Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ღია ცის ხელშეკრულების დარღვევაში


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდებას, რომ საქართველო ღია ცის ხელშეკრულებას არღვევს და დესტრუქციულად მოქმედებს.

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს თავად სდებს ბრალს წლების განმავლობაში, ღის ცის ხელშეკრულების სისტემატურად დარღვევასა და შეთანხმების პოლიტიზებაში.

„2010 წლიდან დღემდე რუსეთი აგრძელებს უშედეგო მცდელობებს, რომ ეს ხელშეკრულება გამოიყენოს, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციის ერთგვარი ინსტრუმენტი. ჯერ კიდევ 2010 წელს რუსეთის ფედერაციამ მოახდინა ღია ცის ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხის პოლიტიზირება. კერძოდ, რუსეთმა აკრძალა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან 10 კილომეტრის მანძილზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება, იმ მოტივით, რომ თითქოს ეს ე.წ. ქვეყნები არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები და შესაბამისად, მათთან მიმართებით მოქმედებს შეთანხმებით განსაზღვრული განსხვავებული რეჟიმი. აღნიშნული ქმედების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების ლეგიტიმაცია“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სიახლეს არ წარმოადგენს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადება, დაუშვას ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ფრენები 10-კილომეტრიან ზონებში, ეს პოზიცია ორი წლის წინაც გამოხატა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი არ აპირებს თავისი პოლიტიკური მიზნების შეცვლას.

„ხელშეკრულების იმ მუხლებზე დაყრდნობით, რომელიც ეხება არაწევრ სახელმწიფოებს და დაინტერესებულ მხარეებთან (ე.წ. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი ქვეყნები“) კონსულტაციებზე მითითებით, რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაცია კვლავ რჩება მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ამოცანად“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში საქართველო აწარმოებდა კონსულტაციებს პარტნიორებთან, რათა მათ დაერწმუნებინათ რუსეთი, უარი ეთქვა პოლიტიზებულ მიდგომაზე და დაბრუნებოდა ხელშეკრულების სრულფასოვან შესრულებას.

„ორწლიანი უშედეგო კონსულტაციების შემდეგ, 2012 წელს საქართველომ შეაჩერა ხელშეკრულების იმპლემენტაცია რუსეთთან მიმართებაში. ქართული მხარე არ იღებს რუსეთის ფრენებს და არც თავად ახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ტერიტორიაზე. საქართველო მთელი ამ წლების მანძილზე ახორციელებდა თანმიმდევრულ პოლიტიკას. 2012 წლის გადაწყვეტილება რჩება ძალაში. რუსეთის საგარეო უწყების მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, რომ შეასრულონ ღია ცის ხელშეკრულების დებულებები პოლიტიზირების გარეშე, სხვა არაფერია თუ არა, ცინიკური განცხადება, ვინაიდან თავად რუსეთის ფედერაცია ცდილობს ამ ტექნიკური შეთანხმების გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მსგავსი განცხადებებით რუსეთი ცდილობს ბრალი დასდოს სხვა ქვეყნებს, რათა გადაფაროს მის მიერვე ხელშეკრულების დარღვევა: „რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და განუხრელად იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს“.

ღია ცის შესახებ 1992 წლის ხელშეკრულება მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთის ტერიტორიის თავზე აწარმოონ ფრენები სამხედრო ობიექტების სამეთვალყურეოდ.

გასულ კვირაში აშშ-მა რუსეთი დაადანაშაულა, რომ ის ხელს უშლის ფრენაში კალინინგრადის ოლქის, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან რუსეთის სასაზღვრო ზოლის თავზე. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ექვს თვეში ვაშინგტონი შეთანხმებიდან გავა, თუკი რუსეთი ხელშეკრულების პირობებს არ შეასრულებს.

XS
SM
MD
LG