Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოჩა სვანიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხეს


საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სახით, დაახლოებით სამი საათი იკითხებოდა. გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაგბის კავშირისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის კანონიერებისა და უძრავი ქონების გასხვისების საკითხებზე თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვამდე საქმე აქამდე არ მისულა.

გოჩა სვანიძის საქალაქო სასამართლოში მისვლამდე გამოითქვა ეჭვი, რომ არსებობდა მისი დაკავების შესაძლებლობა. თავად ყოფილმა პრეზიდენტმაც და სასამართლოსთან მისულმა მისმა მხარდამჭერებმაც, საგამოძიებო უწყების გააქტიურების შესაძლო მიზეზად ქართულ რაგბიში ამჟამად მიმდინარე შიდა დაპირისპირება დაასახელეს.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სამსახურმა 4 თებერვალს უნდა განიხილოს რაგბის კავშირში 30 დეკემბერს გამართული ყრილობისა და საპრეზიდენტო არჩევნების რეგისტრაციის საკითხი და, სავარაუდოდ, სწორედ 4-ში გაირკვევა, შევა თუ არა ძალაში ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა.

„რაგბის კავშირში ფინანსურ გადაცდომებს ადგილი არ ჰქონია, ყველაფერს კანონიერად ვაკეთებდით და რაც ხდება, სრული აბსურდია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებში რამდენიმე უზუსტობა იყო და ამას ჩვენ ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში ვამბობდით. საქმე დიდი ხანია შესაწყვეტია და ჩემი დაკითხვაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამისთვის. ცუდს არაფერს ველოდები, მაგრამ ეს თუ მაინც მოხდება, ამას კანონთან და სამართლიან მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი ექნება", – უთხრა გოჩა სვანიძემ რადიო თავისუფლებას, საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.

XS
SM
MD
LG