Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის ხანგრძლივი შეხვედრა ურთიერთბრალდებებით


ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა. რიგით 93-ე შეხვედრაზე მხარეების წარმომადგენლებმა 14 საკითხი განიხილეს. შეხვედრის დაწყებისთანავე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები 15 მაისს რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს გააპროტესტებდა. რუსული ვერტმფრენი ქართული სოფლების ჩორჩანასა და ატოცის თავზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა დააფიქსირეს და ფოტო-ვიდეომასალაც გაავრცელეს. 16 მაისის შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 13 საქართველოს მოქალაქე დააკავეს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

7-საათიანი შეხვედრა ძირითადად ურთიერთბრალდებებით წარიმართა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ქართველ პოლიციელებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს ადანაშაულებდა არაღიარებული რესპუბლიკის საზღვრების დარღვევაში. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა, განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა იყო. ასევე კოჩიევის თქმით, ქართველი პოლიციელების მიერ ზნაურის რაიონში ე.წ. საზღვრის რამდენჯერმე დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა.

„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს რუსულმა ვერტმფრენმა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე, ეს ასე არაა. რუსული ვერტმფრენები ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში დაფრინავენ. ქართულმა მხარემ ეს საკითხი დააყენა, თუმცა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. რაც შეეხება სასაზღვრო ზოლის მონიშვნას, ქართული მხარე წინააღმდეგია კვლავ. არადა, ეს უამრავ პრობლემას მოხსნიდა",- თქვა ეგორ კოჩიევმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის, განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს ყველა ინციდენტზე, რასაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. ესაა მოქალაქეთა უკანონო დაკავება, „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელება, არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, დიდი ხანია, ერგნეთის შეხვედრების ფორმატში აყენებს, მაგრამ უშედეგოდ.

„მთავარი ყურადღება დაეთმო კვლავ ტატუნაშვილის სასტიკი წამებისა და მკვლელობის საკითხს. ჩვენი ამოცანაა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, გამოვლინდნენ დამნაშავეები და სამართალი აღსრულდეს. რაც შეეხება ვერტმფრენს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, სად დაფრინავდა. პირობითი საზღვრის ორივე მხარეს არის საქართველოს ტერიტორია და მსგავსი ფაქტები ადგილზე ქმნიან საფრთხეს უსაფრთხო გარემოსთვის. ქართველ პოლიციელებს რაც შეეხება, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მათი მოვალეობაა ადგილზე მოსახლეობის, წესრიგის დაცვა და მტკიცებულებების გარეშე მათი დადანაშაულება უსაფუძვლოა", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

შეხვედრის მონაწილეებმა შეთანხმებას ვერც მომდევნო შეხვედრის გამართვის თარიღზე მიაღწიეს. ეს საკითხი ცხელი ხაზის მეშვეობით დაზუსტდება.

XS
SM
MD
LG