Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბრალდებები საქართველოს - არის საფრთხე თუ არა?


ბევრს ეცინება, როცა მოსკოვი ამერიკა-საქართველოს სახიფათო კავშირებზე, ბიოლოგიური იარაღის შექმნასა და ამ მიზნით კოღოების გამოყენებაზე ლაპარაკობს. მაგრამ ეს სასაცილო სულაც არ არის. არც ის არის შემთხვევითი, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან და „ღია ცის“ შეთანხმებასთან დაკავშირებული მუქარისებრი ბრალდებები რუსეთმა საქართველოს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს გამოუგზავნა.

რას ემსახურება რუსეთის დეზინფორმაციის ახალი ტალღა? რა მიზნები ამოძრავებს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ და რა არის სახიფათო? როგორ პასუხს იღებს რუსეთი თბილისისგან და სინამდვილეში როგორი უნდა იყოს ეს პასუხი?

საერთაშორისო ექსპერტების თანდასწრებით - კი, მაგრამ მხოლოდ რუსეთს არ მივიღებთო - ასეთია საქართველოს პასუხი მოსკოვის მოთხოვნაზე - ორმხრივ ფორმატში შეისწავლოს ლუგარის ლაბორატორიის ყველა კუთხე-კუნჭული და იქ ბიოლოგიური იარაღის ნაკვალევიც "აღმოაჩინოს".

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული მოთხოვნის, ბრალდებისა და მუქარის შემცველი მორიგი განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ 26 მაისს გამოაქვეყნა - სწორედ იმ დღეს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდა.

„რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომლის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს - დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები, საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას“ - რუსეთის ბრალდებებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხი 27 მაისს გასცა, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარის სახით.

ტექსტში ხაზგასმულია, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორების ადეკვატურ რეაგირებას მოელის - „დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება“.

რუსეთის ბრალდებებს საქართველოს დასავლურ კურსს უკავშირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე. როგორც მან 27 მარტს თქვა, მოსკოვს აღელვებს - „რატომ არის საქართველოს ორიენტაცია ევროპული... არის ჩრდილოატლანტიკური ბლოკის და არა - ჩრდილოეთის“.

ამჯერად რა თქვა რუსეთმა ლუგარის ლაბორატორიაზე?

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ისევ ძველებურ შეთქმულების თეორიას იხსენებს და ამერიკას, საქართველოსთან საიდუმლო გარიგების გზით, კვლავ ბიოლოგიური იარაღის შექმნაში ადანაშაულებს. კრემლის სცენარში ისევ ფიგირირებს კოღო.

  • „... აღინიშნებოდა, რომ ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდება კვლევა - მწერების, როგორც განსაკუთრებით სახიფათო ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების გამომწვევთა გადამტანად გამოსაყენებლად“;
  • „ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ აშშ-მ უკვე დააპატენტა უპილოტო საფრენი აპარატი ჰაერში ინფიცირებული კოღოების გასავრცელებლად“;
  • „გაცემულია პატენტი - მომწამვლელი ნივთიერებით ან ინფექციური აგენტებით აღჭურვილი საბრძოლო მასალების წარმოებაზე“.

სწორედ ამ ბრალდებების გადასამოწმებლად უნდა რუსეთს ექსპერტების გამოგზავნა საქართველოში და თანაც ისე, რომ ამ ყველაფერს არ უყურონ დამოუკიდებელმა მსაჯულებმა საერთაშორისო პარტნიორების სახით - "ეს საშუალებას მოგვცემს ვფოკუსირდეთ სიტუაციის მშვიდ ანალიზზე".

რა საფრთხე არსებობს?

„ჩვენი შეშფოთების საგანი - ვაშინგტონი არ გვიხსნის რით არის დაკავებული რუსეთის საზღვრებთან უშუალო სიახლოვეს. ბუნებრივია, შეუძლებელია ეს მხედველობაში არ მივიღოთ ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, განსაკუთრებით - როცა საქმე შეეხება ესოდენ მგრძნობიარე ასპექტებს“ - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტექსტის სწორედ ამ მონაკვეთში ხედავს მუქარასა და საფრთხეს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, გიორგი გობრონიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ერთი შეხედვით სასაცილო ბრალდებები სასაცილო სულაც არ არის.

„რუსეთის ფედერაციას უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტში უწერია, რომ - იტოვებს უფლებას ძალა გამოიყენოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, თუკი მის საზღვრებთან გაჩნდება საფრთხის შემცველი ობიექტები, იქნება ეს - ბიოლოგიური იარაღის გავრცელების საფრთხე თუ ტერორისტების მოსამზადებელი ბაზები... ასეთი განცხადებებით რუსეთის ფედერაცია იმზადებს საფუძველს იმ შემთხვევისთვის, თუკი მას დასჭირდება სამხედრო აგრესიის განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ“.

გიორგი გობრონიძისთვის შეფასებით, საფრთხე კიდევ უფრო გაზრდილია კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთში შექმნილი მძიმე მდგომარეობის ფონზე, როდესაც მოსკოვი გარე მტრის ძებნას იწყებს.

რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა

ბევრი სხვა ექსპერტის მსგავსად, გიორგი გობრონიძისთვის ნათელია, რომ რუსეთთან არ ამართლებს „ქათული ოცნების“ მიერ შერჩეული არგაღიზიანების პოლიტიკა, რადგან რბილი დამოკიდებულების სანაცვლოდ რუსეთი უფრო უფრო შემტევიც ხდება. დაცვის მექანიზმი კი - ხმამაღალ, პრინციპულ განცხადებებში და საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებაში დევს.

  • „ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში შევძლებთ რუსეთის არგაღიზიანებას - თუკი რომელიმე 26 მაისს მას გავუგზავნით მიმართვას, რომ თავის შემადგენლობაში მიგვიღოს ფედერალურ სუბიექტად... სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, მოსკოვი უკმაყოფილო დარჩება... მე ვთვლი, რომ არგაღიზიანების პოლიტიკა ჩვენთვის არის აშკარად წამგებიანი“;
  • „რატომ არ უნდა ვიყოთ რუსეთთან კონფრონტაციაში, არ გვაქვს ამის საფუძველი?! რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას... ახალგორში და გალის რაიონში ქართველები ჩვეულებრივ „აპარტეიდში“ ცხოვრობენ და ვითხოვთ ამისთვის ადეკვატურ პასუხს რუსეთისგან?! "
  • "ერთია რომ სიტყვიერად ვაპროტესტებთ, მაგრამ მის დასჯას, სანქციების დაკისრებას ადეკვატურად ვითხოვთ?! რუსეთი თუ საფასურს არ გადაიხდის, ელაპარაკე რამდენიც გინდა“.

რუსეთის კიდევ ერთი ბრალდება 26 მაისისთვის

რუსეთის ძირითადი პოლიტიკის ნაწილია მეორე ბრალდება, რომელიც ეუთოს ეგიდით მოქმედ „ღია ცის“ საერთაშორისო შეთანხმებას (TOS) უკავშირდება. მოსკოვმა თბილისს ეს ბრალდებაც 26 მაისს გამოუგზავნა.

მიუხედავად იმისა, რომ თავად რუსეთი ამბობდა უარს სამეთვალყურეო ფრენები დაშვებაზე მის მიერ ოკუპირებული - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდებარე 10-კილომეტრიან დერეფანში, ახლა თითს ის ისევ თბილისისკენ იშვერს.

2012 წელს საქართველომ შეაჩერა შეთანხმების ვალდებულება რუსეთთან მიმართებით და ის ვეღარ ახორციელებს სამეთვალყურეო ფრენებს საქართველოს ტერიტორიაზე.

21 მაისს, სახელმწიფო მდივანმა - მაიკ პომპეომ სწორედ საქართველოს პრობლემა დაასახელა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რის გამოც ამერიკა „ღია ცის“ შეთანხმებას ტოვებს.

  • 26 მაისის განცხადებაში მოსკოვი განაგრძობს მტკიცებას, რომ - ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენენ.
  • რუსეთის განცხადებაში ამერიკა საქართველოს წამქეზებლად არის მოხსენიებული - „ისინი მზად რიან მსხვერპლად გაიღონ ეს შეთანხმება იმისათვის, რომ გააღვივონ თბილისის პოლიტიკური ამბიციები და უბიძგონ მას რუსეთთან კონფრონტაციისკენ“.

რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს 27 მაისს ასევე წერილობითი განცხადებით უპასუხა საქართველოს საგარეო უწყებამ. ოდნავ მოგვიანებით კი, მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთს საქართველოსთვის ბრალდებების გამოსაგზავნად შემთხვევით არ შეურჩევია 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - რათა საქართველოს წარმატებები დაეკნინებინა.

რუსეთის ხელწერა

რუსეთის პოლიტიკის ხელწერა ადვილად ამოსაცნობია „მედიის განვითარების ფონდისთვის“ (MDF), რომელიც წლებია იკვლევს მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომის მექანიზმებსა და პროპაგანდის ზეგავლენას.

როგორც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, „რუსეთი თავის ქმედებებში თანმიმდევრულია“ იმავე ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიების გავრცელების კუთხით, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მას ვერ უპირისპირებს „ასეთივე თანმიმდევრულ, ერთიან სტრატეგიულ კომუნიკაციას“.

ერთ-ერთ მაგალითად თამარ კინწურაშვილი ასახელებს უშედეგო გამოძიებას 2018 წელს გამოვლენილ ფაქტთან დაკავშირებით - როდესაც ბულგარელმა ჟურნალისტმა, დალია გაიტანჯიევამ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ, დეზინფორმაციით გაჯერებულ თავის სტატიას ე.წ. მტკიცებულებად დაურთო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან უკანონოდ მოპოვებული მასალები.

„მათ შორის იყო (ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის) დავით სერგეენკოს წერილები, დავით გამყრელიძის კორესპონდენციები და სხვა ელექტრონული მასალები ... თავისთავად, ეს არ იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის ინფორმაცია, მაგრამ როდესაც ასეთი დოკუმენტები ხვდება რუსეთთან დაკავშირებული ჟურნალისტის ხელში და სახელმწიფოს კიბერდანაშაულის მუხლით დაწყებული გამოძიება ბოლომდე არ მიჰყავს, ეს პრობლემაა და არასერიოზულ მიდგომაზე მეტყველებს“ - გვეუბნება თამარ კინწურაშვილი.

მისი განმარტებით, რუსეთის პროპაგანდა ძირითადად შიშების დანერგვას ემსახურება და აქ ოთხნაირი შიში ფიგურირებს, ესენია: 1 - ომის შიში; 2 - ტერიტორიების დაკარგვის შიში (მაგალითად, თუ გავწევრიანდებით ნატოში, ეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვას ნიშნავს); 3 - ბიოდივერსიის საფრთხის შიში (ადამიანი უფრო მოწყვლადია, როდესაც სიცოცხლეს შეეხება საქმე) და 4 - იდენტობის დაკარგვისა და ასიმილაციის შიში (მაგალითად, დასავლეთი საქართველოს მოქალაქეების გაქრობას, მათ შორის - ექსპერიმენტების გზით ცდილობს).

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG