საზოგადოებრივ მაუწყებელს რამდენიმე საათში ახალი დირექტორი ეყოლება. კენჭისყრა ხვალ, 25 სექტემბერს, 15:00 საათზე დაინიშნა. 9-წევრიან სამეურვეო საბჭოს ხვალ დირექტორის არჩევა 3 კანდიდატიდან მოუწევს. ალექსანდრე ვახტანგოვმა კანდიდატურა გასაუბრების დასრულების დროს მოხსნა.
დირექტორად არჩევის შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს "ოქროს ხანას" ჰპირდება მომღერალი ირმა სოხაძე:
"თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ კარგია, რაც ხდება და არაფერი შესაცვლელი არაა, მე გავიგებ. აქ არის ადამიანი, რომელიც ამ საქმეს აკეთებს უკვე სამი წელია, გააგრძელებს [თიკო ბერძენიშვილი]. თუ თქვენ გნებავთ ძირეული ცვლილებები ყოვლგვარი ტკივილის გარეშე და გავაცოცხლოთ და დავუბრუნოთ საზოგადოებას, მე აქ ვარ".
მან გასაუბრების ისაუბრა, თუ როგორი ტიპის წამყვანებს მიანიჭებს უპირატესობას დირექტორად არჩევის შემთხვევაში.
"ჩემხელას რომ ვუყურებ, უფრო მჯერა, ვიდრე ძალიან ლამაზი, საყვარელი, მაგრამ ბავშვის. რომლისაც რატომღაც არ მჯერა, არ მგონია, რომ ის იმას აკეთებს და ლაპარაკობს, რაც ჩემთვის მისაღებია. ერთი სიტყვით ავტორიტეტები, "ფეისები" სჭირდება არხს... წამყვანი მაყურებელზე ჭკვიანი უნდა იყოს. სხვანაირად აზრი არ აქვს ტოქშუებს, არავინ გვიყურებს".
საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმებსა და მიმდინარე პროექტებს დაუთმო დრო თიკო ბერძენიშვილმა. ის ახლა დირექტორის პირველი მოადგილეა და დირექტორის მოვალეობას ასრულებს. მან პრეზენტაციის დროს თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ გზას ადგას, რომელიც მას გადაარჩენს.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის წარსული, არის მომავალი იმ გარემოში, სადაც მედიაეკოლოგია არის დაბინძურებული. ეს არის გადარჩენის გზა იმ კუთხით, რომ დაიცვას ეს მაღალი სტანდარტი და შეასრულოს მედიასტანდარტები", - თქვა მან.
მისი აზრით, მაუწყებლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ქართული, ეროვნული მედიაპროდუქტის განვითარებაა.
"ამას გავუსვამ ხაზსს იმისთვის, რომ ეს არის მისი მთავარი ფუნქცია. ხშირად ჩვენ ეს გვავიწყდება ხოლმე და მხოლოდ ახალ ამბებზე და მიმდინარე მოვლენებზე ვსაუბრობთ ხოლმე. მან უნდა შეძლოს და ორგანიზაციის გარეთ განავითაროს გარე წარმოება", - თქვა მან.
ბერძენიშვილისგან განსხვავებით, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მაუწყებლის განვითარებას ყალბი ინფორმაციის დაცვის კუთხით მაყურებლის შემეცნებაში ხედავს. მისი თქმით, წლებია საქართველო საინფორმაციო ომის წინააღმდეგ იბრძვის და ყალბი ინფორმაციისგან დაცვა პრინციპული საკითხია.
"დღეს ახალი გამოწვევების პირობებში სახელმწიფოსა და საზოგადოების საინფორმაციო უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი", - თქვა მან.
მისი ხედვით, აუცილებელია საზოგადოებამ მაუწყებლის ეთერით ნახოს წარმატებული ადამიანების ისტორიები, რათა დაინახოს, რომ ის წარმატებული ქვეყნის მოქალაქეა. მას მიაჩნია, რომ მაუწყებელმა მომავალზეც უნდა იფიქროს და მაყურებელს შესთავაზოს მულტიმედიური პროდუქტები ისეთ თემებზე როგორიც არის "მომავლის ეკონომიკა" და ა.შ.
ლაგაზიძე, რომელიც ფეიკნიუსებთან ბრძოლაში ხედვას მაუწყებლის განვითარებას, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში სამეურვეო საბჭოს წევრებმა გასაუბრებაზე დაადანაშაულეს. გაირკვა, რომ კანდიდატს არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია მაუწყებლის ბიუჯეტსა და ხარჯებზე.
ახალ დირექტორის კონკურსში განაცხადების მიღების შემდეგ სამეურვეო საბჭომ ამ თანამდებობაზე ხელფასი 2,5-ჯერ 12 500 ლარამდე გაზარდა. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსის მიმართ ინტერესი ნაკლები იყო, ვკითხეთ, ადამიანების მოსაზიდად რატომ არ გაზარდეს ხელფასი კონკურსის დასრულებამდე.
"შეიძლება განცხადება შემოეტანა 30 ან 50 ადამიანს. აქ წამყვანი იქნებოდა ხელფასი და არა მაუწყებლის მიმართ ინტერესი", - თქვა ფუტკარაძემ.
ფუტკარაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში იდეალური მდგომარეობა არაა. ვარაუდობს, რომ დირექტორის გადადგომის შემდეგ ჯერ ისევ არ გამქრალა კითხვები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით,
"თუ ამის გამო შეიკავეს თავი, ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის გულშემატკივარია და მიიღოს მის განვითარებაში მონაწილეობა, რატომ არ უნდა ებრძოლა თავისუფალი მედიაგარემოს მიმართ", - ამბობს ის.