11 ივლისის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა. დაკავების დღეს ცხინვალიდან მხოლოდ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაცია გავრცელდა. პოსტკონფლიქტურ საკითხებში არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ კი, ეგორ კოჩიევმა, „ეხო კავკაზასთან“ ინციდენტის შესახებ და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჩაშლილი ფორმატის აღდგენის შესაძლებლობებზე ილაპარაკა. კოჩიევმა, ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით გაიმეორა კაგებეს მიერ 11 ივლისს გავრცელებული ცნობები:
„სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი შეიარაღებულმა საქართველოს მოქალაქემ დაარღვია. მან ყოველგვარი მიზეზის გარეშე ცეცხლი გაუხსნა მესაზღვრეების ჯგუფს სანადირო თოფიდან. ასეთი იარაღით დათვზე სანადიროდ დადიან. მესაზღვრეების კანონიერ მოთხოვნაზე ცეცხლი შეეწყვიტა და იარაღი დაეგდო, მან სროლა მაინც გააგრძელა. ინციდენტის შედეგად საზღვრის დამრღვევი დააკავეს. დაკავების მომენტში მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია. მესაზღვრეებმა ჯერ ჰაერში ორი გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთეს, ის კი საპასუხოდ ისევ ისროდა. საპასუხო ცეცხლით ის დაიჭრა და დააკავეს. მსუბუქად დაჭრილია მარცხენა ფეხში. ტყვია არ შეეხო ძვალს, შევიდა რბილ ქსოვილებში და არ დააზიანა სისხლძარღვები. მას ლენინგორის საავადმყოფოში გაუწიეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ამის შემდეგ კი ის ცხინვალის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს“.
ამ შემთხვევაში ინციდენტი დაკავშირებულია სროლასთან და ინციდენტების პრევენციის ფორმატში შეხვედრის ჩატარება ამ ინციდენტის განხილვის კარგი შესაძლებლობა იქნებოდა.ეგორ კოჩიევი
კოჩიევმა განმარტა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გახელაძე ჯერ ორკვირიან საკარანტინო ზონაში იქნება, შემდეგ კი ინციდენტთან დაკავშირებული საკითხები სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის მიხედვით გადაწყდება.
ეგორ კოჩიევმა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ისიც განაცხადა, რომ ცხინვალი დაჟინებით ითხოვს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ჩატარებას, სადაც ზაზა გახელაძის ინციდენტი განიხილება.
„ამ შემთხვევაში ინციდენტი დაკავშირებულია სროლასთან და ინციდენტების პრევენციის ფორმატში შეხვედრის ჩატარება ამ ინციდენტის განხილვის კარგი შესაძლებლობა იქნებოდა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა ჩატარდეს კორონავირუსის პანდემიის საპრევენციო ნორმების დაცვით. ამ დროისთვის ჩვენ დავადასტურეთ მზაობა ასეთი შეხვედრის ჩატარებისა და ველოდებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინადადებებს, როგორც შეხვედრის მოდერატორების პოზიციას“.
როგორც გალის, ასევე ერგნეთის მიმართულებით შეხვედრების აღდგენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახვა ამ ფორმატის აღდგენის კრიტიკული აუცილებლობა.ირაკლი ანთაძე
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალს ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო არაერთხელ შესთავაზეს როგორც ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ჩაშლილი ფორმატის აღდგენა, ასევე ტექნიკური შეხვედრების ჩატარება, თუმცა ეს წინადადებები უყურადღებოდ რჩებოდა. გასული წლის სექტემბერში ჩორჩანა-წნელისის კრიზისის გამო ერგნეთში ტექნიკური შეხვედრები ტარდებოდა, თუმცა ოსური მხარის მიზეზით ეს ფორმატიც გაჩერდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა, ოსურ მხარეს შეხვედრის სურვილი უკვე გადასცა. ამის შესახებ მისიამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კი, ირაკლი ანთაძემ, თქვა:
„როგორც გალის, ასევე ერგნეთის მიმართულებით შეხვედრების აღდგენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახვა ამ ფორმატის აღდგენის კრიტიკული აუცილებლობა. დღეისათვის მხოლოდ ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზით ხდება კომუნიკაცია. კომუნიკაცია გვიწევს ძალიან პრობლემატურ საკითხებზე. ეს გახლავთ უკანონო დაკავებები, უკანონო ბორდერიზაციის საკითხები. გვაქვს იმედი, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სრულფასოვანი შეხვედრის ჩატარება“.
ინციდენტების პრევენციის ფორმატის აღსადგენად მზაობას ყველა მხარე გამოხატავს. რადიო თავისუფლებისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან ცნობილი ხდება, რომ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიმდინარეობს და შესაძლოა ერგნეთის შეხვედრა უკვე მომავალ კვირაში დაინიშნოს.
რაც შეეხება ზაზა გახელაძის ოჯახს, ისინი ცხინვალიდან წითელი ჯვრის მეშვეობით დამატებითი ცნობების მიღებას ელოდებიან. ჩვენი ინფორმაციით, გახელაძის საკითხზე სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი ათჯერ გააქტიურდა და მხარეები ერთმანეთს ინფორმაციასაც უცვლიან.
ინციდენტთან დაკავშირებით კოჩიევისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ფლობს გახელაძის ოჯახი. ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ, გაარკვია, რომ მისი შვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაჭრეს და დააკავეს:
„ეგეც არ არის ცნობილი ჩვენთვის, რას ედავებიან. ტერიტორია ჩვენია, მაგრამ იქ რუსები იყვნენ შემოსულები. ფაქტის შემდეგ გაზომეს ეგ ტერიტორია და თქვეს , რომ 150 მეტრით აქეთ, ჩვენს ტერიტორიაზე დაიჭირეს. ყველა მაგას გვეუბნება, რომ დაგეხმარებით და თქვენს გვერდში ვართო; აუცილებელიაო, რომ კარანტინი გაიაროსო“.
ქვემო ჭალის მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს, დილით ადრე, სამთავისელ მეგობართან ერთად სოკოს საკრეფად სხვილოს ციხისკენ წავიდა. მეგობარი გზაში ჩამორჩა, ზაზამ კი გზა ციხის გაღმა გააგრძელა. ციხიდან ოკუპირებულ სოფელ ახმაჯამდე დიდი მანძილია და ქვემოჭალელები იქ არაერთხელ ყოფილან. მოულოდნელად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ზაზას მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. უკან ჩამორჩენილმა ზაზას მეგობარმა გამოქცევა მოახერხა, ზაზა კი ფეხში დაიჭრა და გადაადგილება ვეღარ შეძლო. ე.წ. მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს.
ქვემოჭალელები აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ხშირად გადაადგილდებიან და ადგილობრივ მოქალაქეებს უსაფრდებიან დაკავების მიზნით. მათი აზრით, ზაზა გახელაძესაც ასე ჩაუსაფრდნენ, რადგან ზაზამ კარგად იცოდა სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორია და ოკუპირებული ახმაჯის მიმართულებით არ გადავიდოდა.
2008 წლის ომის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმს მოქალაქის დასაკავებლად ცეცხლი არ გაუხსნია და არ დაუჭრია, თუ არ ჩავთვლით არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეებს. ყოფილა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლის შემთხვევები, მაგრამ მოქალაქის მიმართ დამიზნებით სროლა და მისი დაზიანება აქამდე არ ყოფილა.