4-მა კომპანიამ არჩევნების შემდეგ მმართველ პარტიას 100-100 ათასი ლარი შესწირა; 2 კომპანიაში აცხადებენ, რომ "ოცნებას" ამ შემოწირულობებით "პანდემიასთან ბრძოლაში" ეხმარებიან.
პოლიტიკურმა პარტიებმა 2020 წლის დეკემბერში 1,6 მლნ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღეს, საიდანაც თანხის 96%-ზე მეტი მმართველ პარტიაზე მოდის. ოპოზიციურ პარტიებში ნინო ბურჯანაძის "ერთიანი საქართველო" ლიდერობს 31 000 ლარით.
"ქართულმა ოცნებამ" მაშინ, როცა პანდემიის საწინააღმდეგო "წერტილოვანმა შეზღუდვებმა" მრავალი ბიზნესი გააჩერა და ათი ათასობით მოქალაქე უმუშევარი დატოვა, ჯამში 1,5 მილიონ ლარზე მეტის შემოწირულობა მიიღო.
"პანდემია რომ არის, მაგიტომ ვწირავთ თანხას. ალბათ, მმართველი პარტია უკეთ განსაზღვრავს, როგორ გამოიყენოს ეს თანხა", - უთხრა რადიო თავისუფლებას შპს "ალიდას" 100-პროცენტიანი წილის მფლობელმა ალექსანდრე კურტანიძემ. მან დამატებითი კითხვების წერილობით მიწერა ითხოვა, რაზედაც ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.
"ალიდა" ერთ-ერთია დეკემბერში მმართველი პარტიის ყველაზე მსხვილი დამფინასებელი 4 კომპანიიდან.
შპს "ალიდამ" და შპს "ქართული ღვინის იმპერიამ" ერთ დღეს გადარიცხეს 100-100 ათასი ლარი მმართველი პარტიის ანგარიშზე.
"ქართული ღვინის იმპერიის" ხელმძღვანელი, დავით ბექურიძე 2019 წლის აპრილამდე შპს "ალიდას" დირექტორი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი იყო. მსხვილი შემოწირულობის მიზეზად ისიც პანდემიას ასახელებს:
"მივეხმარეთ პანდემიასთან ბრძოლაში... თვითონ გაანაწილებენ ზოგს კოვიდში [ფონდში], ზოგს სოციალურად დაუცველებზე... პარტია არ ეხმარება ყველაფერში?!"
100-100 ათასი ლარი "ოცნებას" შპს "ჯი. ეფ. სი.-მ" - 8 დეკემბერს, შპს "გოლდ ოილმა" კი 12 დეკემბერს გადაურიცხა. თუმცა ამ კომპანიებთან დაკავშირება, პანდემიის დროს მათი მსხვილი შეწირულობის ასახსნელად, მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.
საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით "გოლდ ოილის" მთავარი საქმიანობა საწვავის გაყიდვაა, "ჯი. ეფ. სი"-ს - სამაცივრე მეურნეობის უზრუნველყოფა, "ალიდა" არაცხოველური სურსათის მიწოდებითაა დაკავებული; "ქართული ღვინის იმპერია" კი მევენახეობით.
"ქართული ღვინის იმპერიის" ამჟამინდელი დირექტორი, დავით ბექურიძე წინა ხელისუფლების შემომწირველიც იყო. მან 2012 წლის აგვისტოში "ნაციონალურ მოძრაობას" 48 ათასი ლარი გადაურიცხა.
"ქართული ოცნების" ეს შემწირველი კომპანიები (ოფიციალური დასახელებებით) კოვიდფონდში თანხის შემტანთა ჩამონათვალში არ ფიგურირებენ. რადიო თავისუფლებას სურდა ეს ბექურიძესთან და კურტანიძესთანაც გადაემოწმებინა, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.