Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანიის მფლობელებმა, რომელიც სახელმწიფოს მილიონიან ტენდერებს იგებენ, "ქართულ ოცნებას" 120 ათასი ლარი შესწირეს


საქართველოს პარლამენტის მე-8 მოწვევის დეპუტატმა, სერგო ხაბულიანმა და მისმა შვილმა, ბექა ხაბულიანმა ერთსა და იმავე დღეს, 13 ოქტომბერს, "ქართულ ოცნებას" ჯამში 120 ათასი ლარი შესწირეს. თითომ - 60 ათასი, რაც საქართველოს კანონმდებლობით, ფიზიკური პირისგან შემოწირულების მაქსიმალური რაოდენობაა.

სერგო ხაბულიანი რამდენიმე კომპანიას ფლობს, მათ შორის ერთ-ერთი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მომუშავე შპს “ცეკურია”, რომლის წილიც მის შვილს, ბექა ხაბულიანსაც ეკუთვნის. წლების განმავლობაში კომპანიას სახელმწიფოსთან არაერთი, რამდენიმემილიონიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტენდერი 2019 წელს მოიგო. 33,6 მლნ ლარად ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზა უნდა დააგოს. ამავე მაგისტრალის სხვა მონაკვეთის დასაგებად 4,4 მლნ-ლარიანი ხელშეკრულება კომპანიამ უკვე 2020 წელს გამოცხადებული ტენდერის მოგების შემდეგ დადო.

ხაბულიანი საქართველოს პარლამენტის წევრი 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობით გახდა. თუმცა ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ წაგების შემდეგ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა.

რადიო თავისუფლებამ მას ჰკითხა, „ნაციონალური მოძრაობის” სახელით 2012 წელს პარლამენტში შესულმა დეპუტატმა რატომ გადაწყვიტა 2020 წელს „ქართული ოცნების” დაფინანსება.

„ხო არ ჯობდა, გეკითხათ, რატომ დამიჭირა 2007 წელს "კუდმა", 2010 წელს პროკურატურამ ადეიშვილის ხელმძღვანელობით და მერე გაგერკვიათ, როგორ მოვხვდი პარლამენტში... მე თუ ვინმეს რამეს შევწირავ, არავისთვის საკითხავი არ მაქვს, მით უმეტეს, თქვენთვის. მე თუ ვინმეს რამეს ვწირავ, [მიზეზი ისაა, რომ] მშვიდობას მხარს ვუჭერ და არ მინდა არეულობა“, - თქვა მან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მამა-შვილი ხაბულიანები პოლიტიკურ კამპანიას აფინანსებენ. მათ სალომე ზურაბიშვილს 60-60 ათასი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 2018 წლის 14 დეკემბერს შესწირეს. ზურაბიშვილს საარჩევნოდ მილიონი ლარის ოდენობის ვალი ჰქონდა აღებული, რომელიც გამარჯვების შემდეგ 2019 წლის იანვარში დაფარა.

XS
SM
MD
LG