჭდილებით, საერთაშორისო პარტნიორები დიალოგის გაგრძელების გზებს ეძებენ და „ეს სავარაუდოდ ისევ მედიაციის ფორმატში“ მოხდება, „დეტალები უფრო ერთ კვირაში ან ათ დღეში“ გახდება ცნობილი და არ არის გამორიცხული, რომ მედიაციის სხვა (არა კრისტიან დანიელსონის) ფორმატი ამოქმედდეს. ერთ-ერთ ვარიანტად, მისი თქმით, პროცესში რამდენიმე ევროპელი მინისტრის ჩართვაც განიხილება.

უცვლელად რჩება ერთი:

„შეთანხმება ვერ მოხდება ვერც სამი პუნქტით და ვერც ოთხი პუნქტით. შეთანხმებამ უნდა ასახოს ყველა, ხუთივე პუნქტი. ეს „ქართულმა ოცნებამაც“ იცის და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც“, - გვეუბნება ჩიხლაძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა 30 მარტს გარკვევით თქვა, რომ მის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს არც ოპოზიცია დაეთანხმა და არც „ქართული ოცნება“. თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამუდმებით იმეორებდნენ, რომ დოკუმენტის ხელმოსაწერად მზად იყვნენ და მხოლოდ რამდენიმე საკითხის დაზუსტებას მოითხოვდნენ. საუბარია საკითხებზე, რომლებსაც ოპოზიცია ეთანხმებოდა.

12 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს დოკუმენტს, თუკი ოპოზიციონერები თავიანთ პოზიციას გადახედავენ.

„ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ მმართველი გუნდი, "ქართული ოცნება" პრინციპულად მზად არის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწეროს და დიალოგი პოზიტიურად დავასრულოთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მზადყოფნა არსებობს. იმედი მაქვს, ოპოზიცია საკუთარ პასუხებს და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გარკვეულ ნაწილში გადააფასებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის ამ განცხადებას წინ უსწრებდა 11 აპრილს მისი შეხვედრა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან. განცხადება გაკეთდა სწორედ იმ დღეს, როცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ვაშინგტონიდან ბრიუსელში გაემგზავრება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ჯერჯერობით უცნობია - ვის შეხვდება კობახიძე ბრიუსელში. „ქართულ ოცნებაში“ იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ვერშემდგარ შეთანხმებასთან დაკავშირებულ დეტალებს უკეთ აუხსნიან.

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ, ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან წამოსული მკაცრი გაფრთხილებების ფონზე, ირაკლი კობახიძეს საერთაშორისო პარტნიორების მკაცრ შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა.

„ქართული ოცნება“ ისევ ცდილობს, თავი აარიდოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არსებობის აღიარებას. მაგალითად:

  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, „პოლიტიკური კრიზისი“ მთავარ საკითხად არის დასახელებული ნატო-საქართველოს პარლამენტთაშორისო საბჭოს (GNIC) ფორმატში 9 აპრილს გამართული ონლაინშეხვედრის ფარგლებში.
  • საქართველოს პარლამენტის მიერ ამავე შეხვედრასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ცნობაში კი, „პოლიტიკური კრიზისის“ ნაცვლად გამოყენებულია სიტყვები „პოლიტიკური ვითარება“ და საერთოდ არაფერია ნათქვამი გაფრთხილებაზე, რომელიც შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ამერიკელი კონგრესმენის - ჯერალდ კონოლის მხრიდან.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია პრეზიდენტის სიტყვები, რომ დემოკრატიული ფასეულობების ერთგულება ნატოში გაწევრიანების უმთავრესი წინაპირობაა. ნათქვამია ასევე, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის „დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე“.

ევროპელი მინისტრები

ლიეტუვის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ 13 აპრილს ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. განცხადებიდან ვიგებთ, რომ ეს იქნება „ორმხრივი ვიზიტი“.

„ლანდსბერგისი თბილისში აპრილის ბოლოს ჩამოვა. თანამშრომლობის გზით მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისკენ მიმართული ძალისხმევა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი და ასევე, პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის მედიაციით - ყველაფერი ეს იქნება ვიზიტის დღის წესრიგში“, - წერია ლიეტუვის ელჩის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ლანდსბერგისის ვიზიტი ნამდვილად იგეგმება და ის მხოლოდ საქართველოში არ ჩამოდის.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე, რომელიც დიდი ხანია დაიგეგმა რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, რა დროსაც ლიეტუვის მინისტრი საქართველოს გარდა ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს“, - გვიპასუხეს საგარეო უწყებაში.

მას შემდეგ, რაც 30 მარტს თბილისში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე დიალოგის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ტვიტერზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ის გამოხატავს მადლიერებას ევროკავშირის ძალისხმევის გამო და იმედგაცრუებას - სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების შეუთანხმებლობის გამო.

„დამწუხრებული და გაწბილებული ვარ იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა. ეს უგზავნის ცუდ სიგნალს მეგობრებსა და პარტნიორებს. საჭიროა დრო გააზრებისთვის“, - წერდა ლანდსბერგისი.

ერთი-ერთი ვერსიით, საქართველოში ლიეტუველი მინისტრის გარდა, აპრილის ბოლოს ასევე ჩამოვლენ ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, შვედეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

როგორც რადიო თავისუფლებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში უთხრეს, ისინი ჯერჯერობით არ ფლობენ ინფორმაციას ევროპელი მინისტრების საქართველოში შესაძლო სტუმრობის შესახებ.

ასევე არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, კრისტიან დანიელსონის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი, მის ხელთ არსებულ ცნობებზე დაყრდნობით, ხედავს შესაძლებლობას, რომ დანიელსონი ახლო მომავალში კვლავ ვიხილოთ საქართველოში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG