Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეთანხმების მცდელობა #2 - გაგრძელდება თუ თავიდან დაიწყება მოლაპარაკება?


პირველი უშედეგო რაუნდის შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას ისევ ევროკავშირის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი შეეცდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ამოცანაა, იპოვოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები პოლიტიკურ „კრიზისად“ და „ჩიხად“ მოიხსენიებენ. მისია მარტივი არ არის - 18 მარტს დასრულებული პირველი უშედეგო რაუნდის შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ სარბიელზე არაფერი შეცვლილა და წინასწარი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მხარეები უკან დახევას არ გეგმავენ.

  • რა ვიცით მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე განხილულ საკითხებზე?
  • რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს შექმნილი სიტუაციიდან?

პროცესების გასაიდუმლოების მიუხედავად, ერთი რამ ზუსტად ვიცით, და ამას მხარეებიც ადასტურებენ, რომ მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე განხილული ყველა საკითხი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6-პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარეობს. არავინ უარყოფს ასევე, რომ მთავარ წყალგამყოფს წარმოადგენს ექვსიდან ორი საკითხი:

  • „პოტენციური ადრეული არჩევნები და მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის“;
  • „პოლიტიკური მართლმსაჯულება, კერძოდ, პატიმრების საკითხის გადაჭრა“.

ოპოზიციის უდიდესი ნაწილი აცხადებს, რომ „რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა“ და „პოლიტპატიმრების გათავისუფლების“ გარეშე შეთანხმება ვერ შედგება. ხოლო თუ შეთანხმება შედგება, პარლამენტშიც შევლენ და ყველა დანარჩენ საკითხზეც იმუშავებენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი, სულ უფრო კატეგორიულად და მკაფიოდ აცხადებენ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარსაც კი არ აპირებენ.

დილემად ქცეული ამ თემების განხილვაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა პირველ რაუნდზეც.

ვადამდელი არჩევნები

რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებების წინა რაუნდზე ნამდვილად იდგა საკითხი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების, ერთგვარად, პლებისციტის შედეგებთან გათანაბრების შესახებ - თუკი მმართველი პარტია ვერ მიიღებდა 40%-ზე მეტს, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნებოდა.

მანამდე ეს საკითხი წამოსწია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ ეს შეთავაზება არ მიიღო ოპოზიციამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხისთვის“ რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ასეთი წინადადება არა მმართველ პარტიას, არამედ ოპოზიციას ეკუთვნოდა.

„ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია ოპოზიციიდან, რომელიც მხარს უჭერდა ამ იდეას“, - გვეუბნება „გირჩის“ ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი. ის იხსენებს, რომ ამ საკითხის გარშემო არაფორმალურ განხილვაში „ქართული ოცნებაც“ მონაწილეობდა და, მეტიც, კონკრეტულად 40%-ის იდეა სწორედ მმართველ პარტიას ეკუთვნოდა.

„დანიელსონთან პირველ შეხვედრაზე რომ მივედით ოპოზიცია, (გეგმაში) ეწერა ეგ პუნქტი, მაგრამ ეწერა არა 40%, არამედ 45%. შემდეგ დღეებში, „ქართული ოცნება“ როცა გამოჩნდა მოლაპარაკებებზე, პირად საუბრებში თვითონ („ქართული ოცნება“) ამბობდა, რატომ 45%-იო? მაშინ იყოს 40% ისევე, როგორც ეს 8 მარტის შეთანხმების შედეგად გადაწყდაო... მაგრამ ოფიციალური მოლაპარაკებების დროს საერთოდ არ ყოფილა ამაზე ლაპარაკი, რადგან ამას რეალურად არავინ უჭერდა მხარს. არაფორმალური თანხმობა იყო, იდეაში“, - გვეუბნება ვახტანგ მეგრელიშვილი.

„1 არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არჩილ თალაკვაძე რიგგარეშე არჩევნებთან მიმართებით ამბობს, რომ „მედიაცია დაფუძნებული იყო იმ საკითხებზე, რაც ოპოზიციამ მიაწოდა შარლ მიშელს... რიგგარეშე არჩევნებს ჩვენ არ განვიხილავთ“.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გეგმას ოპოზიციის ახირების გამო არ შეადგენდა და რადგან ეს საკითხი გეგმაში მოხვდა, მათთვის ნათელია, რომ რიგგარეშე არჩევნებზე მსჯელობა შარლ მიშელმაც მნიშვნელოვნად მიიჩნია.

„საჭიროა, რომ ხელისუფლებამაც გადმოდგას ადეკვატური ნაბიჯები, რომ მივიდეთ შეთანხმებამდე, რომელიც პრაქტიკულად უკვე დევს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ამას იგნორირებას უკეთებს... სწორედ ამიტომ ჩამოდის კრისტიან დანიელსონი ხელმეორედ, რომ დაარწმუნოს ხელისუფლება - კრიზისის დაძლევის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი.

ამ ეტაპისთვის ოპოზიციის უდიდესი ნაწილის საჯაროდ გაცხადებული პოზიციით, ერთადერთი კომპრომისი შეიძლება იყოს პლებისციტი - რიგგარეშე არჩევნების საკითხის მიმართ ამომრჩევლების დამოკიდებულების გამოსავლენად. ხელისუფლება აცხადებს, რომ გაყალბების დამტკიცების გარეშე რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება, ხოლო ამის დამტკიცება მხოლოდ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შეიძლება მოხდეს.

მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, თუკი არჩევნები გაყალბდა. დღეს არჩევნების გაყალბებაზე აღარ ლაპარაკობენ, რადგან ცხადია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ამას აღიარებს ჩვენი ყველა პარტნიორი, სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ამან დაკარგა აზრი და რის საფუძველზე არ შემოდიან პარლამენტში?!“ - უთხრა ჟურნალისტებს 26 მარტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

23 მარტს, საქართველოს საკითხთან დაკავშირებით სენატში გამართულ საგანგებო მოსმენაზე აღინიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები „ლეგიტიმაციის ზღვარზე“ ჩატარდა და ეს განსხვავდება წარმატებული, დემოკრატიული არჩევნებისგან.

საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად მიუთითებენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი საქართველოს გადასაწყვეტია.

პოლიტიკური მართლმსაჯულება

როგორც კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, მას შეუძლია იმავე წუთს დატოვოს საკანი და შეუერთდეს პოლიტიკური დიალოგის პროცესს, - ასე წარმოუდგენიათ „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და პატიმრებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა.

როცა ოპოზიცია „პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე“ ლაპარაკობს, ნიკა მელიასთან ერთად, ის „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მფლობელს, გიორგი რურუასაც გულისხმობს. რურუას „ქართული ოცნება“ საერთოდ აღარ ახსენებს და ხშირად აცხადებს, რომ „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან“.

ვახტანგ მეგრელიშვილი გვეუბნება, რომ პოლიტპატიმრების თემა „ქართული ოცნებისთვის“ „მოლაპარაკებების ჩაშლის შესაძლებლობას“ წარმოადგენს და მას ოპოზიციამ ამის საშუალება არ უნდა მისცეს.

„თუკი სხვა საკითხებზე მოხდება შეთანხმება, ეს საკითხი აღარ იარსებებს, როგორც გადაუწყვეტელი და მისი გადაწყვეტა შესაძლებელი გახდება... ახლა ეს საკითხი ემოციურად ყველაზე მწვავეა და გახსოვთ ალბათ, რომ ნიკა მელიას დაკავებას ჩვენც ვაპროტესტებდით. მაგრამ ამ საკითხით დაწყება ამ მოლაპარაკებებისა არის გზა არსაითკენ“, - ეუბნება მეგრელიშვილი რადიო თავისუფლებას და იმასაც აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების თემა, ზოგადად, მას რიგგარეშე არჩევნებზე უფრო პრინციპულ საკითხად მიაჩნია.

პარტია „გირჩი“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს პირისპირ განაგრძობს. მეგრელიშვილმა გვითხრა, რომ ასეთი შეხვედრა მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ჩაშლის შემდეგაც შედგა, თუმცა გადაწყვეტილებებს პარტია იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორ დასრულდება კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე პროცესი.

შარლ მიშელის დოკუმენტში არის როგორც რიგგარეშე არჩევნების, ასევე პოლიტპატიმრების საკითხი. ამ ორივე თემაზე აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება. ამ პუნქტების გარეშე შეთანხმება ვერ იარსებებს... რაც არ უნდა იძახონ მათ („ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა), ვერ იქნება ვერცერთი შეხვედრა პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხის გარეშე“, - განაცხადა ბრიფინგზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე „ქართული ოცნება“ მხოლოდ ამ მთავარ საკითხებს არ ბლოკავდა.

არჩილ თალაკვაძემ „1 არხთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ, მაგალითად, „ქართულმა ოცნებამ“ არ გაიზიარა მედიატორის შეთავაზება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის პარლამენტში რამდენიმე წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეთა და საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელთა პოსტების დათმობის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ახლა ეს ადგილები უკვე დაკავებულია და საკითხის განხილვა შესაძლებელია 2024 წლისთვის.

თალაკვაძემ ილაპარაკა იმის შესახებაც, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში „ქართული ოცნების“ შეთავაზებები ძირითადად საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს უკავშირდებოდა.

ოპოზიცია მოელის, რომ მედიაციის მეორე ეტაპზე, კრისტიან დანიელსონი განსხვავებულ ტაქტიკას მიმართავს და უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება „ქართული ოცნების“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომელზეც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ლაპარაკობენ.

ექსპერტთა წრეებში არ გამორიცხავენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი საქართველოში ამჯერად უფრო კატეგორიული რეკომენდაციებით დაბრუნდეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG