საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდში არის შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარეს ექნება გულწრფელი სურვილი, მისაღები შედეგისკენ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წინ, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მედიაციის პირველი რაუნდი იმედგამაცრუებელი იყო.
„როგორც ვიცით, რამდენიმე დღის წინ თავისი წარმომადგენლის, დანიელსონის მედიაციის პირველი რაუნდის შემდეგ, პრეზიდენტმა მიშელმა გამოაცხადა, რომ მას სურს დანიელსონი ისევ ჩამოვიდეს საქართველოში და ეს მოხდება საკმაოდ მალე. ჩვენ მისი ჩამოსვლის მოსამზადებელ ეტაპზე ვართ.
ვფიქრობ, საიდუმლო არ არის, თუ ვიტყვით, რომ მედიაციის პირველი რაუნდი იმედგამაცრუებელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, რასაც ევროკავშირი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოსთვის, რათა ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა.
ეს არის ჭეშმარიტების დრო და დანიელსონი ჩამოვა და გამოვაცხადებთ მისი ვიზიტის ზუსტ გრაფიკს, როგორც კი დადგინდება. მაგრამ ნათელია, რომ ის აქ მოდის იმისთვის, რათა ნახოს, კვლავაც არის თუ არა შესაძლებლობა მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვისა. ახლა არის დრო, ვიფიქროთ ბევრი და გულმოდგინედ ყველა მხარის საწყის პოზიციებზე იმის საპოვნელად, რა შეიძლება იყოს ფართო შეთანხმების ნაწილი. მე ვიტყოდი, რომ ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს არის მისია და ახლა ჯერი პოლიტიკურ ლიდერებზეა. ახლა მათი ერთად დასხდომის დროა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. მისი თქმით, შარლ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმა რჩება მოლაპარაკებების საწყის ეტაპად.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კრიზისის გარშემო ევროკავშირის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება და მოლაპარაკებები განახლდება.
„შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით უკვე მიღწეული პროგრესი. კომპრომისების მიღწევის დროა საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ. ჩემი წარმომადგენელი ისევ დაბრუნდება, რომ განაგრძოს მედიაცია“, - წერდა ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 22 მარტს ტვიტერზე.
შარლ მიშელი 22 მარტს შეხვდა საქართველოში თავის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს. გადაწყდა, რომ ის ამ კვირის ბოლოს ესტუმრება საქართველოს.
შარლ მიშელსა და კრისტიან დანიელსონს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დანიელსონის შუამავლობით საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს პოლიტიკური პარტიებმა მიაღწეს გარკვეულ შეთანხმებას ხუთიდან სამ საკითხზე: საარჩევნო რეფორმების, მართლმსაჯულების რეფორმებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაზე. მაგრამ არსებობს გადაუდებელი საჭიროება, რომ პროგრესი მიღწეული იქნას ორ ყველაზე უფრო სადავო - პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და მომავალი არჩევნების საკითხებში.
19 მარტს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, რომ საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.