Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: მომდევნო მოლაპარაკების რაუნდებისთვის სავაჭროდ შემომინახეს


ნიკა მელია
ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ფიქრობს, რომ მმართველმა პარტიამ იგი პატიმრობაში მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებისთვის სავაჭროდ დატოვა. ციხიდან გამოგზავნილ წერილში იგი წერს, რომ მისი პატიმრობით ვაჭრობის ხარჯზე დათმობა არ იქნება.

წერილში ნიკა მელია აღნიშნავს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საჯაროდ და უცხოელ პარტნიორებთან ვერ აღიარებდნენ, რომ მათ პოლიტიკური ოპონენტი სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე გამოაშვებინეს:

"ასე რომ მოქცეულიყვნენ, მათი პროპაგანდა, თითქოს სასამართლო დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოა, დეზინფორმაციის დონეზეც აღარ იარსებებდა.

ასევე, სასამართლოს ინიციატივით დღეს ჩემს გათავისუფლებას ივანიშვილის მორჩილები პოლიტიკურ კომპრომისად ვერ გაასაღებდნენ. შესაბამისად, უცხოელებს ვერ ეტყოდნენ, რომ მელია დავთმეთ და ახლა ოპოზიციამ დათმოს.

ამიტომ, მათი ჭკუით, მომდევნო მოლაპარაკების რაუნდებისთვის სავაჭროდ შემომინახეს“, - წერს ნიკა მელია წერილში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ამავე წერილში იგი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკების პროცესში მისი გათავისუფლების სანაცვლოდ შეთავაზებული ნებისმიერი პირობა მისთვის მიუღებელი და დამამცირებელია.

„აი, მაგალითად, პირობა, როგორიცაა 20 ივნისის ამნისტიის კანონის ინიცირება, რომლის ფარგლებშიც ჩემი ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ რეალურად სამართლებრივი დევნისგან მოძალადე პოლიციელებისა და დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლება სურთ, ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების მხრიდან ჩემი თავისუფლებით ვაჭრობის მცდელობაა!

სურთ ჩემი გამოშვება?! როგორც ციხის გარედან ღრჭიალით გამიღეს რკინის კარი, ზუსტად ისე, კეთილი ინებონ და უკვე ციხის შიგნიდან იგივე რკინის კარი გამიღონ ყოველგვარი სავაჭრო პირობების დაწესების გარეშე!

ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საკუთარი თავის წინაშე მოვალეობის გრძნობაა. და დიახ, მოვალე ვარ, ჩემი უკანონო პატიმრობის სანაცვლოდ იოტისოდენა უსამართლო კომპრომისზეც კი არ წავიდე!

ივანიშვილის ადიუტანტებო, მაგ ჩურჩუტ თავებში შეუშვით, რომ მე ამ ბრძოლაში მხოლოდ ბრძოლისთვის არ ვარ, მე ვარ ბრძოლაში დიდი მიზნისთვის, რომელთან შედარებითაც ჩემთვის უკვე დიდი ხანია სხვა ყველაფერი გაუბრალოვდა და ჩემი პატიმრობით ვაჭრობის ხარჯზე დათმობა არ იქნება“, - წერს ნიკა მელია. წერილში იგი მხარდამჭერებს ერთობისკენ მოუწოდებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ 15 მაისის საპროტესტო აქციაზე მათთან ერთად ვერ იქნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. მან არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მელიას 17 თებერვალს შეეფარდა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის ის შუამდგომლობები, რომლებიც, მათი თქმით, მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვას ეხებოდა.

მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

17 თებერვალს ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა.

შსს ნიკა მელიას დაპატიმრებას 18 თებერვალს გეგმავდა, თუმცა გადადო მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს შორის.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე, 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა ოპოზიციური პარტიის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG