ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა, რომელმაც 11 მარტს რუსთავში ეკლესია აკურთხა, ადგილობრივ მედიასთან საუბარში შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, რომ, დამზადების ტექნოლოგიის გამო, “ასტრაზენეკას” ვაქცინა მიუღებელია რელიგიური თვალსაზრისით.
„არის სხვადასხვა ბაზაზე შესრულებული ვაქცინები. აღმოჩნდა, სამწუხაროდ, რომ ერთ-ერთი ვაქცინა არის აბორტის მსხვერპლისგან. უმანკო ჩანასახისგან აღებული ნაწილი შედის იქ. ეს ჩვენთვის მიუღებელია. კანიბალიზმის დონეზე მიდის უკვე, ძალადობით მოკლულის მიერ ჯანმრთელობას მივხედო. ეს სინოდზეც იყო განხილული - ‘ასტრაზენეკა’“,- განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.
მისი განმარტებით, არსებობს სინოდის განჩინებაც.
„სინოდის განჩინებაა, ჩემით რომ არ ვილაპარაკო, არ უნდა იყოს იძულებითი ხასიათის და ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი. გარდა ამისა, უშუალოდ ვაქცინაციის წინ უნდა მოხდეს შემოწმება, ხომ არ არის {ადამიანი} ალერგიული “, - განაცხადა მიტროპოლიტმა
მისი თქმით, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომელ ვაქცინას შემოიტანს, თუმცა რელიგიური მოტივით სასულიერო პირებს და სხვებსაც შეუძლიათ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციაზე უარი თქვან.
იოანე გამრეკელის პოზიციის შესახებ კომენტარისათვის რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საპატრიარქოს, რომელსაც ამ დრომდე პასუხი არ გაუცია. ასევე, რადიო თავისუფლება შეეცადა დაკავშირებოდა სხვა ეპარქიებს, მაგრამ ზოგ მღვდელმთავარს ტელეფონი გათიშული ჰქონდა, ზოგმა ზარებს არ უპასუხა. ლენტეხის, ცაგერის და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, სატელეფონო კომენტარზე უარი თქვა.
„Oxford/Astra Zeneca დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის წარმოებული ვაქცინაა. განეკუთვნება ვექტორული ვაქცინის ტიპს. მასში არის უვნებელი ვირუსი, რომელზეც COVID 19-ის გენეტიკური მასალაა მიმაგრებული და ასწავლის სხეულს, როგორ შექმნას ვირუსის ნაწილი. ეს იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.
„ასტრაზენეკა“ ე. წ. ტრადიციულ ვაქცინათა ტიპს მიეკუთვნება და რნმ-ის ნაცვლად დნმ-ის გადამტანია. მისი გადატანა ხდება ადენოვირუსის საშუალებით. როგორც სხვა ვაქცინების შემთხვევაში, ის ჩვენს ორგანიზმსა და გენომში არანაირად არ ინტეგრირდება, არ წარმოქმნის ახალ ადენოვირუსებს და აბსოლუტურად უსაფრთხოა, განმარტა რადიო თავისუფლებასთან საუბარში კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის დოქტორანტმა, ცოტნე ჩიტიაშვილმა.
იანვრის ბოლოს ევროკავშირმა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის დაამტკიცა კორონავირუსის საწინააღმდეგო Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა,
ევროპის სამედიცინო სააგენტომ (EMA) გამოაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინამ ცდებში 62 პროცენტამდე ეფექტიანობა აჩვენა. ეს პრეპარატი მესამეა, რომელსაც EMA-მ მწვანე შუქი აუნთო, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს პრეპარატების შემდეგ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შაბათიდან, 13 მარტიდან, საქართველოში "ასტრაზენეკას" წარმოებული ვაქცინის პირველი ნაკადი, 43 200 დოზა შემოვა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ვაქცინაციის დაწყების კონკრეტული თარიღი უცნობია. საქართველოში სულ 71 415 ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელია. ჯანდაცვის სამინისტრო ფიქრობს, რომ მოიცავს ამ ჯგუფის 65 %-ს, რაც 46 420-ია.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში „კოვაქს პლატფორმის“ გავლით უნდა შემოსულიყო, თუმცა ვაქცინის შემოტანის თარიღმა ერთი თვით გადაიწია და, 5 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, „კოვაქს პლატფორმის“ მეშვეობით საქართველოში „ფაიზერის” წარმოების 29 250 დოზა ვაქცინა 22 მარტს უნდა შემოვიდეს. რაც შეეხება დანარჩენ დოზებს, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დარჩენილი 130 ათასზე მეტი დოზა საქართველოში ჩამოვა აპრილში.