ახალი კორონავირუსის პანდემიის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობისა და COVID-19-ის მასშტაბური გავრცელების რისკის მიუხედავად, 2020 წლის აღდგომის დღესასწაული საქართველოს ეკლესიებში მრევლის თანდასწრებით აღინიშნება. ადამიანები ტაძრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივლენ და იქ დილის 6 საათამდე დარჩებიან. დიდ ტაძრებში ორმეტრიან დისტანციას დაიცავენ, პატარებში მრევლი ეზოში იქნება. ასეთი შეთანხმება შედგა საქართველოს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის.
მთავრობისა და ეკლესიის შეთანხმება სამოქალაქო საზოგადოების არაერთმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა. ასეთი ერთ-ერთი პირველი იყო პოეტი პაატა შამუგია, რომელმაც „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ჩვენმა სეკულარულმა სახელმწიფომ იხოხა მუხლებზე საპატრიარქოს ტერორისტებთანო:
„საპატრიარქოს სიჯიუტე ეკლესიის რეიტინგს ჩააქვესკნელებს - უამრავი ადამიანი დარჩება ერთადერთი ეგზისტენციური საყრდენის გარეშე. შიმშილისგან, გაჭირვებისგან, პირადი და საზოგადო ტრაგედიებისგან გამოფიტულ ადამიანებს ის ერთადერთი ღერძიც გამოეცლებათ, რომელიც ეკლესიაში ეგულებოდათ და შემდეგ ეს ცარიელი ადგილები შეივსება გაცილებით უფრო სახიფათო რაღაცებით, მეტი რადიკალიზაციით, კრიმინალით, ნიჰილიზმით. თუ ამ ვირუსებს გადავურჩით, უნდა გვახსოვდეს და თაობებს უნდა შემოვუნახოთ, რომ ამ ყველაფრის, ამ უბედურებების ერთ-ერთი მიზეზი არის ჩვენი უმდიდრესი და უნეტარესი საპატრიარქო და ჩვენი ჩასვრილი ხელისუფლება, რომელიც მშვიდობიან ხალხთან არის სასტიკი და ბრუტალური, თავისზე რქიანებთან კი მუხლებზე ხოხავს. ჩვენ დავინახეთ, ჩვენმა სეკულარულმა სახელმწიფომ როგორ იხოხა მუხლებზე [საპატრიარქოს] ტერორისტებთან“.
„ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ“ - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი აპირებს უჩივლოს სახელმწიფოს, რომელიც, მისი აზრით, არ იცავს მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას:
„გაგვწირა ერმაც და ბერმაც! პოსტები აღარ ვიცი, მაგრამ პირობას ვდებ, როდესაც გადაივლის ეს ყველაფერი, ერთ ძალიან დიდ სამართალწარმოებას დავიწყებ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის“.
StopChurch.ge (შეაჩერე ეკლესია) - ასეთი ფოტოთი ეხმიანება ჟურნალისტი და აქტივისტი ნინო დანელია აღდგომის აღნიშვნაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
„კრიზისის ყველაზე გადამწყვეტ დროს, ერმაც და ბერმაც გვითხრა, თქვენი შეგნების იმედად ვართ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთო“, - წერს საკუთარ ფეისბუკზე საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და განაგრძობს:
„ასეთ უიმედო ვითარებაში, ჩემი აზრით, ყველაზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს არა პოლიტიკოსების, არა სასულიერო პირების, არამედ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირების, დარგის პროფესიონალების ხმა!.. მუდმივად, დღეში რამოდენიმეჯერ, ხმამაღლა და მომთხოვნი ტონით იმეორეთ, რომ საფრთხე რეალურია და ახლოსაა!“
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ადეკვატურად შეაფასოს საქართველოში პანდემიის საფრთხე, საქართველოს საპატრიარქოს როლი და დაიცვას ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე:
„ბოლო დღეებში, საქართველოს საპატრიარქოს მიმართ გამოვლენილი სუსტი და არასახელმწიფოებრივი პოზიციით, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მას მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უნარი არ შესწევს.
საქართველოს საპატრიარქო და სასულიერო პირები დაუფარავად არღვევენ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ წესებს. ხოლო ხელისუფლება, რეაგირების ნაცვლად, დადგენილი წესების დარღვევის შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ამგვარი შერჩევითი დამოკიდებულებით ხელისუფლება უარს ამბობს სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპებზე: კანონის უზენაესობაზე, თანასწორუფლებიანობასა და მოქალაქეების უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე“, - აცხადებს TDI.
„განსხვავებით რწმენის შინაგანი თავისუფლებისა, მისი გარეგანი განზომილება - ტაძრებსა თუ სხვა სარიტუალო დაწესებულებებში თავშეყრა, წირვა და სხვა რიტუალებში მონაწილეობა - საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო აქტებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი.
ხელისუფლების დამოკიდებულებას აკრიტიკებს მწერალი ლაშა ბუღაძე. მისი თქმით, პასუხისმგებლობის პირველ რიგში ხალხზე დაკისრება სამარცხვინოა:
„სამარცხვინოა, როცა საზოგადოებას, ხალხს გვაკისრებენ პირველ რიგში პასუხისმგებლობას. თურმე ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა. გამოვიჩენთ, რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ ეს იგივე იდიოტიზმია, ადამიანს არჩევანის თავისუფლება მისცე, ვთქვათ, გაჩერდეს თუ არა, როდესაც შუქნიშანზე წითელი აინთება. აი, შენ გადაწყვიტე, დაგარტყამს თუ არა მანქანა. ან იცი რა, ღვედი თუ გინდა გაიკეთე, თუ გინდა არ გაიკეთო. ეს ხომ მარაზმია, როცა ასეთ დროს ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ აკისრებს ამგვარ არჩევანის თავისუფლებას, ახლა გაახსენდათ თურმე არჩევანის თავისუფლება“.
„საერთოდ რა ლეგიტიმაცია რჩება გარღვეულ სახელმწიფოს იმოქმედოს, როცა წესრიგის ბაზისზე - ეკონომიკურ სტრუქტურაზე და მოსახლეობის 80%-ის ქცევაზე გავლენის მქონე ინსტიტუციაზე ის ღიად თმობს საკუთარ ძალაუფლებას?“ - წერს ფეისბუკზე „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე და განაგრძობს: „მთლიანობაში ამ პირობებში ინდივიდების და პოლიციის და დასჯის იმედად დარჩენა და ისევ ჩვენთვის დაბრალება, გარდა იმისა, რომ ისევ ნეოლიბერალური მცირე/ცარიელი სახელმწიფოს ლოგიკას ატარებდა, საკუთარი უძლურების ყველაზე აშკარა აღიარება იყო“.
მოქალაქე გიორგი ოკმელაშვილმა მამა ანდრია ჯაღმაიძეს პოლიციაში უჩივლა. მას მიაჩნია, რომ ჯაღმაიძის საჯარო განცხადება, რომ სააღდგომო წირვები ჩატარდება, ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს შეიცავს.
„მამა ანდრიას ვუჩივი [სისხლის სამართლის კოდექსის] 132-ე მუხლით (განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა), რომ არის ტერორისტი. მინდა ყველამ დარეკოთ და იჩივლოთ“, - ამბობს ოკმელაშვილი ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეოში.