ევროკავშირის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. როგორც ბრიფინგზე თქვა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მისი წინადადებები ბოლომდე არ მიიღო და კომპრომისი ვერ იქნა მიღწეული.
„დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. თუ შეიძლება მე ვიქნები ძალიან მკაფიო, არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე.
ასევე გადაწყვეტილება რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს საკვანძო პოლიტიზებულ სასამართლო საქმეებსა და ადრეულ არჩევნებზე.
ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას და პასუხისმგებლობას.
მე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს წარვუდგინე ასეთი წინადადება. ეს ახლა იქნება საჯარო დოკუმენტი. ეს არის ის გადაწყვეტილება რომელიც ქვეყნის ინტერესებს წინ აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა.
სამწუხაროა, უნდა ვთქვა, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.“, - განაცხადა დანიელსონმა.
მედიატორის თქმით, წინადადებაში იყო რაღაც ელემენტები რომლებზეც იყო მიღწეული თანხმობა, ეს შეეხება საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას და ძალაუფლების გადანაწილებას. მისი შეფასებით, ეს პოზიტიურია და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა.
როგორც კრისტიან დანიელსონი აცხადებს, საბოლოოდ, დასავლელი პარტნიორები საქართველოში არ არიან იმისთვის, რომ პარტიებს მოახვიონ გადაწყვეტილებები. „ჩვენი მეთოდი არის მედიაცია“, - დაამატა მან.
დანიელსონმა კვლავ ხაზი გაუსვა კომპრომისის მნიშვნელობას ყველა მხრიდან;
"ევროპულ მისწრაფებების აღსრულებას სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც პარლამენტშია, რომელმაც უნდა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან. დიდ ამბიციებს თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობები. უნდა ვთქვა, დღეს არ იყო ეს სურვილი მაგიდის გარშემო, რომ კომპრომისი მიღწეულიყო"- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა.
კრისტიან დანიელსონი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა.
შვედმა დიპლომატმა გააგრძელა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებული მედიაციის პროცესი. საქართველოში დანიელსონის წინა ვიზიტისას, 12-18 მარტს, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაშიც ერთმანეთი დაადანაშაულეს.
მთავარი, რასაც ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რადგან, მათი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
„ქართული ოცნება“ პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას უარყოფს და ვერც ვადამდელი არჩევნების საფუძველს ხედავს, რის დასტურადაც მოჰყავს საქართველოს პარტნიორი ევროკავშირის და აშშ-ის და ეუთოს შეფასებები, რომ 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ მედიაციის პროცესში განსახილველ საკითხებს შორისაა სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.