საშობაო ქადაგებიდან 12 საათის შემდეგაც საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე არ გამოქვეყნებულა. თეოლოგების თქმით, ბოლო 10-წლეულების განმავლობაში, გუშინ პირველად დაირღვა ტრადიცია და ეპისტოლე არ წაუკითხავთ.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, რომელიც ამავდროულად სინოდის წევრიც არის, დაინტერესებულ ჟურნალისტებს ამის მიზეზი ვერ განუმარტა.
"ხო წაიკითხა მეუფე დანიელმა იოანე ოქროპირი სიტყვა... [რატომ არ წაიკითხეს ეპისტოლე] არ ვიცი ვერ გეტყვით. როგორ არ აქვს ხალხისთვის სათქმელი, სულ ელაპარაკება".
"მნიშვნელოვანია, რომ ეპისტოლე არ წაკითხულა, ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა 44 წლის განმავლობაში. ის რაც მეუფე დანიელმა წაიკითხა ეს არის ლიტურგიულად გათვალისწინებლი წმინდა იოანე ოქროპირის ტექსტი, რომელსაც საშობაოდ კითხულობენ ყველა ტაძარში“, - ამბობს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ტიგინაშვილის თქმით, საქართველოს პატრიარქის ეპისტოლე ყოველთვის განსხვავდება ხოლმე, სხვა ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა ეპისტოლეებისგან შინაარსით, პათოსითა და აქცენტებით. საქართველოს რეალობაში აქცენტი პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს ეთმობა ხოლმე "როცა მოძმე ეკლესიებში სრულად საღვთისმეტყველო შინაარსის ტექსტებია ხოლმე".
ამდენად, გიორგი ტრიგინაშვილის თქმით, პატრიარქის ეპისტოლეს აქვს ის დატვირთვაც, რომ მისი შინაარსით შესაძლებელია საპატრიარქოს დამოკიდებულების და განწყობების გაგება.
„ჩვენს რეალობაში პატრიარქი გვევლინება, როგორც პოლიტოლოგი, როგორც ანალიტიკოსი, როგორც მიმომხილველი და ექსპერტი, ამ ეპისტოლეზე მუშაობს ხოლმე პატრიარქის ადმინისტრაციის აპარატი და ეპისტოლე სცდება ხოლმე პატრიარქის პრეროგატივას, კვალიფიკაციას, კომპეტენციას და იჭრება სეკულარულ სივრცეში“, - ამბობს გიორგი ტიგინაშვილი.
მისივე სიტყვებით, პატრიარქის ეპისტოლე ემსახურება ხოლმე საზოგადოებაში შიშების და უხერხულობის „და მორჩილების იმპულსების გაღვივებას“. ასევე, გამოხატავს პოლიტიკურ განწყობებს „რათა მეტი დივიდენდები და ფინანსური კონტრიბუცია მიიზიდოს სახელმწიფოსგან“, ამიტომ გიორგი ტიგინაშვის არ გამორიცხავს, რომ ეპისტოლეში, რომელიც წესით, გამოქვეყნება პოლიტიკური გააზრებებით სავსე იქნება.
ტიგინაშვილის ინფორმაციით, პატრიარქის, როგორც პირველი იერარქს ეპისტოლე, დაწერილი იყო, მაგრამ არ გამოქვეყნდა. ის ვარაუდობს, რომ თეოლოგთა ეპისტოლემ მოახდინა პატრიარქის ეპისტოლეს შინაარსზე გავლენა და აპირებენ, ალტერნატიული, რედაქტირებული შინაარსის ეპისტოლეს გამოქვეყნებას.
გუშინ, 6 იანვარს 14-მა თეოლოგმა და ეკლესიის ისტორიის ორმა მკვლევარმა „ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე“ გამოაქვეყნებს. წერილის ხელმომწერები მწუხარებით აღნიშნავდნენ, რომ ხშირად ეკლესიის გარშემო არსებულ პრობლემებზე უწევთ ყურადღების გამახვილება.
„ჩვენი - თეოლოგების საშობაო ეპისტოლის, ანუ წერილის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სავალალო და კრიზისული მდგომარეობის გაანალიზება და მსჯელობა, მის ირგვლივ ობიექტური სადისკუსიო გარემოს შექმნა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით წმინდა სინოდისათვის გამუდმებით იმის შეხსენება, რომ მათი უპირველესი სახარებისეული მისია ეკლესიაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების განხორციელება და პრევენციული სტრატეგიების შემუშავებაა“, - ნათქვამია „ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლეში“.
თეოლოგებსა და მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ყველა პრობლემის სათავე და მიზეზი არის პირველიერარქის მხრიდან საეკლესიო მმართველობის აბსოლუტური მიტაცება, რომელიც წმინდა სინოდს თითქმის ყველანაირ უფლებას ართმევს.