Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ რაგბიში შიდა დაპირისპირებაა


საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიოს თასზე სათამაშოდ იაპონიაში ჩავიდა, ამასობაში კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რაგბის კავშირში შიდა დაპირისპირებაა. კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა ბაჩო ხურციძემ თანამდებობა დატოვა და რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ბაჩო ხურციძის მიერ რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძისადმი მიწერილი წერილი. ხურციძე აღნიშნავს, რომ არასწორი მენეჯმენტი, გაუაზრებელი საკადრო პოლიტიკა, ინერტულობა, რასაც ბოლო წლებში აქვს ადგილი, უამრავ პრობლემას ქმნის როგორც ზოგადად, ისე მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში.

„ურთიერთთანამშრომლობას დაპირისპირება არჩიეთ, შესაძლოა, თქვენი მხრიდან ჩემი კონკურენტად დასახვის გამო მიმდინარე წელს გასამართ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში. ღია ბრძოლის გამოცხადება მეტად კრიტიკულ პერიოდში, სწორედ მაშინ, როდესაც ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პირველი შეკრება დაიწყო, ჩემი ჩამოშორება მზადების ამ მნიშვნელოვან პროცესში მსოფლიო რაგბისთან კომუნიკაციისგან, ჩემი ამოღება ჩემპიონატზე მიმავალი დელეგაციის შემადგენლობიდან, რომლის ხელმძღვანელადაც ვიყავი წარდგენილი, დაბოლოს, ვაკანსიის გამოცხადება ამჟამად ჩემს მიერ დაკავებულ პოზიციაზე, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს გასაკეთებელი საქმის მიმართ.

ამგვარმა მმართველობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქართული რაგბის ასე სათუთად ნაშენებ რეპუტაციასა და იმიჯს, შეარყია მისი ფუნდამენტი“, - წერს ხურციძე და იქვე დასძენს, რომ ის და გოჩა სვანიძე ერთმანეთს შეხვდებიან საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელზეც თავად აპირებს გამარჯვებისთვის ბრძოლას.

ბაჩო ხურციძე საქართველოს რაგბის კავშირში 2008 წლიდან მუშაობდა. იყო საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი და ოპერაციული დირექტორი.

XS
SM
MD
LG