Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს რუსეთისთვის სანქციების ვადის გაგრძელებას


ევროკავშირის ლიდერების ვირტუალური შეხვედრა 2020 წლის 19 ივნისს
ევროკავშირის ლიდერების ვირტუალური შეხვედრა 2020 წლის 19 ივნისს

ევროკავშირის ლიდერებმა 19 ივნისს მხარი დაუჭირეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ექვსი თვით გაგრძელებას. სანქციები კრემლს დაუწესეს უკრაინის კონფლიქტში მისი როლისთვის ექვსი წლის წინ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურებს ამცნეს, რომ მინსკის შეთანხმების განხორციელების საქმეში წინსვლა არ არის მიღწეული. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შეატყობინა წყარომ, რომელიც საქმეში ჩახედულია.

რუსეთს სანქციები დაუწესეს 2014 წლის ივლისში, როცა მოსკოვმა უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის უკანონო ანექსია მოაწყო და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს სამხედრო მხარდაჭერას უწევდა. უკრაინის კონფლიქტს 13 ათასამდე ადამიანი შეეწირა.

მას შემდეგ სანქციების ვადა გრძელდება ყოველ ექვს თვეში. სანქციების ვადა ოფიციალურად უნდა გაგრძელდეს ელჩების შეხვედრისას 31 ივლისისთვის, ვადის გასვლისას.

წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, წამოაყენა სანქციების გაყინვის წინადადება, რათა ჰუმანიტარული თვალსაზრისით ქვეყნებს კორონავირუსთან უკეთესად ბრძოლის შესაძლებლობა მისცემოდათ.

ევროკავშირმა უარყო პუტინის წინადადება და განაცხადა, რომ სანქციები არ უშლის ხელს რუსეთს პანდემიასთან ბრძოლაში.

სანქციები ეხება რუსეთის საფინანსო, ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროებს.

XS
SM
MD
LG