წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ქართული ფეხბურთი საერთაშორისო არენაზე დამოუკიდებელი სახელით გავიდა, საქართველოს ნაკრებმა ბევრი საინტერესო შეხვედრა ჩაატარა. შთამბეჭდავი გამარჯვებებიც არაერთხელ მოიპოვა, მაგრამ... ბულგარეთთან, რუსეთთან, უნგრეთთან, შოტლანდიასთან, ესპანეთთან, ხორვატიასთან მოგებები მხოლოდ მომენტალური გამონათებები იყო. საერთო ჯამში კი საქართველოს ნაკრები ნელ-ნელა საშუალოზე დაბალი დონის გუნდად ჩამოყალიბდა და სამი ათეული წლის წინ დასახულ მთავარ მიზანს - ეთამაშა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ერთხელაც ვერ მიაღწია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მიზანთან ახლოს მისვლაც ვერ შეძლო.
ახლა დიდი ხნის ოცნების ახდენა ისეთი რეალურია, წარუმატებლობებით დაღლილი და ფეხბურთზე ხელჩაქნეული გულშემატკივრებიც სტადიონისკენ მიაბრუნა. ორი თამაშის მოგებაც და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. თან ვისთან მოგება - ჩვენსავით საშუალოზე დაბალი დონის მეტოქეებთან. ჯერ ბელარუსთან და ნოემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ან კოსოვოსთან. თან ორივე გადამწყვეტი თამაში თბილისში უნდა გაიმართოს!
ამ შემოდგომაზე წყდება, როგორი იქნება ქართული ფეხბურთის უახლოესი წლების პერსპექტივა. ნანატრი ევროსაგზური და უიმედო გზიდან აღმართისკენ გადახვევა თუ ისევ ფსკერზე დაშვება.
ვეტერანი ბომბარდირის შეგულიანება
„ბიჭებო, ასეთ თამაშში მონაწილეობაზე ყველა ვოცნებობდით. თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი, გააკეთოთ ყველას გასაკეთებელი“ - ასე დაიწყო საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ მოკლე განცხადება, რომელიც ცოტა ხნის წინ, ფეისბუქის პირად გვერდზე ატვირთა.
შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებში 1992-2007 წლებში თამაშობდა. 62 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა და ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა. ქინქლაძე-ქეცბაია-არველაძეების თაობას დღესაც ყველაზე ნიჭიერ გუნდად იხსენებენ გულშემატკივრები, მაგრამ... საკლუბო დონეზე ბრწყინვალედ მოთამაშე ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ვერაფერს მიაღწიეს. შოთა არველაძე ახლანდელი ნაკრების წევრებს მიმართავს, რომ მათ შეუძლიათ, გააკეთონ ყველას გასაკეთებელი.
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის საგზური საქართველოს ნაკრებმა უეფას ახალ სანაკრებო ტურნირზე - ერთა ლიგაზე წარმატებით მოიპოვა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, 2018 წლიდან, ევროპირველობის ტრადიციული შესარჩევი ციკლის პარალელურად, გუნდებს ევროპირველობაზე მოხვედრის დამატებითი შანსი მისცა. უეფას წევრი 55 ქვეყნის ნაკრები საფეხბურთო რეიტინგების მიხედვით დაჰყო და ოთხ დივიზიონში გადაანაწილა.
საქართველოს ნაკრები ყველაზე დაბალრეიტინგიან D დივიზიონში მოხვდა, სადაც ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფი დაკომპლექტდა. ქართველმა ფეხბურთელებმა ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორის ნაკრებებთან ორ-ორჯერ ითამაშეს, ჯამში ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ხუთი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს, ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავეს და პლეი ოფის საგზურიც მოიპოვეს. სხვა ჯგუფებიდან პლეი ოფში გავიდნენ ბელარუსი, ჩრდილოეთ მაკედონია და კოსოვო. სწორედ ამ ოთხ ნაკრებს შორის უძლიერესი გაინაღდებს 12 ნოემბერს, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საგზურს.
უეფას გადაწყვეტილებით, პლეი ოფის ნახევარფინალი და ფინალი თითო მატჩისგან შედგება. მასპინძელი ნაკრებების ვინაობა კი წილისყრით გაირკვა და... ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებს გაუმართლა - საკუთარ მოედანზე ითამაშებს ნახევარფინალს და თუ ფინალში გავა, გადამწყვეტ მატჩსაც.
საქართველოს ამჟამინდელ ნაკრებს საოცნებო ტურნირამდე მისასვლელად, გაცილებით იოლი გზა ერგო, ვიდრე წინა თაობების ნაკრებებს, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდის წარმატების დაკნინება არასწორი იქნება. თუნდაც
დაბალკალიბრიან მეტოქეებთან სტაბილურად დადებითი შედეგის ჩვენება ჩვენს ნაკრებს ყოველთვის უჭირდა.
ბოლო წლების გამარჯვებების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი იყო გიორგი ჩაკვეტაძე - ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლამის მარტომ გადაწყვიტა რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაშის ბედი. ჩაკვეტაძე თანამედროვე ქართული ფეხბურთის ნათელი წერტილია, რამდენიმე ასევე იმედისმომცემ ახალგაზრდასთან ერთად.
ბოლო თვეებში, „ახალი იმედის თაობაზე“ საუბარი საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიათი იწყება. 19 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულება კვირიდან კვირამდე იზრდება. უკვე ათ მილიონ ევროს გასცდა. ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდში - ყაზანის „რუბინში“ თამაშობს, მაგრამ საოცარი თამაშიდან გამომდინარე, თქმაც არ უნდა, მას აქტიურად აკვირდებიან ევროპული ფეხბურთის გრანდების სკაუტები. იმედია, ყველა ქართველისთვის სასიხარულო ტრანსფერამდე დიდი დრო არ დარჩა.
საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 26 მარტს უნდა გამართულიყო. შეხვედრაზე დასასწრები ყველა (55 ათასი) ბილეთი თამაშამდე ერთი თვით ადრე, ერთ კვირაში გაიყიდა, მაგრამ კორონავირუსის გამო, პლეი ოფი გადაიდო. ნანატრი დღეც დადგა, მაგრამ ბილეთების მფლობელები „დინამოარენაზე“ მაინც ვერ შევლენ. ამჯერადაც კორონავირუსის გამო, ოღონდ ახლა უკვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით...
თუ საქართველოში, ბოლო ერთი კვირა, თამაშზე დასწრება-ვერდასწრების საკითხი იყო აქტუალური, ბელარუსის საფეხბურთო წრეებში მთავარ სასაუბრო თემად გუნდის დაკომპლექტება იქცა. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, ნაკრებს რამდენიმე საჭირო ფეხბურთელი გამოაკლდა. მოსკოვის „ცსკა“-ს თავდამსხმელმა ილია შკურინმა მინსკის აქციების მონაწილეებს დაუჭირა მხარი და გაავრცელა განცხადება, რომ ნაკრებში იქამდე აღარ ითამაშებს, სანამ ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა იქნება.
ბელარუსის ნაკრების გამოცდილმა წევრმა, 32 წლის სტანისლავ დრაგუნმა ახლახან, სოციალურ ქსელში თანადგომა გამოუცხადა საკალათბურთო ნაკრების წევრ ალენა ლეუჩანკას, რომელიც მინსკის აქციებში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. დრაგუნს თავად არ უთქვამს უარი თბილისის მატჩში მონაწილეობაზე. სანაკრებო განაცხადს მიღმა ის მთავარმა მწვრთნელმა დატოვა. ოფიციალურ მიზეზად კორონავირუსი დასახელდა.
დრაგუნს სექტემბრის ბოლოს მართლაც დაუდასტურდა COVID-19, მაგრამ უკვე ჯანმრთელადაა და თავის კლუბში - ბორისოვოს „ბატეში“ სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
სოციალურ ქსელებში, ბელარუსი ქომაგების ნაწილი, პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებულ ნაკრებს პროტესტს უცხადებს.
7 ოქტომბერი
თამაშისის წინა დღეს, საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებმა „დინამოარენაზე“ ტრადიციული წინასამატჩო ვარჯიშები ჩაატარეს. მწვრთნელებმა კი სავალდებულო პრესკონფერენციები მოილიეს. სტუმართა ნაკრების დამრიგებელმა მიხაილ მარხელმა სტუმართა ნაკრების დამრიგებლისთვის დამახასიათებელი ტრაფარეტული ფრაზებით ისაუბრა - თქვა, რომ ძლიერი მეტოქე ჰყავს, მაგრამ მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს და შეეცდება, შეხვედრა სასურველი შედეგით დაასრულოს.
აქვე ვლადიმირ ვაისის კომენტარიც:
„სულით და გულით უნდა ვითამაშოთ. საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის. მილიონობით ქომაგი სახლებიდან დაგვიჭერს მხარს. ვიცით, როგორ ელოდებიან გამარჯვებას და ისინი აუცილებლად უნდა გავახაროთ. ამ მატჩის შედეგით ერთი გუნდი გაიხარებს და იმედია, ეს გუნდი ჩვენ ვიქნებით“.
საქართველოს ნაკრების სლოვაკმა თავკაცმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ერთი ცუდი ამბავიც გაამხილა - გიორგი ჩაკვეტაძე ბელარუსთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ისეთი სიწყნარე, დღევანდელი თამაშისას რომ იქნება, „დინამოარენაზე“, იშვიათად ყოფილა. ქართველი ფეხბურთელები მეტოქეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღის - ქომაგების მხარდაჭერის გარეშე დაუხვდება. ამ სიწყნარეში უნდა მოიპოვოს ახალი იმედის თაობამ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება. ერთ თვეში კი, წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა ელით.