ლაბორატორიაში მუშაობდა, 28 იანვარს, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება რომ მიუვიდა. იცოდა, რომ უნივერსიტეტის თანამშრომლების მცირე ნაწილს კოვიდის საწინააღმდეგო აცრა უკვე გაკეთებული ჰქონდა, მაგრამ არ ელოდა, რომ მისი ჯერი ასე მალე დადგებოდა. ისე გამიხარდა, ყველაფერს თავი დავანებე და მაშინვე საუნივერსიტეტო კლინიკისკენ გავიქეციო, - უყვება რადიო თავისუფლებას ცოტნე ჩიტიაშვილი, კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის 29 წლის დოქტორანტი, რომელიც მეხუთე წელია ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, მუშაობს.
საუნივერსიტეტო კლინიკაში მისულს, ექთანმა რამდენიმე სავალდებულო კითხვა დაუსვა. გამოჰკითხა, ხომ არ ჰქონია წარსულში მძიმე ალერგიული ისტორია, შეატყობინა, რომ ამერიკული „მოდერნა“ იქნებოდა პრეპარატი, რომლითაც ცოტნე აიცრებოდა, გააფრთხილა, რომ შესაძლოა, აცრის შემდეგ ჰქონოდა დაბალი სიცხე, თავის ტკივილი, სისუსტის შეგრძნება, ისევე როგორც სხვა აცრების დროს. ცოტნე იცინის, ასე ძალიან ცხოვრებაში არ გამხარებია ნემსის გაკეთება, ალბათ ამიტომაც ვერ ვიგრძენი ნემსის ჩხვლეტაო.
როგორც ყველა სხვა ვაქცინირებულს, აცრის შემდეგ, ცოტნეს 15 წუთით მოსაცდელ სივრცეში გადანაცვლება სთხოვეს. 15 წუთის შემდეგ კი იგი კვლავ თავის ლაბორატორიაში, მიტოვებული საქმის გასაგრძელებლად დაბრუნდა. არც აცრის დღეს და არც მომდევნო დღეებში, არც სიცხე, არც თავის ტკივილი და არც სისუსტე არ ჰქონია. „ერთადერთი, ნანემსარს ვგრძნობდი ორი დღის განმავლობაში, ეს იყო და ეს“, - ამბობს ცოტნე.
ცოტნე თვლის, რომ გაუმართლა. ვერ წარმოიდგენდა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მასთან ასე მალე მიაღწევდა. როგორც ყველგან, მსოფლიოში, აშშ-შიც პირველი ვაქცინაცია იმ მედიკოსებსა და დამხმარე პერსონალს ჩაუტარდა, რომლებიც უშუალოდ კოვიდკლინიკებში, კოვიდპაციენტებთან მუშაობდნენ. მომდევნო ეტაპზე, ხანდაზმული მოქალაქეების აცრა დაიწყო. თუმცა, რაკიღა კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტი საჰოსპიტლო სისტემის ნაწილია, ვაქცინა ცოტნესაც ერგო. ვაქცინაციას ელოდებიან მისი ცოლი და მეგობრებიც, რომლებიც ასევე კალიფორნიის უნივერსიტეტში მუშაობენ.
15-წუთიანი დაკვირვება აცრის შემდეგ
ეს არის რეკომენდაცია, რომელსაც ყველა ვაქცინირებული ექვემდებარება. ერთ-ერთი, უიშვიათესი გვერდითი მოვლენა, რომელიც აცრის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს, ანაფილაქსიური შოკია. ვაქცინაციის დაწყებიდან ერთი თვისა და ხუთი დღის თავზე, 19 იანვრის მონაცემებით, მთელ შეერთებულ შტატებში, ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა 60 ადამიანს. არცერთი მათგანი არ გარდაცვლილა:
„ეს უიშვიათესი შემთხვევები მედიაში ვირუსულად გავრცელდა, რომ თურმე, ვაქცინის გამო შესაძლოა შოკი დაგემართოს, მოკვდე და ა.შ. სამწუხაროდ, ხალხი ასეთ ინფორმაციას ძალიან ადვილად იჯერებს. სამწუხაროა ისიც, რომ ხალხი მხოლოდ სტატიების და ნიუსების სათაურების კითხვას მიეჩვია. შიგნით რა წერია, აღარ ინტერესდებიან. გამოკვლევების თანახმად, ანაფილაქსიური შოკის განვითარების შანსი, „მოდერნას“ შემთხვევაში არის ერთ მილიონში 2.1, ანუ 500 ათასი აცრილიდან შესაძლოა შოკი განუვითარდეს ერთ ადამიანს, ხოლო „ფაიზერის“ შემთხვევაში, ეს რიცხვი არის 6.2 ერთ მილიონში, რაც ასევე წარმოუდგენლად მცირე შანსი და რიცხვია. გარდა ამისა, ანაფილაქსიური შოკი, ეს არ არის ახალი მოვლენა. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც თხილზე ალერგია აქვს, შესაძლოა, ერთი თხილის ჭამის შემდეგ განუვითარდეს ანაფილაქსიური შოკი. საზოგადოების ნაწილმა კი ეს ცნობა, სამწუხაროდ, როგორც ახალი და თავზარდამცემი ამბავი, ისე მიიღო. იმ უიშვიათესი შემთხვევებიდანაც კი, როდესაც აცრის შემდეგ შოკი განვითარდა, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა“.
ხომ არ დამაინფიცირებს ვაქცინა?
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ცოტნე თვლის, რომ აუცილებელია მედიის მიერ ვაქცინაციის პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის, გზავნილებისა და სიახლეების გავრცელება, სწორედ მსგავსი ტიპის კითხვებია. თუკი ამერიკის მაგალითს მოვიყვანთ, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოარჩევს ცოტნე „ნიუ იორკ ტაიმსს“, სადაც, მისი თქმით, COVID-19-ისა და ვაქცინაციის შესახებ ამომწურავი, ყველასათვის გასაგებ ენაზე დაწერილი სტატიები თუ ახალი ამბები ქვეყნდება:
„პირადად მქონდა ურთიერთობა „ნიუ იორკ ტაიმსის“ ერთ-ერთ ავტორთან, რომელიც ამ ტიპის მასალებზე მუშაობს. ხშირად ვადევნებ თვალს მის სტატიებს, რომლებიც გაჯერებულია სანდო ინფორმაციით. ახლა, როდესაც სწორედ საზოგადოების ვაქცინაციაზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ მომავალში, ასეთი სანდრო წყაროებიდან, სანდრო რესპონდენტებისგან უნდა მიიღოს მოსახლეობამ კითხვებზე პასუხები, რომ შემდეგ აღარ გაჩნდეს ისეთი შიშები, მაგალითად, როგორიცაა, „აცრა ხომ არ დამაინფიცირებს?“ ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი და ძალიან კონკრეტული პასუხი არსებობს: არა და ვერ. ეს თეორიულადაც კი შეუძლებელია, რადგან გინდ რიბონუკლეინის მჟავის (რნმ) ვაქცინები და გინდ სხვა ტიპის ვაქცინები, ვაქცინაციისას არ იყენებენ მთლიან ვირუსს. მარტივად რომ ვთქვა და საკუთარი ორგანიზმიდან გამომდინარე ავხსნა, ეს პროცესი ასე გამოიყურება: მაკოდირებელი რნმ, რომელიც ვაქცინის შედეგად ჩემს ორგანიზმში მოხვდა, წარმოქმნის ვირუსის, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ ცილას. ვირუსი სწორედ ამ ცილით უკავშირდება ჩვენი უჯრედების რეცეპტორებს. ანუ, რაც ახლა ჩემს ორგანიზმში ხდება, არის მხოლოდ ის, რომ წარმოიქმნება ეს ერთი ცილა და არა ვირუსი, ანუ, ეს ინექცია ვერ შემყრის ვირუსს. ჩემი ორგანიზმი ამ წარმოქმნილ ცილას ხედავს, როგორც უცხო ნაწილაკს და ბრძოლაში ერთვება ჩემი იმუნიტეტი, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოქმნის ანტისხეულებს და თუკი მომავალში, და არა ვაქცინის გამო, ამას ხაზგასმით ვამბობ, დავინფიცირდები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემმა იმუნურმა უჯრედებმა უკვე იციან, რომ ეს ცილა უცხო და საშიშია ჩემი ორგანიზმისთვის, მაშინვე წარმოქმნის დიდი რაოდენობით ანტისხეულებს, რომ ვირუსი გააუვნებელყოს“.
კიდევ ერთი შიში, რომელსაც ცოტნე „მცდარ შიშს“ უწოდებს, ვაქცინის შექმნის ე.წ. შემჭიდროებული ვადებია:
„რიბონუკლეინის მჟავის (რნმ) ვაქცინები გუშინ და გუშინწინ არ შექმნილა. ერთ-ერთი პირველი სტატია, რომელმაც აჩვენა, რომ ე.წ. მესენჯერული რნმ შესაძლოა გამოყენებული იყოს კუნთში ინექციით, გამოქვეყნდა 1990-იან წლებში. სწორედ მაშინდელმა კვლევებმა დაუდო საფუძველი „ფაიზერის“ ვაქცინის შექმნას. არის მცდარი მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ თითქოს მესენჯერული რნმ ვაქცინა მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება ჩვენს ორგანიზმში, ინტეგრირდება ჩვენს გენომში, ცვლის გენომს და ა.შ., რაც ასევე სრული აბსურდია“.
იქნებიან თუ არა ვაქცინირებული ადამიანები ვირუსგადამტანები?
თუკი ვაქცინირებული ადამიანი მომავალში დაინფიცირდება, მის ორგანიზმში ვირუსი დაავადებად ვერ განვითარდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ხომ არ იქნება ის ვირუსის გამავრცელებელი, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ცოტნე ამბობს, რომ არც მისი და არც სხვა ვაქცინირებული ადამიანების ცხოვრებაში, ამ ეტაპზე, არაფერი იცვლება. მათ კვლავაც უნდა ატარონ ნიღბები, კვლავაც უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა უნებლიეთ ვირუსის გადამტანები არ გახდნენ:
„ჩემს ორგანიზმს ჩემი იმუნიტეტი დაიცავს. დაინფიცირების შემთხვევაში, ვირუსის ნიშნები არ გამომივლინდება, მაგრამ არ ვიცით, ხომ არ გადავდებ ვირუსს სხვას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კვლევები მიმდინარეობს და ამის დადგენას დრო სჭირდება. ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა და სანამ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ გვეცოდინება, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუკი ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“.
რატომ უნდა ილაპარაკონ ექიმებმა?
„საბედნიეროდ, ჩემს გარშემო ის ადამიანები არიან, რომლებსაც კითხვა, უნდა აიცრან თუ არა, არ უჩნდებათ. პირიქით, ყველა სულმოუთქმელად ელოდება ვაქცინაციას“, - ამბობს ცოტნე ჩიტიაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ახლა სწორედ ექიმებმა უნდა ითამაშონ გადამწყვეტი როლი ვაქცინაციის პოპულარიზაცაში - იქნება ეს პროფესიული რჩევები თუ კოვიდვაქცინაციის მარტივად ახსნილი პროცესი:
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც სამედიცინო პერსონალისგან ან სამეცნიერო წრიდან მოდის არასწორი მესიჯები ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ძალიან მარტივი ბიოლოგიაა, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდება ვირუსი, უფრო მეტი შანსია, რომ ამ ვირუსის ახალ-ახალი შტამები მივიღოთ და ამას უკვე ვხედავთ კიდეც. ვირუსმა უკვე განიცადა არაერთი მუტაცია, გაჩნდა, ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამი, ბრიტანული შტამი, რომელიც კიდევ უფრო მარტივად ვრცელდება, ბრაზილიური შტამი. თუკი ჩვენ ვერ გავწყვეტთ ვირუსის გადადების ჯაჭვს, ამ ჯაჭვიდან ვეღარასდროს გამოვალთ. მუტირებასთან ერთად მოგვიწევს ახალი ვაქცინების შექმნა და ვიღაცას რომ ჰგონია, რომ გადავიტანე, მოვიხადე და თავისუფალი ვარ, ნურას უკაცრავად, ისინიც ისეთივე საფრთხის ქვეშ დგებიან ახალი და ახალი შტამების პირობებში“.
უნდა აიცრან თუ არა ადამიანები, რომლებმაც ვირუსი უკვე გადაიტანეს?
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციის თანახმად, ვაქცინაციის ჩატარება ვირუსის გადატანიდან სამი თვის თავზე უკვე რეკომენდებულია.
„სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რას ნიშნავს ვირუსის გადატანა, ზუსტად რა ხანგრძლივობისაა იმუნიტეტი, რამდენად ძლიერი იმუნიტეტი რჩება ვირუსის გადატანის შემდეგ. ვიცით, რომ არის მეორედ ინფიცირების შემთხვევები. გარდა ამისა, საფრთხის შემცველია ახალი შტამებიც, რადგან თუკი არ გამომუშავდება ძლიერი იმუნიტეტი, თავისუფლად შეიძლება ვირუსგადატანილ ადამიანს კოვიდის სხვა შტამი შეეყაროს. ამიტომ მათი აცრებიც რეკომენდებულია“.
თუკი „ფაიზერი“ ან „მოდერნა“ საქართველოსთვის შორეული პერსპექტივაა
ცოტნე ჩიტიაშვილი თვლის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური გათვლა საქართველოში ვაქცინის შემოტანისა, შესაძლოა, ბრიტანტულ-შვედური კომპანიის მიერ წარმოებულ „ასტრაზენეკას“ უკავშირდებოდეს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი შენახვის პირობებია. „ფაიზერისგან“ განსხვავებით, რომლის შესანახად -80-გრადუსიანი მაცივრებია საჭირო, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ვაქცინის დასაწყობება -2 - -7 გრადუსიან მაცივრებშია შესაძლებელი. მისივე ვარაუდით, საკმაოდ რეალისტურია მოლოდინი იმისა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა საქართველომ „ჯონსონისა და ჯონსონის“ მიერ წარმოებული ვაქცინაც მიიღოს.
„ასტრაზენეკა“ ე.წ. ტრადიციულ ვაქცინათა ტიპს მიეკუთვნება და რნმ-ს ნაცვლად დნმ-ს გადამტანია. მისი გადატანა ხდება ადენოვირუსის საშუალებით. როგორც სხვა ვაქცინების შემთხვევაში, ის ჩვენს ორგანიზმსა და გენომში არანაირად არ ინტეგრირდება, არ წარმოქმნის ახალ ადენოვირუსებს და აბსოლუტურად უსაფრთხოა. პირადად მე, რაც უფრო მაიმედებს, ეს არის „ჯონსონის და ჯონსონის“ ვაქცინა. ვაქცინა ჯერ საბოლოოდ არ არის დამტკიცებული, მაგრამ გასულ კვირაში გამოქვეყნდა კლინიკური გამოცდების შედეგები, რომელმაც კარგი შედეგი აჩვენა. ისიც ადენოვირუსული ვაქცინაა, როგორც „ასტრაზენეკა“ და, რაც მთავარია, სხვა დამტკიცებული ვაქცინებისგან განსხვავებით, ის მხოლოდ ერთეტაპიან აცრას ითვალისწინებს. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ადენოვირუსული ვაქცინები უფრო ტრადიციული ვაქცინებია და ამ კომპანიებს მისი წარმოების გამოცდილება აქვთ, უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი ვაქცინის დიდი რაოდენობით წარმოება. ძალიან რეალისტურია, რომ ვაქცინის შესაბამისი უწყებების დამტკიცების შემდეგ, საქართველოში სწორედ „ჯონსონის“ მიერ წარმოებული ვაქცინა შემოვიდეს. „ჯონსონმა“, covax-ის ფარგლებში, 500 მილიონი დოზის კონტრაქტი გააფორმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, შესაბამისად, შესაძლოა, რომ სწორედ „ჯონსონი“ შეგვხდეს, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება. როდესაც ეს ვაქცინა დამტკიცდება, პირადად მე ისეთივე ნდობით ვიქნები განწყობილი მის მიმართ, როგორც „მოდერნას“ და „ფაიზერის“ მიმართ".
შეგახსენებთ, იანვრის ბოლოს, ევროკავშირმა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის დაამტკიცა კორონავირუსის საწინააღმდეგო Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა, მსოფლიოში მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ არსებული ვაქცინები არ იქნება სათანადოდ ეფექტიანი ვირუსის ახალ ვერსიებთან მიმართებით.
ევროპის სამედიცინო სააგენტომ (EMA) 29 იანვარს გამოაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინამ ცდებში 60 პროცენტამდე ეფექტიანობა აჩვენა. ეს პრეპარატი მესამეა, რომელსაც EMA-მა მწვანე შუქი აუნთო, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს პრეპარატების შემდეგ.
რაც შეეხება ამერიკულ კომპანია „Johnson&Johnson”-ის მიერ შექმნილ ვაქცინას, 29 იანვარს კომპანიამ განაცხადა, რომ, საერთო ანგარიშით, ვაქცინა 66%-ის ეფექტიანობისაა. ამერიკულმა კომპანიამ ეს ცნობა გაავრცელა მესამე, საერთაშორისო საცდელი ფაზის დასრულების შემდეგ, რომელშიც 44 ათასამდე პირი მონაწილეობდა. კომპანიის ცნობის თანახმად, აშშ-ში ეს მაჩვენებელი 72 პროცენტი იყო, თუმცა ეფექტიანობა 57 პროცენტამდე დაეცა სამხრეთ აფრიკაში, სადაც დომინანტური გახდა ვირუსის ახალი, უფრო ინტენსიური გავრცელების უნარის მქონე ვარიანტი.
ვაქცინა 85 პროცენტით ეფექტიანი იყო COVID-19-ის მძიმე შემთხვევების აღკვეთაში ყველა გეოგრაფიულ რეგიონში, ამბობს კომპანია. „ვამაყობთ, რომ ამ მწვერვალს მივაღწიეთ და ჩვენი მზაობა, გავუმკლავდეთ ჯანდაცვის ამ გლობალურ კრიზისს, კვლავაც ძალაში რჩება, ყველასათვის და ყველგან“, - განაცხადა Johnson & Johnson-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექს გორსკიმ.
პირველი თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში 90 მილიონამდე ადამიანია აცრილი. მათგან ყველაზე მეტი, 32 მილიონი, აშშ-ში. მეორე ადგილს იკავებს ჩინეთი. მესამე ადგილი, თითქმის 10 მილიონამდე ვაქცინირებული მოქალაქით, უკავია დიდ ბრიტანეთს.
საქართველო პირველ, 30 ათასამდე დოზა ვაქცინას, რომლითაც 15 ათასამდე სამედიცინო მუშაკი უნდა აიცრას, თებერვლის ბოლოსთვის ელოდება. ხელისუფლების განცხადებით, საქართველოში ჩამოვა ამერიკულ-გერმანული წარმოების ვაქცინა „ფაიზერი“.