Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს განცხადება საკმარისი არაა! - თეა წულუკიანი ISFED-ს მიმართავს


პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი „ფეისბუკით“ გამოეხმაურა „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის კომენტარს პარალელური დათვლის კორექტირებასთან დაკავშირებით და დაწერა, რომ „შეცდომის“ აღიარება საკმარისი არაა და ორგანიზაციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

იუსტიციის ყოფილი მინისტრის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ შეცდომამ გამოიწვია „საძაგელი და უზრდელი“ თავდასხმები ცესკოზე და ხელი შეუწყო „სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს“.

„მოიხადეთ ბოდიში "ხარვეზისათვის" (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის!“ - წერს თეა წულუკიანი.

მისი ეს განცხადება პასუხია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის კომენტარზე, რომ მისი ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხმის პარალელური დათვლის შედეგების კორექტირების შესახებ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო, თუმცა მისი გამოქვეყნება მაღალი სტანდარტების დაცვის აუცილებლობით იყო ნაკარნახევი.

ლაპარაკია 11 დეკემბერს „სამართლიანი არჩევნების“ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, თუმცა აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ISFED-ის პარალელური დათვლით „ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ 47.6%-ია. სხვაობა 1.8%-ს შეადგენს.

XS
SM
MD
LG