Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორად გაყოფილი „ოჯახი“ და პრეზიდენტის ერთი სკამი


„რაგბი ჩვენი თამაშია“ - საქართველოში ბოლო ათწლეულში დამკვიდრებული ეს სლოგანი, რომელიც კონკრეტულ თამაშებში მოპოვებულ გამარჯვებებზე მეტად ქართველი მორაგბეების ხასიათსა და ბრძოლის ჟინთან უფრო ასოცირდება, დღითი დღე უფასურდება.

ქართული რაგბის სამყარო, წელიწადზე მეტია, ვერაფრით ახერხებს ხელმძღვანელის შერჩევას. საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ლანძღვა-გინებასა და გაწევ-გამოწევასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე სტანდარტულ საარჩევნო პროცედურებთან, ჩაშლილ და გადადებულ არჩევნებს კი ბოლო არ უჩანს. ერთწლიანი უშედეგო საარჩევნო მარათონის ფინიშს შეიძლება ორი-სამი კვირაღა გვაშორებდეს, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება ფინიშის ხაზის შემდეგ. ორ ბანაკად გაყოფილი ქართული რაგბის გაერთიანება ამ ეტაპზე წარმოუდგენელია.

საქართველოში სპორტის წარმატებული სახეობის საამაყო გამარჯვებების უკან ყოველთვის იყო ფარული თუ ღია შიდა ომები, მაგრამ ყველა ერიდებოდა მათ სინათლეზე გამოტანას, რაგბის სათუთად ნაშენებ რეპუტაციას და იმიჯს რომ საფრთხე არ დამუქრებოდა. შიგადაშიგ მაინც გამოერეოდა ხოლმე ხმაურიანი დაპირისპირებები, მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველოს რაგბის კავშირი დიდი ხნის განმავლობაში შეკრულ კოლექტივად და ბევრისთვის თითით საჩვენებელ ორგანიზაციად ითვლებოდა.

პირველი განხეთქილება

ამჟამინდელი განუკითხაობა სათავეს 2019 წლიდან იღებს. შარშანწინ, სექტემბერში, რაგბის შიდა სამზარეულოში არსებული დაპირისპირების შესახებ პირველი ლაშა (ბაჩო) ხურციძე ალაპარაკდა, რომელიც მაშინ რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწეევების დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

2019 წლის სექტემბერში საქართველოს ნაკრები იაპონიაში გაემგზავრა მსოფლიოს თასზე სათამაშოდ. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი სწორედ ხურციძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელად დელეგაციის სიიდან საერთოდ ამოიღეს. ბაჩო ხურციძემ თანამდებობა დატოვა და გამოაცხადა, რომ აპირებდა რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ებრძოლა. არჩევნებამდე სამი-ოთხი თვე რჩებოდა.

ბაჩო ხურციძე
ბაჩო ხურციძე

სპორტული მიღწევების უკვე ყოფილი დირექტორი მაშინ რაგბის კავშირის არასწორ მენეჯმენტზე, გაუაზრებელ საკადრო პოლიტიკასა და ინერტულობაზე ამახვილებდა ყურადღებას, ფინანსებთან დაკავშირებულ შესაძლო ან დადასტურებულ პრობლემებზე კი არაფერი უთქვამს.

სამი წარუმატებელი მცდელობა

შარშანდელ წელს საქართველოს რაგბის კავშირი საპრეზიდენტო არჩევნებით ხსნიდა. 30 იანვარს ხმის უფლების მქონე დელეგატებს არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ. ესენი იყვნენ: კავშირიდან სკანდალით წასული ბაჩო ხურციძე, კავშირის მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და ვეტერანი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე.

მთავარ ფავორიტად სვანიძე მიიჩნეოდა. ეს მისმა კონკურენტებმაც იცოდნენ და არჩევნების რამდენიმე კვირით გადადება ითხოვეს. რაგბის კავშირმა ხურციძისა და აბუსერიძის თხოვნა დააკმაყოფილა:

„საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სახელზე ორი საპრეზიდენტო კანდიდატის – ბაჩო ხურციძისა და ირაკლი აბუსერიძის - განცხადება შემოვიდა. იმისათვის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს თავიანთი კამპანიის ჩასატარებლად მეტი დრო ჰქონდეთ წესდებით გათვალისწინებულ ვადებში, გამგეობის სხდომამ მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების 24 თებერვალს გადატანის გადაწყვეტილება", - ეწერა რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

24 თებერვლის საარჩევნო ყრილობამდე ორი დღით ადრე რაგბისთან დაკავშირებული ახალი სკანდალი აგორდა - სოციალურ ქსელში გავრცელდა სახელმწიფო აუდიტის მიერ საქართველოს რაგბის კავშირში აღმოჩენილი დარღვევების ჩამონათვალი.

რაგბის კავშირის 2014-2018 წლების საქმიანობის აუდიტი ოფიციალურ გამოქვეყნებამდე გასაჯაროვდა არაოფიციალურად ერთი თვის დარეგისტრირებული ფეისბუქგვერდის მიერ. სვანიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 2016 წლიდან მუშაობდა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიყენებულ მძიმე დარტყმას თავისუფლად შეეძლო მისი გამარჯვების შანსი მინიმუმამდე შეემცირებინა. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ეჭვი, რომ დოკუმენტის ფარულად გავრცელების უკან სვანიძის მოწინააღმდეგეები იდგნენ.

განმეორებით არჩევნებამდე პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლაში ერთიორად გაიზარდა ირაკლი აბუსერიძის შანსი. ბორჯღალოსნების ყოფილ კაპიტანს ზურგს უმაგრებდა მმართველი გუნდის - „ქართული ოცნების“ - წევრობა და დეპუტატის მანდატი. ვეტერან მორაგბეთა ნაწილიც აქტიურად დაუდგა გვერდით, მაგრამ გარანტირებული გამარჯვებისთვის დრო მაინც არ ეყოთ და ახალი სტრატეგია შეიმუშავეს: აბუსერიძის მომხრე დელეგატებმა საარჩევნო ყრილობაზე რეგისტრაცია არ გაიარეს, სვანიძის მომხრე რეგისტრირებულ დელეგატთა რაოდენობა კი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და ყრილობა კიდევ ერთხელ გადაიდო. რაგბის კავშირის წესდების თანახმად, მაქსიმუმ ოცდაათი დღით.

საპრეზიდენტო არჩევნების მესამე მცდელობას ხელი უკვე კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, ქვეყანაში 2020 წლის მარტიდან ყველა სპორტული ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო. საპრეზიდენტო არჩევნებიც ამ ღონისძიებათა სიაში მოხვდა.

გადამდგარი პრეზიდენტი და სისხლიანი სკანდალი

საპრეზიდენტო არჩევნებს შორის პაუზა ერთი თვის ნაცვლად, ათი თვე გაგრძელდა. იმ ათ თვეში, რაგბის ქომაგებს არჩევნების გარეშეც არ ეცალათ მოსაწყენად. მორიგ საარჩევნო ყრილობამდე საქართველოს რაგბის კავშირისთვის მოქმედ პრეზიდენტს - გოჩა სვანიძეს უნდა ეხელმძღვანელა, მაგრამ... ივლისის ბოლოს, ყველასთვის მოულოდნელად, გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა გოჩა სვანიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზად ქართულ რაგბიში შექმნილი კრიზისი დაასახელა. იმ დროს საქართველოში სპორტულ შეჯიბრებებზე დაწესებული შეზღუდვა ნაწილობრივ შემსუბუქებული იყო. მორაგბეებსაც შეეძლოთ განეახლებინათ ეროვნული ჩემპიონატი, მაგრამ ამას ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ. პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა, მაგრამ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გადაუფიქრებია.

სექტემბერში რაგბის კავშირში ახალი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა: სამართალდამცავებმა მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია. რამაზ ხარაზიშვილი საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების კაპიტანი, რაგბის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი და ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერია.

მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები მორაგბეებმა დეკემბრის ბოლოს ჩაატარეს, იქამდე კი რაგბის კავშირში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შეცვლაც მოესწრო. გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა გოჩა სვანიძის გადადგომიდან ათიოდ დღეში დატოვა. არადა, სწორედ მას უნდა მიეყვანა ქართული რაგბი ახალ საარჩევნო ყრილობამდე. გორგასლიძის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი თორნიკე გოგებაშვილი.

აბუსერიძის გამარჯვება

რაგბის კავშირმა, სხვა სპორტული ფედერაციების მსგავსად, გაითვალისწინა სპორტის სამინისტროს რეკომენდაცია და საარჩევნო ყრილობა წლის ბოლოსთვის - 30 დეკემბრისთვის - დაგეგმა, მაგრამ ნანატრი არჩევნების გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ რამდენჯერმე დადგა.

პრეზიდენტობის სამი კანდიდატიდან ერთმა, ბაჩო ხურციძემ, გამოაცხადა, რომ ყრილობის ჩატარებამდე სამართლიანად და მკაცრად უნდა განსაზღვრულიყო რომელ დელეგატებს ექნებოდათ ხმის მიცემის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხურციძე ბოიკოტს გამოუცხადებდა არჩევნებს. გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე კი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით ერთ აზრზე იყვნენ. ათი თვის წინანდელისგან განსხვავებით, უკვე ერთმანეთის შეურაცხმყოფელ განცხადებებსაც ერიდებოდნენ.

ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე
ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე

სვანიძისა და აბუსერიძის მხარდამჭერები შერიგების მიზეზად ქართული რაგბის საფრთხის წინაშე დადგომას ასახელებდნენ. ამბობდნენ, რომ რაგბის შიდა საქმეებში გარეშე პირები ერეოდნენ, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ არჩევნები ჩაეშალათ, რათა დრო გაეწელათ და შემდეგ კავშირის პრეზიდენტად სასურველი ახალი კანდიდატი გაეყვანათ.

30 დეკემბერს არჩევნები მაინც გაიმართა და ხმების უმრავლესობით რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა. გოჩა სვანიძემ წაგება აღიარა, ბაჩო ხურციძემ კი საჯარო რეესტრს მიმართა საჩივრით.

თითქოს ყველაფერი დასრულდა. ახალი პრეზიდენტი სარაგბო სამყაროს ახალი წლიდან ახალი შემართებით მუშაობის დაწყებას დაჰპირდა, მაგრამ...

დახარვეზებული ყრილობა

არჩევნებიდან ერთ კვირაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოება შეეჩერებინა რაგბის კავშირის 30 დეკემბრის ყრილობის გადაწყვეტილებისთვის. მიზეზად დასახელდა განმეორებითი ყრილობის წესდების დარღვევით ჩატარებული განმეორებითი ყრილობა, რომელიც 2020 წლის 24 თებერვალს ჩაშლილი ყრილობიდან არაუგვიანეს ოცდაათ დღეში უნდა ჩატარებულიყო.

„კრება მოწვეულ იქნა წესდებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით", - ეწერა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში. იქვე მითითებული იყო, რომ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით სააგენტოს კავშირისგან უნდა მიეღო ორგანიზაციის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტი პრეზიდენტისა და გამგეობის წევრთა ცვლილების შესახებ.

ირაკლი აბუსერიძემ ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე გააკეთა განცხადება, რომ 30 დეკემბერს ყრილობა წესების სრული დაცვით ჩატარდა, მისი მომხრეები კი რაგბის შიდა საქმეებში გარეშე პირთა ჩარევაზე უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ და სიტუაციის ამრევებიც დაასახელეს: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძე, და ყოფილი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ირაკლი აბუსერიძისთვის მიცემული ოცდაათდღიანი ვადა ჯერ ამოწურული არ იყო, როცა რაგბის კავშირში ძველი გამგეობის წევრები შეიკრიბნენ და მორიგი საარჩევნო ყრილობის 24 თებერვალს გამართვა გადაწყვიტეს. ნაჩქარევი გადაწყვეტილება უცნაურად ახსნეს: თუ აბუსერიძე დაამტკიცებს, რომ 30 დეკემბრის არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, ჩვენი გადაწყვეტილება ავტომატურად გაუქმდებაო.

„წინასწარ იციან, რომ რეესტრი მათთვის სასურველ დასკვნას გააკეთებს და ახალი კანდიდატიც გამზადებული ჰყავთო“, უთხრა ერთ-ერთი აქციისას რადიო თავისუფლებას ვეტერანმა მორაგბემ, ბობა კვინიხიძემ.

მისი მოლოდინი გამართლდა: ეროვნულმა სააგენტომ წინასწარი გადაწყვეტილება არ შეცვალა, რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებსაიტმა კი მალევე ახალი კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ გაავრცელა განცხადება.

იოსებ ტყემალაძე

ირაკლი აბუსერიძის მხარეს მდგომი ვეტერანი მორაგბეების განცხადებით, ბიზნესმენ იოსებ ტყემალაძეს ქართულ რაგბისთან მხოლოდ ის აკავშირებს, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის, მეჯვარეა. ბიზნესმენი ვეტერანთა ნაწილს პირადადაც შეხვდა და უთხრა, რომ ქართულ რაგბიში სოლიდური ფინანსების ჩადებას გეგმავს. ამ დაპირების ბევრს არ სჯერა.

ტყემალაძეს მომხრეებიც საკმაოდ ჰყავს. იმდენი არა, 24 თებერვლის ყრილობაზევე რომ ჰყოფნოდა კვორუმისთვის და არჩევნების მოსაგებად, მაგრამ, თუ განმეორებით არჩევნებზეც იმდენივე დელეგატს შეკრებს, კვორუმიც და გამარჯვებაც განაღდებული ექნება.

იოსებ ტყემალაძე საპრეზიდენტო კანდიდატად საქართველოს რაგბის კავშირის ოცდაოთხმა სუბიექტმა წარადგინა, რომლებსაც არჩევნებში სულ ორმოცი ხმის უფლება აქვთ. განმეორებით საარჩევნო ყრილობაზე წარმატებისთვის ოცდათვრამეტი ხმაა საჭირო. შესაბამისად, მომავალი არჩევნები, რომელიც ათიდან ოცდაათ დღემდე ვადაში უნდა გაიმართოს, დიდი ალბათობით, პრეზიდენტის არჩევით დასრულდება, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება შემდეგ. ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ უსამართლობას არაფრით შეეგუებიან და, აუცილებლობის შემთხვევაში, სააშკარაოზე გამოიტანენ მტკიცებულებებს, თუ როგორ ხდება ხმის უფლების მქონე სუბიექტებზე ზეწოლა.

იოსებ ტყემალაძე კი ზეწოლაში თავად აბუსერიძის მომხრეებს ამხელს - რომ არა მათი მხრიდან წამოსული ემოციური წნეხი, დარბაზში მეტი დელეგატი შემოვიდოდა და არევნებიც ჩატარდებოდაო.

პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს უკიდურესად არეული სიტუაციის დალაგება ძალიან გაუჭირდება. იოსებ ტყემალაძე ეგრეთ წოდებული სარაგბო ოჯახის წევრი არაა და მორაგბეთა საკმაოდ დიდი ნაწილის აზრით, ვერასოდეს გახდება მათი პრეზიდენტი. მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, ჩაშლილი ყრილობის შემდეგ მომხდარი შელაპარაკებაც არ იქნება ორად გაყოფილი „ოჯახის“ ბოლო დაპირისპირება.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ ჩაიშალა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:48 0:00

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG