Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ახსენა პუტინმა „ისტორიული რუსული ტერიტორიები“ სსრკ-ს დაშლის კონტექსტში?


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის გარიჟრაჟზე მე-20 საუკუნის „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა საბჭოთა კავშირის დაშლას, 21 ივნისს კვლავ გაიხსენა ეს ეპოქალური მოვლენა, ამჯერად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კუთვნილებაში გადასული „რუსეთის ისტორიული ტერიტორიების“ კონტექსტში, რაც, კრემლის ექსპანსიონისტური პოლიტიკის გათვალისწინებით, რუსეთის ახლო სამეზობლოში აღიქვეს როგორც ტერიტორიული პრეტენზიებისკენ მიმართული რუსეთის ლიდერის შეფარული მუქარა.

პუტინის პათოსის შერბილებას შეეცადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, რომელმაც სასწრაფოდ გააკეთა განმარტება.

„თავის მეზობლებთან რუსეთს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რუსეთის ლიდერის მიერ ტელეარხ „როსია 1“-ზე გასული ინტერვიუს იმ ნაწილის კომენტირებისას, რომელშიც პუტინი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლისას ბევრმა რესპუბლიკამ თან წაიღო „ტრადიციულად რუსული მიწები“.

„დავიბრუნეთ ყირიმი, მაგრამ დავკარგეთ უკრაინა“?

„ყირიმი ყოველთვის იყო ჩვენი, იურიდიული თვალსაზრისითაც კი“, - ასე უპასუხა ვლადიმირ პუტინმა ტელეარხ „როსია 1“-ის ჟურნალისტის, პაველ ზარუბინის, შეკითხვას. ცნობილ პროპაგანდისტულ პროექტში „რუსეთი.კრემლი.პუტინი“ კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტი რუსეთის პრეზიდენტთან ერთად დადის კრემლის დერეფნებში, ესაუბრება მას და გზადაგზა მაყურებელს უჩვენებს, თუ რამდენს შრომობს პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინი რუსეთის სახელმწიფოს გასაძლიერებლად.

ჩვენ ხომ უკრაინასთან არ მოგვსვლია უთანხმოება. ჩვენი აზრები წინააღმდეგობაში მოვიდა იმათთან, ვინც ახლა უკრაინის ხელისუფლებაში იმყოფება...
ვლადიმირ პუტინი

ვინაიდან უკრაინა რუსეთის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი და პრობლემაა, ჟურნალისტი შეეკითხა პუტინს, ღირდა თუ არა ასეთი მასშტაბის უთანხმოებად „ყირიმის მოპოვება“, მაშინ როცა „უკრაინა პრაქტიკულად“ დავკარგეთო“.

შეკითხვის მეორე ნაწილი ვლადიმირ პუტინმა უპასუხოდ დატოვა, „ყირიმის მოპოვებაზე“ კი განაცხადა, რომ ყირიმი ყოველთვის იყო რუსეთის, მათ შორის, იურიდიული თვალსაზრისით, და ის ჩვენ კი არ „მოვიპოვეთ“, არამედ ყირიმში მცხოვრებმა ხალხმა მიიღო რუსეთთან შეერთების გადაწყვეტილებაო.

„ეს კი დემოკრატიის უმაღლესი გამოხატულებაა და მინდა ეს შევახსენო ყველა დაინტერესებულ დამკვირვებელს. და თუ ეს ასეა, მაშინ ამას, რა? უნდა დავეთანხმოთ და ხალხის ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით მოვეპყრათ. დაბოლოს, მესამე: ჩვენ ხომ უკრაინასთან არ მოგვსვლია უთანხმოება. ჩვენი აზრები წინააღმდეგობაში მოვიდა იმათთან, ვინც ახლა უკრაინის ხელისუფლებაში იმყოფება, უკრაინა და უკრაინელი ხალხი კი, როგორც იყო ძმური ხალხი, ისეთად დარჩება საუკუნეების განმავლობაში“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

იმას, რასაც ვლადიმირ პუტინი „დემოკრატიის უმაღლეს გამოხატულებად“ მიიჩნევს, ყირიმის ანექსიას უწოდებენ ევროკავშირი, აშშ და მათი პარტნიორი ქვეყნები, რომლებმაც რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს უკრაინის ტერიტორიის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული შეიარაღებული კონფლიქტის მხარდაჭერისათვის.

აღმოსავლეთ უკრაინაში 6 წლის განმავლობაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად მოკონფლიქტე მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებისა („მინსკის შეთანხმება“), დაბალი ინტენსივობის საბრძოლო დაპირისპირება დონბასში კვლავინდებურად გრძელდება.

ნიშანდობლივია, რომ ვლადიმირ პუტინის ზემოხსენებულ ინტერვიუმდე ორი დღით ადრე, 19 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს რუსეთისთვის სანქციების ვადის გაგრძელებას.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს ამცნეს, რომ მინსკის შეთანხმების განხორციელების საქმეში წინსვლა არ არის მიღწეული.

რუსეთის კონსტიტუცია და „ისტორიული რუსეთის ტერიტორიების“ საკითხი

დასავლეთის კრიტიკის პასუხად რუსეთი აცხადებს, რომ კრემლის პროპაგანდის მიერ „ყირიმის გაზაფხულად“ მონათლული მოვლენების შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძულისა და სევასტოპოლის დაბრუნება რუსეთის შემადგენლობაში გადაწყვეტილი საკითხია და საგარეო ზეწოლა და სანქციები რუსეთს ვერ აიძულებს ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.

თუ ესა თუ ის რესპუბლიკა შევიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ თავის კუთვნილებაში მიიღო დიდი რაოდენობით რუსული მიწები, ტრადიციულად რუსეთის ისტორიული ტერიტორიები, და შემდეგ გადაწყვიტა ამ კავშირიდან გასვლა, მაშინ გასულიყვნენ იმით, რითიც მოვიდნენ, და თან არ წაეღოთ რუსი ხალხის საჩუქარი...
ვლადიმირ პუტინი

მეტიც, რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ქვეყნის მთლიანობას შეეხება, შეუძლებელს გახდის ყირიმის დაბრუნებას.

„რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. დაუშვებელია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გასხვისებისკენ მიმართული მოქმედება ან ასეთი მოქმედებებისკენ მიმართული მოწოდებები“, - ნათქვამია რუსეთის კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესწორებულ ვარიანტში, რომელსაც სხვა შესწორებასთან ერთად 1 ივლისს უყრიან კენჭს.

საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო რუსეთის პრეზიდენტი ზემოხსენებულ ინტერვიუში. 1993 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომელიც, პუტინის აზრით, უმწვავესი შიდაპოლიტიკური კრიზისის ვითარებაში იქნა მიღებული, დახვეწას საჭიროებს.

„დღეს, მადლობა ღმერთს, შიდაპოლიტიკური სიტუაცია სტაბილურია. მაგრამ არსებობს სხვა, ჩვენს სუვერენიტეტთან დაკავშირებული, საკითხები. საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ხელშეკრულებაში განსაზღვრული იყო გასვლის [კავშირიდან] უფლება, მაგრამ ვინაიდან არ იყო გაწერილი პროცედურა, იბადება შეკითხვა: თუ ესა თუ ის რესპუბლიკა შევიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ თავის კუთვნილებაში მიიღო დიდი რაოდენობით რუსული მიწები, ტრადიციულად რუსეთის ისტორიული ტერიტორიები, და შემდეგ გადაწყვიტა ამ კავშირიდან გასვლა, მაშინ გასულიყვნენ იმით, რითიც მოვიდნენ, და თან არ წაეღოთ რუსი ხალხის საჩუქარი. ყველაფერი ეს ხომ განსაზღვრული არ ყოფილა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სწორად ვიქცევით, როცა ვიღებთ მოქმედი კონსტიტუციის შესწორებებს“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

გაურკვეველი დარჩა, თუ რატომ ახსენა საკონსტიტუციო შესწორებების კონტექსტში ვლადიმირ პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების საკუთრებაში გადასული „ტრადიციულად რუსეთის ისტორული ტერიტორიები“, ან რომელი ქვეყნების, როგორც პუტინმა თქვა, „ბაგაჟში“ ეგულება მას ასეთი სადავო ტერიტორიები.

ნიშანდობლივია, რომ ივნისის დასაწყისში პოსტსაბჭოთა სივრცეში ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეზე ღიად ილაპარაკა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, რომელმაც მოსახლეობას შეახსენა „უკრაინისათვის წართმეული ტერიტორიები“ და „საქართველოს მიერ თავისი ტერიტორიების თითქმის ნახევრის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის“ - დაკარგვა.

პუტინის სკანდალური ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ მისმა პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ რუსეთს არ გააჩნია ტერიტორიული პრეტენზიები მეზობლებთან.

ყველას ახსოვს, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ დონბასელი სეპარატისტების ლიდერები აქტიურად განიხილავდნენ მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოს, „მალოროსიის“, შექმნის საკითხს.

მოსკოვმა ამ პოლიტიკური პროექტის მხარდაჭერაზე უარი თქვა, თუმცა მტკიცედ ემხრობა დონბასელ სეპარატისტებსა და კიევს შორის მოლაპარაკებების გამართვას, დონეცკისა და ლუგანსკისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას და 2015 წლის თებერვლის მინსკის შეთანხმების უპირობო შესრულებას, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიებზე.

უკრაინა კი, თავის მხრივ, მოითხოვს დონბასიდან რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ტექნიკის უპირობოდ გაყვანას და საზღვარზე კონტროლის აღდგენას.

თავის დროზე აფხაზ და ოს სეპარატისტებთან დიალოგისკენ მოსკოვი დაჟინებით მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას. პარალელურად კრემლი საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით ამარაგებდა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, რომლებიც საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ კრემლმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

„რუსეთის აგრესიაზე დასავლეთის პასუხი პუტინისათვის სიგნალი იყო, რომ აგრესიის გამეორების შემთხვევაში საფასური კვლავ უმნიშვნელო იქნებოდა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ, რომლის აზრითაც, „უკრაინის კონფლიქტში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების შეცდომა ისაა, რომ მათ საქართველოს მაგალითიდან სათანადო დასკვნები არ გამოიტანეს“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG