Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი სარჩელი "რუსთავი 2-ის" წილებისთვის - ინტერვიუ დავით დვალთან


ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ მორიგი სარჩელი შეიტანეს სასამართლოში. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაიგეს, რომ "რუსთავი 2" და "პრაიმტაიმი" მედიაჰოლდინგს ქმნიან. აქიმიძე და დვალი შიშობენ, რომ ამ გაერთიანებით სამაუწყებლო კომპანიის ქონებას საფრთხე ექმნება და სასამართლოში რომც გაიმარჯვონ, შესაძლოა მხოლოდ ფურცელზე დარეგისტრირებული კომპანია დარჩეთ.

ახალი სარჩელის დეტალებზე რადიო თავისუფლება დავით დვალს ესაუბრა.

რ.თ.: თქვენ კიდევ ერთხელ მიმართეთ სასამართლოს. რითია ეს სარჩელი განსხვავებული უკვე არსებულისგან?

დავით დვალი: დღევანდელი სარჩელი "რუსთავი 2-ისა" და "პრაიმ ტაიმის" მედიაჰოლდნგის შექმნის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო შევიტანეთ. დაწვრილებითი ინფორმაცია, რა გაერთიანებაზეა საუბარი, არ გვაქვს და გვინდა თავი დავიზღვიოთ არხის ქონების გასხვისებისგან.

"რუსთავი 2-ის" წილების დასაბრუნებლად სარჩელი სასამართლოში 2019 წლის ბოლოს შევიტანეთ. მოვითხოვეთ კომპანიის წილების და არა ქონების, დაყადაღება, რომ არ შეგვეშალა ხელი ტელევიზიის საქმიანობისთვის. როცა კომპანიის წილები (60%) დაყადაღებულია, მისი გასხვისება შეუძლებელია. ახლა ჰოლდინგის შექმნით ახალი საკითხი წამოიჭრა, გულისხმობს თუ არა ჰოლდინგის შექმნა ქონების გასხვისებას. ამ მიზეზით ვითხოვთ ქონების დაყადაღებას.

საქალაქო სასამართლომ მოთხოვნაზე უარი გვითხრა, ახლა სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ. ჩვენი მოქმედება და სტრატეგიაა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ის გზა, რაც გაიარა "რუსთავი 2-ის" მისაღებად ქიბარ ხალვაშმა სასამართლო დავის დროს.

სასამართლოს დამოკიდებულება ცხადად ჩანს, როდის არის დაინტერესებული და როდის - არა. ზუსტად იგივე მოთხოვნაზეც, რაზეც ხალვაშმა მიიღო თანხმობა, სასამართლომ ჩვენ გვითხრა უარი; მისი სარჩელის განხილვა 3 თვეში დაამთავრა, 2019 წელს ჩვენი შეტანილი სარჩელი კი ათასი მიზეზით გადაწიეს. ერთი სხდომაც კი არ ჩანიშნულა.

რ.თ.: როგორც მივხვდი, რუსთავი 2-ის ახალ გეგმებში ტელევიზიის კუთვნილი ქონების დაკარგვის საფრთხე დაინახეთ.

დავით დვალი: ჩვენ იძულებული ვართ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ, გაურკვეველი ინფორმაცია მაეჭვებს, რომ შეიძლება საფრთხე შეექმნას არხის ქონებას. თუ ტელევიზიის წილს დავიბრუნებ და მას არაფერი ექნება, მაშინ დავაც კარგავს აზრს.

რ.თ.: ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგში მითითებულია, რომ "პრაიმ ტაიმი" მმართველ პარტიას დადებითად აშუქებდა, ოპოზიციის მიმართ კი ჰქონდა დისკრედიტაციის მცდელობა, როგორ ფიქრობთ "რუსთავი 2-ის" ჰოლდინგში გაერთიანებით შეიძლება სარედაქციო პოლიტიკაც შეიცვალოს?

დავით დვალი: დღეს არხის სტრატეგიაა შუალედური პოზიცია დაიჭიროს და არ იყოს პროპაგანდის ფუნქციის მატარებელი, როგორიც "იმედი" და "პოს ტვ-ია". მაგრამ ვიცი არხი ვის ხელშიც არის. თუ ხელისუფლებას დასჭირდება ცენზურასაც დაექვემდებარება და პოლიტიკურ იარაღადაც იქცევა. "პრაიმ ტაიმის" კუდი რომ ხელისუფლებასთან მიდის, ისიც ვიცი.

ახლა არხს დაბალი რეიტინგი აქვს და "ნეიტრალურობით" უნდათ მაყურებლის მოზიდვა. დღეს მხოლოდ ეს ნიშაა თავისუფალი, სხვა ყველა არხი პოლიტიზირებულია. დარწმუნებული ვარ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკას დღეს ეს განაპირობებს და არა მათი ფასეულობები ან შეხედულებები.

არხი არ არის დამოუკიდებელი და თუ ხელისუფლებას დასჭირდება, მიიღებს მის მხარდაჭერას - ხვალ მოხდება თუ ზეგ, ეგ არის საჭიროებაზე დამოკიდებული. გაიხსენეთ თეა წულუკიანმა პირდაპირ ეთერში რომ შეახსენა [ირაკლი იმნაიშვილს], რომ არხი მათი [ხელისუფლების] იყო.

ისინი [ხელისუფლება] რას ფიქრობენ, ჩემთვის რთული გამოსაცნობია. ახლა ვიბრძვით, რომ “რუსთავი 2” დავიბრუნოთ, მერე შემიძლია არხთან დაკავშირებით ხედვებზეც ვისაუბრო.

რ.თ.: თქვენ გაქვთ შეტანილი რამდენიმე სარჩელი სასამართლოში და საჩივარი პროკურატურაში. რა შედეგს მოიტანს ეს ბრძოლა?

დავით დვალი: რა მოლოდინი შეიძლება მქონდეს?! უსასრულოდ ეს ვერ გაგრძელდება და ბოლომდე მივყვებით. უკვე 20 წელი გახდება, რაც ვიბრძვით - მეც მეცინება და საზოგადოებასაც. დღეს იქნება თუ ხვალ - ამას აღარ აქვს ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა. ვიცი, რომ გავყვები ბოლომდე - სტრასბურგში იქნება წასასვლელი, წავალ; ეს ხელისუფლება იქნება თუ სხვა, მოუწევს იმის აღიარება, რომ ეს ტელევიზია ჩვენ ჩამოგვართვეს და მერე გადავიდა ქიბარის ხელში, რომელმაც თავი მოისაწყლა, რომ წაართვეს.

უკვე პრინციპის ამბავია, სულაც რომ არაფერი გამოვიდეს...

XS
SM
MD
LG