Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ნაკრები საქართველოში მინსკის აქციების მხარდამჭერი ფეხბურთელების გარეშე ჩამოვა


ბელარუსის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის მოსამზადებლად შემადგენლობა დაასახელა და უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ 8 ოქტომბერს, „დინამოარენაზე“ მარხელის გუნდს ორი წამყვანი მოთამაშე არ ეყოლება - ილია შკურინი და სტანისლავ დრაგუნი. ბელარუსის ნაკრების გულშემატკივრები სიციალურ ქსელებში წერენ, რომ მიზეზი მათი პოლიტიკური ხედვაა.

მოსკოვის „ცსკა“-ს თავდამსხმელმა ილია შკურინმა მინსკის აქციების მონაწილეებს დაუჭირა მხარი და გაავრცელა განცხადება, რომ ნაკრებში იქამდე აღარ ითამაშებს, სანამ ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა იქნება.

სტანისლავ დრაგუნმა სოციალურ ქსელში თანადგომა გამოუცხადა ბელარუსის საკალათბურთო ნაკრების წევრ ელენა ლევჩენკოს, რომელიც აქციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს. დრაგუნის შემთხვევაში, სანაკრებო განაცხადს მიღმა დარჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მან ახლახან კორონავირუსი გადაიტანა, თუმცა ბორისოვის „ბატეს“ 32 წლის ნახევარმცველი მინდორს უკვე დაუბრუნდა.

საქართველოს ნაკრებისთვის 8 ოქტომბერს გასამართი მატჩი უმნიშვნელოვანესია - ბელარუსთან მოგების შემთხვევაში, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ გუნდს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩება.

XS
SM
MD
LG