საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ 8 ოქტომბერს, თბილისის „დინამოარენაზე“ გასამართ მატჩში, საქართველოს ნაკრები ბელარუსს ცარიელი ტრიბუნებით დაუხვდება. ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ქომაგებს ფედერაციის ვებსაიტზე და ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული განცხადებით მიმართა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე მაყურებლების დასწრების საკითხზე დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო, წინასწარი გადაწყვეტილებაც მიიღეს - არ ისარგებლონ უეფას შეთავაზებით. საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც დაესწრო.
8 ოქტომბრის მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის, არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. თუ ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ბელარუსის ნაკრებს დაამარცხებს, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ფინალის საგზურს მოიპოვებს და ნანატრი მიზნის მისაღწევად ერთი მატჩის მოგებაღა დასჭირდება, რომელიც 12 ნოემბერს, ისევ თბილისში გაიმართება, კოსოვოსთან ან ჩრდილოეთ მაკედონიასთან.
ორიოდ დღის წინ, უეფამ თავისი ეგიდით ჩასატარებელ სანაკრებო და საკლუბო ტურნირებზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა და კონკრეტული თამაშის მასპინძელ ქვეყნებს სტადიონის ტრიბუნების ოცდაათი პროცენტით შევსების უფლება მისცა. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში, ბელარუსის წინააღმდეგ თამაშისას, საქართველოს ნაკრებისთვის ტრიბუნებიდან დაახლოებით თექვსმეტი ათას გულშემატკივარს უნდა ექომაგა.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია თითოეული გულშემატკივრის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგებს, ამ ისტორიული შეხვედრისას სახლიდან უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ” - წერია სფფ-ს განცხადებაში.