საქართველოს პარლამენტში რამდენიმე დღის წინ ახალი საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა, რომლის მიხედვითაც, პანდემიის დროს ღია სივრცეში პირბადის გარეშე სიარულისთვის პირი 20 ლარით დაჯარიმდება. იმის მიუხედავად, რომ ეს მხოლოდ საკანონმდებლო წინადადებაა და ჯერ არ ამოქმედებულა, 4 ნოემბრიდან პოლიცია დღეში ათეულობით მოქალაქეს აჯარიმებს.
პოლიცია თითოეულ მათგანს ეუბნება, რომ მათ დაარღვიეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მუხლი 42, 11 პრიმა). თუმცა კოდექსში ჩამოთვლილია, რა შემთხვევაში ჯარიმდება პირი - თუ ის პირბადის გარეშე იყო დახურულ საჯარო სივრცეში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილდება. მუხლში არსად არის ნახსენები "ღია საჯარო სივრცე".
ზუსტად ამას უხსნიდა რამდენიმე დღის წინ "გირჩის" ერთ-ერთი წევრი, ლევან ჯგერენაია პოლიციას, როცა მას ქუჩაში მარტო ყოფნის დროს პირბადის გარეშე გადაადგილების გამო აჯარიმებდნენ. ის არ გეგმავს საჯარიმო ქვითრის გასაჩივრებას, რადგან მიაჩნია, რომ ეს "პოლიტიკური პროცესი იქნება" და "სპექტაკლში მონაწილეობა "არ სურს.
რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, როგორ შეიძლება იმ რეგულაციით, რომელიც მხოლოდ დახურულ სივრცეში მოქმედებს დააჯარიმო მოქალაქე, რომელიც არა დახურულ, არამედ ღია სივრცეში იმყოფებოდა. უწყება პასუხში მიგვითითებს კოდექსის იმ ფრაგმენტზე სადაც წერია: "პირბადის ტარების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან მთავრობის მიერ სამინისტრო." უწყება ირწმუნება, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარებისთვის სანქცირება კანონიერია, რადგან კოდექსის შესაბამისად ასე დაადგინა მთავრობამ. თუმცა საკანონმდებლო ცვლილება დამატებით იმ მიზეზით დაარეგისტრირეს, რომ დროებითი რეგულაცია კანონად ექციათ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რომ ეს სიტყვები, მთავრობას მხოლოდ დახურულ სივრცეში რეგულაციების დაზუსტების უფლებას აძლევდა, ღია სივრცეზე სანქციების გაფართოების შესაძლებლობას კი - არა.
"რეალობა ასეთია: დახურულ სივრცეში პირბადეს თუ არ ატარებ დაჯარიმდები და ღია სივრცეში ვალდებულება გვაქვს [ატარო პირბადე], მაგრამ ვერ უნდა დავჯარიმდეთ... მთავრობას შეეძლო ახალი დადგენილებით სავალდებულო გაეხადა პირბადის ღია სივრცეში ტარება, თუმცა სანქცირების განსაზღვრა მაშინაც არ შეეძლო - ეს მხოლოდ კანონით რეგულირდება".
სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ გარდა იმისა, რომ მთავრობამ კანონთან შეუსაბამო ნორმა მიიღო, პრობლემურია მისი გამოყენების პროპორციულობის საკითხი და პირბადის ტარებას სავალდებულოს ხდის იმ სივრცეშიც, სადაც ვირუსის გადადების რისკი არ არსებობს.
"დადგენილებაში არ არის განსაზღვრული ღია სივრცეში რა შემთხვევაშია პირბადის ტარება საჭირო. სადაც არ არის საჭირო, თუნდაც ტყეში მარტო ყოფნის დროს, იქაც გვავალდებულებს - ამას არავითარი მიზანი არ აქვს".
საიას იურისტი ყველა მოქალაქეს, რომელიც ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის გამო დააჯარიმეს, ურჩევს, საჯარიმო ქვითარი გაასაჩივროს. ორგანიზაცია მზად არის მათ დაეხმაროს.