Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩი: არჩევნების წინ შემდგომ კიბერშეტევათა რისკები არ უნდა იქნას დაკნინებული  


ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ლაპარაკობს კიბერშეტევების იმ რისკების სათანადოდ შეფასების აუცილებლობაზე, რომლებიც საქართველოში მოახლოებული არჩევნების ფონზე არსებობს. მისი თქმით, ევროკავშირის „აქტიური ინტერესი“ უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს, და მათ შორის ლუგარის ლაბორატორიის, კომპიუტერულ სისტემაზე 1 სექტემბერს განხორციელებული კიბერთავდასხმის გამოძიებას.

„სხვების მსგავსად, ჩემთვის ძალიან აღმაშფოთებელია კიბერშეტევა, რომლის შესახებაც გუშინ შევიტყვეთ. ეს არ არის კიბერშეტევის პირველი შემთხვევა საქართველოს ტერიტორიაზე, ბოლო თვეების განმავლობაში... ყველა დააკვირდება მოვლენთა განვითარებას. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად დაინტერესდებიან - რა მტკიცებულებების მოძიებაა შესაძლებელი დამნაშავეებისა და ამ ფაქტის უკან მდგომი პირების შესახებ. განცხადებების გაკეთება შესაძლებელი იქნება ამ სიტუაციაში მეტი სიცხადის შეტანის შემდეგ.

ეს კიბერშეტევა შეგვახსენებს ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებს და მათ შორის - არჩევნების წინ, რომლამდეც რამდენიმე კვირა რჩება, შემდგომი კიბერშეტევების რისკები არ უნდა იქნას დაკნინებული. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ... და ამიტომ ევროკავშირი და საქართველოს სხვა პარტნიორები კვლავაც დიდი ძალისხმევით იმუშავებენ კიბერუსაფრთხოების ასპექტებზე შემდგომი კვირების, თვეებისა და წლების განმავლობაში“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, უცხო ქვეყნიდან განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად თავდამსხმელებმა მოიპოვეს და გაავრცელეს ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შსს-ს ინფორმაციით, კიბერშეტევა 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ განხორციელდა, მოპოვებული ინფორმაცია კი ფალსიფიცირებული სახით გავრცელდა ინტერნეტში.

XS
SM
MD
LG