ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემასა და ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებზე 1 სექტემბერს განხორციელებულ კიბერშეტევაში რუსეთის ბრალეულობა ჯერ დადასტურებული არ არის. მაგრამ ხელწერისა და წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოში ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ მომხდარის უკან კრემლი დგას.
ოფიციალური სტრუქტურები არ ასაჯაროებენ იმ ვებგვერდის სახელსა და მისამართს, რომელზეც აიტვირთა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერული სისტემიდან და ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებიდან მოპარული ინფორმაცია. შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია არ გასაჯაროვდება და არც დამატებითი განმარტებები გაკეთდება.
შს სამინისტროს მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით კი, ვიცით მხოლოდ შემდეგი:
- „კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია“.
- „ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით“.
- კიბერშეტევა „ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა“.
შესაბამისად, უპასუხოდ რჩება მნიშვნელოვანი შეკითხვები და, მაგალითად: ეს პლატფორმა სპეციალურად ამ კიბერშეტევის კვალდაკვალ შეიქმნა თუ მანამდეც მოქმედებდა და რა ენაზე ფუნქციონირებს ის.
მოპარული ინფორმაციის მასპინძელ ვებსაიტს ამ ეტაპზე ვერც „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) მკვლევრებმა მიაგნეს. თუმცა, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, სოფო გელავა გვეუბნება - მომხდარის ხელწერიდან და წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, კვალი პირველ რიგში სწორედ რუსეთისკენ მიგვითითებს.
„რომ გადავხედოთ, რა დეზინფორმაციულ კამპანიას ავრცელებენ კრემლი და მისი სატელიტები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გასაგებია, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს კონკრეტული დოკუმენტების მოპარვა.
თანაც ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შეღწევა ხდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული კონკრეტული დოკუმენტების მოპარვის მიზნით.
2018 წელს კრემლთან დაკავშირებული ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიც ავთენტური იყო. რამდენიმე თვის წინ მოვიკითხეთ შს სამინისტროში და გვითხრეს, რომ გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს“.
ე.წ. ჟურნალისტურ გამოძიებაში ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული მასალები 2018 წელს ბულგარელმა ჟურნალისტმა, დალია გაიტანჯიევამ გამოაქვეყნა. MDF-ის ინფორმაციით, ის პირდაპირ არის კრემლთან დაკავშირებული და სტატიებს წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მედიისთვის.
სოფო გელავა გვეუბნება, რომ - გაიტანჯიევას მიერ ორი წლის წინ გამოქვეყნებულ ე.წ. საგამოძიებო სტატიას მოჰყვა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდისტული მანქანის გაძლიერება და „შესაძლოა, ეს ახლაც ამისთვის გაკეთდა“.
ჟურნალისტ გაიტანჯიევას ხელში მოხვედრილი მასალები განსაკუთრებულ საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავდა. თუმცა გამოქვეყნებული იყო სახელმწიფო სტრუქტურებისა და საელჩოს იმ ტიპის შიდა მიმოწერებიც, რომლებიც, როგორც წესი, არასოდეს ქვეყნდება.
1 სექტემბერს განხორციელებულ მორიგ კიბერშეტევას მოახლოებულ არჩევნებში ჩარევად განიხილავს MDF-ის წარმომადგენელი სოფო გელავა. ის თვლის, რომ კიბერშეტევის მიზანს ამომრჩევლებში ეჭვის დანერგვა, აღელვება და დაპირისპირება წარმოადგენს - „ამომრჩევლებს შეიძლება გაუჩინონ ეჭვი, რომ ამერიკელების მიერ დაფუძნებულ ლუგარის ლაბორატორიაში მართლაც რაღაც უკანონო ხდება“.
ბოლო კიბერშეტევა ვის დაბრალდება, ამის წინასწარ თქმისგან თავს იკავებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. თუმცა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას შეეცდება.
1 სექტემბრის კიბერშეტევას სწორედ არჩევნების კონტექსტში განიხილავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი. როგორც მან 4 სექტემბერს განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებლად სათანადოდ უნდა შეფასდეს შემდგომ კიბერშეტევათა რისკები.
ბოლო კიბერშეტევაში რუსეთს პირდაპირ ან ირიბად ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი.
- „ეს საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა. ასევე, ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით“ - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
- „დიდი ალბათობით, ვფიქრობ, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ არის ეს კიბერშეტევა ორგანიზებული. ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია... მთავარი ამოცანაა პროპაგანდა და დეზინფორმაცია“ - თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
- „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები, ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს, გარკვეულწილად, არის ეს კიბერშეტევა გამოძახილი ამ ბოლო პერიოდის მოვლენების“ - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი.
კიბერთავდასხმის ფაქტის გასაჯაროებას წინ უძღოდა რუსეთის ხელისუფლებიდან წამოსული კონკრეტული მესიჯი.
რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, იური შვიტკინმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით თქვა, რომ -„ნოვიჩოკის“ ჯგუფის მომწამლავ ნივთიერებას რუსეთი არ აწარმოებს და შესაბამისი ლაბორატორიები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს.
მოსკოვიდან მსგავსი მესიჯები ვრცელდებოდა 2018 წელსაც, როცა ბრიტანეთში სწორედ „ნოვიჩოკით“ მოწამლეს ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი.
საქართველოს შემთხვევაში შარშან უკვე დადასტურდა, რომ 2019 წლის ოქტომბერში სახელმწიფო სტრუქტურებისა და მედიის კომპიუტერულ სისტემებზე მომხდარ თავდასხმაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ხელი ერია. ეს ფაქტი საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაადასტურა.
2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა დაამახინჯეს კომპანია „პროსერვისის“ სერვერებზე განთავსებული 2 000 სახელმწიფო და კერძო ვებსაიტი და მათზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო განათავსეს წარწერით „I’LL BE BACK“ (მე დავბრუნდები).