Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ის, რომ შეცდომა მოგვივიდა, არ არის სკანდალური ინფორმაცია - ინტერვიუ ელენე ნიჟარაძესთან


11 დეკემბერის საღამოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმის დათვლის პარალელურ სისტემაში ხარვეზი იპოვეს, რამაც შეცვალა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები.

ცვლილების შედეგად, „ქართულ ოცნებას” 1,8%-ით გაეზარდა შედეგები და დაუახლოვდა ცესკოს მონაცემებს. იმავე საღამოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ოპოზიციას, რომელსაც მოლაპარაკებებში მთავარი არგუმენტი გამოეცალა არჩევნების გაყალბების შესახებ, ბოდიში უნდა მოეხადა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო მოლაპარაკებები ელჩების ჩართულობით. პროცესს წინ უძღოდა „ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხმის დათვლის შედეგები პრობლემატური იყო, და „ფორმულის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციაზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა.

12 დეკემბერს, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ პირადად მისთვისაც და ორგანიზაციისთვისაც მძიმე იყო განცხადების გამოქვეყნება ხარვეზის შესახებ, 13 დეკემბერს კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღმა იდგა სტანდარტი, რომელიც ორგანიზაციამ დაიცვა და რომელსაც ითხოვენ სახელმწიფო სტრუქტურებისგან, მათ შორის, ცესკოსგან. ელენე ნიჟარაძე ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციას 2020 წლის 30 ივნისიდან იკავებს.

გარდა განცხადების შინაარსისა, რაც თქვენ გამოაქვეყნეთ, მნიშვნელოვანი იყო დრო - ამ დღეს მედია საუბრობდა თქვენ მიმართ ზეწოლაზე, ხელისუფლებას კი უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ თქვენს შედეგებს პრობლემა ჰქონდა სიზუსტის თვალსაზრისით.

ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, როგორ და როდის უნდა გამოგვექვეყნებინა აუდიტის შედეგები - ამას მომდევნო კვირაში ვაპირებდით ანგარიშის სახით, გვინდოდა დისკუსიის მოწყობა და იმის თქმაც, რისი თქმაც ამ ფორმით [განცხადების გავრცელებით] მოგვიწია. რეალურად, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ხელისუფლება ფასილიტატორების ჩართულობით ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრებზე იყენებდა ამ თემას. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერი საქციელი იყო. ისინი ერთი მხრივ ამბობენ, რომ იცოდნენ ხარვეზის შესახებ, მეორე მხრივ, ეს თემა შემოჰქონდათ მოლაპარაკებებში და პირობას ამის მიხედვით აყენებდნენ - გაუგონარი ფაქტია.

დაუყოვნებლად გამოქვეყნების გადაწყვეტილება მაგიტომაც მივიღეთ, რომ „ქართულ ოცნებას” აღარ ჰქონოდა ამ საკითხით მანიპულირების საშუალება მოლაპარაკების პროცესში და ისედაც, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ კი, ჩვენ გვქონდა პრობლემა და ვიპოვეთ ხარვეზი, მაგრამ უფრო დიდი პრობლემაა ის, როგორც ჩატარდა არჩევნები და მთავარი კითხვები მათ უნდა დავუსვათ ამ თემაზე.

ჩვენთვის მთავარი იყო გამჭვირვალობის სტანდარტი, რაც ორგანიზაციას აქვს და რაზეც სხვას მოვუწოდებთ, მათ შორის, სახელმწიფო უწყებებს და ცესკოს. ეს სტანდარტი უნდა დაგვეცვა და გვეთქვა, რომ კი, გვქონდა პრობლემა. ამ დრომდე ასეთი რამ არასოდეს მომხდარა და საზოგადოებისთვის ალბათ იმიტომაც იყო ძნელად მისაღები, რომ არავინ უშვებდა ჩვენი მხრიდან შეცდომის დაშვების ალბათობას.

აქამდე არასოდეს არ შეგვშლია, როცა შეგვეშალა, გამოვედით და ვთქვით.

თუმცა დრო მაინც მნიშვნელოვანია, როცა ეს თქვით - რა პერიოდიდან გქონდათ ეჭვი ხარვეზის არსებობაზე და როდის დადასტურდა ეს ეჭვი?

აუდიტი დავიწყეთ ნოემბერში, არჩევნების პირველი ტურის დამთავრებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ. შიდა აუდიტს ყოველი არჩევნების შემდეგ ვატარებთ და არასოდეს ამ დრომდე არანაირი ხარვეზი არ გამოუვლენია აუდიტს.

რაღაც ეტაპზე გამოვლინდა უკვე ხარვეზი, მაგრამ სანამ აუდიტი სრულად არ არის ჩატარებული, დასკვნებს ერთ თემაზე არ ვაკეთებთ ხოლმე: შეიძლება პროცესში აღმოჩენილ გაურკვევლობას ახსნა ჰქონდეს.

PVT [ხმების პარალელური დათვლა] მხოლოდ შედეგები ხომ არ არის, ეს არის მთელი დღის საარჩევნო პროცესის დაკვირვება საარჩევნო უბნების გახსნიდან ოქმის შედგენამდე. რამდენიმეკომპონენტიანი პროცესია, ყველა იმ კითხვას და მონაცემებს ვამოწმებთ, რაც შედის ხმების პარალელური დათვლის [PVT] კითხვარში - მაგალითად, აქტივობებს საათების მიხედვით, დარღვევებს, ოქმების მონაცემებს და ა.შ. ზოგადად, PVT მეთოდოლოგია ძალიან გამართული მეთოდოლოგიაა, წესით, საათის მექანიზმივით მუშაობს, ისეთი აწყობილია - თეორიულადაც კი ძნელი დასაშვებია, რომ ხარვეზი მოხდეს.

თქვენ გქონდათ შეხვედრა მმართველი პარტიის წევრებთან, სადაც ისინი ითხოვდნენ PVT უბნების შესახებ ინფორმაციას და ამ უბნების დოკუმენტაციას. ეს ინფორმაცია არ მიეცით - რა იყო ხელისუფლების ინტერესი, რისთვის სჭირდებოდა ეს მონაცემები?

PVT უბნების მონაცემები არის კონფიდენციალური, არავისზე არ ხდება ამ ინფორმაციას გაცემა. ეს არის სტანდარტი.

ჩვენ ამ მონაცემებს იმიტომ ვიცავთ, რომ უბნები არ იყოს იდენტიფიცირებული, არავინ სცადოს იმ უბნების დამკვირვებლებზე ან კომისიის წევრებზე ზეწოლა, ან ხელოვნურად სურათის შეცვლა, თუკი ცნობილი იქნება, რომელი უბნები მონაწილეობენ ხმის პარალელურ დათვლაში. ეს უბნები შერჩეულია შემთხვევითად, მაგრამ სხვადასხვა არჩევნებზე მეორდება და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს უბნები იყოს კონფიდენციალური.

დამკვირვებლებმაც კი არ იციან ხოლმე, არჩევნების დღეს PVT უბანზე იმყოფებიან თუ არა.

მედია საუბრობდა იმაზეც, რომ ორგანიზაციაზე იყო ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან, შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ შეცვლილი მონაცემები შეიძლება ყოფილიყო ზეწოლის შედეგიც.

ჩვენ ყოველთვის ყველა არჩევნების შემდეგ ვახორციელებთ აუდიტს მაღალი სტანდარტის დასაცავად. არასოდეს აქამდე არ გვიპოვია აუდიტის შედეგად ხარვეზი, ახლა ვიპოვეთ და ვთქვით. მანიპულაცია იყო ხელისუფლების მხრიდან იმის თქმა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნით დავიწყეთ აუდიტის ჩატარება. რაც შეეხება ზეწოლას ჩემზე და ორგანიზაციაზე, არ ყოფილა. რომ მომხდარიყო, მაშინვე გამოვაქვეყნებდი ინფორმაციას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნებოდა „ქართული ოცნება” თუ ვინმე სხვა.

ფიქრობთ თუ არა, რომ ხარვეზის აღმოჩენასა და ამაზე გაკეთებულ განცხადებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გამოძიება, საიდან ჰქონდა ხელისუფლებას ინფორმაცია თქვენს ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებზე?

საიდან ჰქონდათ ინფორმაცია მანამ, სანამ ის საჯაროდ გავრცელდებოდა, ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცენ მათ, ვისაც ჰქონდა ეს ინფორმაცია. მათ გააჩინეს კითხვის ნიშნები ამის შესახებ. მე ვარაუდის დონეზეც კი არ ვიცი, საიდან უნდა გაეგოთ, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ, მაგალითად, ჩემს სატელეფონო ჩანაწერებს ისმენენ. არ მაქვს იმედი, რომ ამაზე გამოძიება დაიწყება და რომც დაიწყოს, რაიმე შედეგი ექნება. თუმცა კითხვები, რა თქმა უნდა, მაქვს და მაინტერესებს, საიდან ჰქონდათ ინფორმაცია.

ორგანიზაციის განცხადების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუფარავი სიხარული გამოხატეს და თქვეს, რომ ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს და მოლაპარაკებების გაგრძელება ეჭვის ქვეშ დადგა. რას ცვლის რეალურად გამოვლენილი ხარვეზი ამ არჩევნების შეფასებისას?

ის, რომ ჩვენ შეცდომა მოგვივიდა და ხარვეზი ვიპოვეთ, არ არის სკანდალური ინფორმაცია, როგორც ცდილობს ამის წარმოჩენას ხელისუფლება. მეტიც, ჩვენი შეცდომა არ ცვლის ჩვენს შეფასებას ამ არჩევნების მიმართ.

ხელისუფლებამ თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ რეალურად ეს ხარვეზი და შეცვლილი პროცენტები შედეგებში სურათს არ ცვლის. მანდატების განაწილებაც კი არ იცვლება, არათუ ის, რომ ეს არჩევნები პრობლემურად ჩატარდა.

ჩვენთვის ამ არჩევნებზე მთავარი პრობლემა იყო 8%-იანი დისბალანსი [როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას], რაც აქამდე არ დაფიქსირებულა არც ერთ არჩევნებში. დისბალანსის ასეთი მაღალი რაოდენობა მიუთითებდა იმაზე, რომ ბიულეტენებში სერიოზული ხარვეზები იყო და ამიტომაც ვითხოვდით, ცესკოს გადაეთვალა უბნები, რაც არ გააკეთა. ასევე დიდი პრობლემა იყო კარუსელები, რომელიც არის ორგანიზებული დარღვევა, ამას ერთი ადამიანი არ აკეთებს და ამაში ცენტრალური საარჩევნო კომისიაც არის ჩართული - აღარაფერს ვამბობ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ძალადობის ფაქტებზე და ნების კონტროლზე, რაც ამ არჩევნებზე გამოვლინდა.

პრობლემაა ისიც, რომ ჩვენს ხარვეზს ხელისუფლება მოლაპარაკებების დროს იყენებდა ისე, რომ ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით.

XS
SM
MD
LG