Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოგი ათანხმებს, ზოგი აფუძნებს, ზოგი გადადის, ზოგიც ჯერ ფიქრობს - ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება


საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები რჩება. ოპოზიციური სპექტრი სხვადასხვა სახისა და სირთულის ამოცანებს ეჭიდება: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყო, მაჟორიტარების საკითხზე მსჯელობას განაგრძობს ოპოზიციური ერთობის დარჩენილი ნაწილი, იქმნება ახალი პარტიები და მიმდინარეობს გადაჯგუფების პროცესიც. კონკრეტულად რა სახის კონტურები იკვეთება ამ ეტაპზე, როცა ჯერ ისევ არ არის გარანტირებულად გადაწყვეტილი ახალი საარჩევნო სისტემისა და 1%-იანი ბარიერის ბედი.

მოლაპარაკებები მაჟორიტარებზე

მას შემდეგ, რაც თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოპოზიციური ერთობის სხვა ძალებს დაუთმო, „ნაციონალური მოძრაობა“ დაანონსებულ საარჩევნო კამპანიაში ჩაება და რეგიონებში აქტიურად გასვლაც დაიწყო.

როგორც ნიკა მელიას მიერ წინასწარ ითქვა, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეთიშა მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის პროცესს და ახლა შორიდან აკვირდება - თუ რამდენად ფართო კონსენსუსს მიაღწევენ „ლეიბორისტული პარტიის“ მაგიდის გარშემო შეკრებილი სხვა პოლიტიკური ძალები. შემდგომი ნაბიჯებიც ამის მიხედვით გადაიდგმება.

  • თუკი ფართო კონსენსუსი შედგება, წინასწარი ინფორმაციით, შეთანხმებული მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის წლისთავისთვის დაგეგმილ აქციაზე უნდა გამოცხადდეს;
  • თუკი მხოლოდ 3-4 პარტიის შეთანხმება მოხერხდება, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ფართო კონსენსუსად არ ჩათვლის და სხვა ოლქებშიც საკუთარი კანდიდატურების დასახელებაზე იზრუნებს - ამ შინაარსის განცხადებებს აკეთებენ პარტიის ლიდერები;
  • ასეთ შემთხვევაში, პარტიის ზოგიერთი ლიდერის განცხადებით, დღის წესრიგში დადგება უკვე მეორე ტურთან დაკავშირებული შეთანხმება - ოპოზიციამ ერთიანი ძალებით დაუჭიროს მხარი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს.

პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს აუხსნას ამომრჩევლების განაწყენებულ ნაწილს, რომ - ოლქების დათმობა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებისთვის აუცილებელი სტრატეგიის ნაწილია და ერთიანობისთვის ყველამ რაღაც უნდა დათმოს.

მაჟორიტარული ოლქების გარშემო კონსულტაციების პროცესში აქტიურად არის ჩართული „ევროპული საქართველო“, რომლისთვისაც უალტერნატივოა შეთანხმება არჩევნების პირველივე ტურისთვის.

„ევროპულ საქართველოს“, სავარაუდოდ, თბილისში ასევე ორი მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება. თუკი ბოლო პერიოდის ინფორმაციას დავეყრდნობით, შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი და, კერძოდ, ვაკის რაიონში - ელენე ხოშტარია იყოს. ოპოზიციურ ერთობასთან შეთანხმების შემთხვევაში, მაჟორიტარობას ასევე არ გამორიცხავს პარტიის თავმჯდომარე - დავით ბაქრაძე.

  • „ევროპული საქართველო“ მოქმედებს პრინციპით - „ისე გადანაწილდეს არსებული ოლქები, რომ მთლიანად ოპოზიციის გამარჯვების შანსი გაიზარდოს და „ქართული ოცნება“ დამარცხდეს“.
  • პარტია თვლის, რომ აუცილებელია შეთანხმება (ასევე პირველ ტურში) შედგეს რეგიონებთან დაკავშირებით და ოპოზიციას საერთო მაჟორიტარი კანდიდატი უნდა ჰყავდეს დიდ ქალაქებში მაინც.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ოპოზიციური ერთობის მორიგი შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში უახლოეს დღეებში გაიმართება.

ამ ფორმატში მაჟორიტარების გარშემო მოლაპარაკებებს დადასტურებულად განაგრძობენ: შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტული პარტია“, ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო“, გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი ცალკეული პარტიები და, მაგალითად - გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“, რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები.

  • „ლელო“ ოპოზიციურ ერთობასთან გარკვეულ კოორდინაციას გეგმავს, მაგრამ მას საქართველოს 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატები ეყოლება.
  • მაჟორიტარებთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არა აქვს „გირჩს“ - პარტია მხოლოდ პროპორციული წესით იყრის კენჭს.
  • ჯერჯერობით გაურკვეველია, რას აპირებს ალექსანდრე ელისაშვილი, რომლის „სამოქალაქო მოძრაობა“ პარტიად გარდაიქმნება.

სწორედ ალექსანდრე ელისაშვილია ერთ-ერთი, ჯერ შეუთანხმებელი 6-წევრიანი სიიდან, რომელიც რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა შეადგინა. თავად რესპუბლიკური პარტია არ აპირებს თბილისში მაჟორიტარი კანდიდატის წამოყენებას და ის სწორებას რეგიონებზე აკეთებს.

ახალი/განახლებული პარტიები და დაბრუნების ვარაუდები

„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ - 7 ივნისს ახალი პარტია შექმნა საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრთა ნაწილმა. ესენი არიან ერთ დროს „ქართული ოცნების“ რიგებში მყოფი: მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე. პარტიაში გაწევრიანდა ასევე ჯაბა ჯიშკარიანი.

  • ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, მარიამ ჯაში პარტიის გენერალური მდივანია, ხოლო პარტიის თავმჯდომარედ დასახელდა დამოუკიდებელი დეპუტატი - ბექა ნაცვლიშვილი, რომელიც არ არის ამ ფრაქციის წევრი;
  • ფრაქციის შემადგენლობიდან ახალ პარტიაში არ გაწევრიანდნენ ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი.

ლევან კობერიძე კოლეგებს წარმატებებს უსურვებს და სხვა გზის შერჩევის პროცესშია. მისი თქმით, აქვს არაერთი შემოთავაზება, მათ შორის - „ლელოსგან“ თუ ალექსანდრე ელისაშვილის ახალი პოლიტიკური პარტიისგან.

როდესაც გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე ახალ პარტიაში გაწევრიანდნენ, ფორმალურად მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დატოვებული დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“.

თავად ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ კენჭი იყაროს მაჟორიტარ დეპუტატად იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მისი კანდიდატურის გარშემო ვერ შეთანხმდება ოპოზიციური ერთობა.

„ლელოს“ მიპატიჟება მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის კიდევ ერთმა ყოფილმა წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა, თუმცა მას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ალექსანდრე ელისაშვილი და მისი თანაგუნდელები დამფუძნებელი ყრილობისთვის ემზადებიან და ის უახლოეს მომავალში გაიმართება. ჯერ ბოლომდე დაუზუსტებელია, თუ რა ერქმევა პარტიად გადაკეთებულ „სამოქალაქო მოძრაობას“.

26 მაისს, როცა გადაწყვეტილება გამოაცხადა, ელისაშვილმა თქვა, რომ ეს იქნება „პოლიტიკური პარტია, არა უკვე არსებულ პარტიებს შორის კიდევ ერთი, დამატებითი, არამედ პირველი პარტია, რომელიც ყოველგვარი პარტიული ინტერესებზე წინ დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში („ძალა ერთობაშია“) შემავალ პოლიტიკურ ძალას, პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულ პარტიას - „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს და ის - პარლამენტარი ნატო ჩხეიძეა. გადაწყვეტილება 9 ივნისს გახდა ცნობილი.

წარდგენისას ჩხეიძემ განაცხადა, რომ უერთდება „დიდსა და მძლავრ“ ოპოზიციურ გაერთიანებას, რომელსაც ძალა შესწევს დაამარცხოს ხელისუფლება.

პარტიას ამ დრომდე ნიკა მაჭუტაძე ხელმძღვანელობდა. ნატო ჩხეიძის წარდგენისას, მან თქვა, რომ ჩხეიძემ და მისმა მეუღლემ, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლებასთან ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანეს.

9 ივნისს მედიაში გავრცელდა ორი ვარაუდი გიორგი კვირიკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნაცვლიშვილი-ჯაშის ახალ პარტიას უკავშირებენ, ხოლო ყოფილ პრეზიდენტს - „ლელოს“.

თავად მამუკა ხაზარაძემ სამშაბათს განაცხადა, რომ მარგველაშვილი მათი თანამოაზრეა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესები აშკარად აქტიურდება, თუმცა ჯერ ისევ ზუსტად არავინ იცის, დამტკიცდება თუ არა პარლამენტში ის ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეათანხმეს.

სწორედ ამაზეა დამოკიდებული, როგორი თანაფარდობით გაიმართება არჩევნები და ასარჩევი იქნება 30 მაჟორიტარი თუ ისევ 73, როგორც ეს ამჟამად მოქმედი სისტემით არის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG