რამდენიმე დღეა ცესკო ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, პარტიების ჩართულობით იმ წესებზე მუშაობს, რომელიც არჩევნების დღეს იმოქმედებს. დოკუმენტი თითქმის შემუშავებულია და ახლა მხარეებს ბოლო შენიშვნებისთვის აქვთ გადაგზავნილი. დადგენილების სამუშაო ვერსია რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.
დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, ყველა ამომრჩეველს, რომელიც ხმის მისაცემად მივა, დეზობარიერის გავლა მოუწევს. იქვე იქნება განთავსებული სადეზინფექციო ხსნარი ხელების დასამუშავებლად. სავალდებულო იქნება პრევენციული ზომების შესახებ ინფორმაციის გამოკვრაც.
არცერთ პირს, რომელსაც არ ექნება პირბადე, საარჩევნო უბანზე არ დაიშვება, გამონაკლისი იქნება იმ პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რეგულაციის დაკმაყოფილება არ შეეძლება. პირბადის მოხსნა ამომრჩეველს ორჯერ მოუწევს, საარჩევნო უბანზე მოსახვედრად და ბიულეტენის მისაღებად.
საარჩევნო კაბინის ერთი, კედლის მხარე ღია იქნება. თითოეული ამომრჩევლისთვის იქნება ინდივიდუალური კალამი განკუთვნილი, რომელსაც გამოყენების შემდეგ სპეციალურ კონტეინერში ჩააგდებს.
საარჩევნო უბანზე გაკონტროლდება დისტანციაც, თუ ამის შესაძლებლობას სივრცე იძლევა, სარეგისტრაციო მაგიდასთან კი ორ პირზე მეტი არ დაიშვება. პერიოდულად უნდა განიავდეს ოთახი.
საარჩევნო უბანზე აუცილებელი იქნება დამლაგებლის ყოფნა, გადასატანი საარჩევნო ყუთი კი უნდა გადაიტანონ პირბადით, ფარითა და ხელთათმანებით აღჭურვილმა პირებმა. დღის ბოლოს ხმების დათვლის დროს მთვლელები ერთმანეთის პირისპირ არ უნდა დადგნენ, მეთვალყურეები კი 2-მეტრიანი დისტანციით უნდა განთავსდნენ, ისე, რომ პროცესის დაკვირვებაში ხელი არ შეეშალოთ.
თერმოსკრინინგის ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ დამკვირვებლებსა და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა პირებზე, მაგრამ არა ამომრჩეველზე. 37 გრადუსი ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში პირს 5 წუთში განმეორებით გაუზომავენ სიცხეს. განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში.
საქართველოში არჩევნები საპარლამენტო არჩევნები 31 დეკემბერს გაიმართება, რამდენიმე დღეში კი ცესკოს დადგენილების პროექტი ბოლო სახეს მიიღებს და ამოქმედდება.