ეკლესიები ვერ დაიხურება - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი და განაგრძობს - თუმცა შესაძლებელია მორწმუნე მრევლის თავშეყრის შეზღუდვა:
„განსხვავებით რწმენის შინაგანი თავისუფლებისა, მისი გარეგანი განზომილება - ტაძრებსა თუ სხვა სარიტუალო დაწესებულებებში თავშეყრა, წირვა და სხვა რიტუალებში მონაწილეობა - საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო აქტებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს“.
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, ხელისუფლებას ტაძრებში თავყრილობის შესაზღუდად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ სჭირდებოდა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, რწმენისა და აღმსარებლობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს „მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ საკულტო ნაგებობებში ადამიანების შეკრებას იცავს რელიგიის თავისუფლება და არა შეკრებისა და გამოხატვის. ამიტომაც შეზღუდვები, რომელიც ეკლესიის შიდა სივრცეებში ადამიანების მიერ სოციალურ დისტანცირებას გულისხმობს, არსებულ რეგულაციებს არ ექვემდებარება.
„თუკი თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, რომ საგანგებო ზომებით გათვალისწინებული შეკრების მონაწილეთა მაქსიმალური ოდენობა (3 ადამიანი) და მათ შორის სავალდებულო ორმეტრიანი დისტანცია დავიცვათ, ეკლესიებსა და სხვა საკულტო ნაგებობებში, არსებული რეგულაციებით, ეს მხოლოდ მორწმუნეთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ასევე, თუკი მორწმუნე 9 საათამდე მივა ეკლესიაში და იქ დილის 6 საათამდე გაჩერდება, კომენდანტის საათის შეზღუდვები მას არ შეეხება. სააღდგომო ლიტურგიის/ღამისთევის გამართვაც სწორედ ამგვარად დაიგეგმა დიდ ეკლესიებში.“
ადამიანის უფლებათა ცენტი ხელისუფლებას მოუწოდებს მკაცრად მოახდინოს იმ რეგულაციების ადმინისტრირება, რასაც ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი:
„მოვლენების ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ცხადია, პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, რომელსაც არ აღმოაჩნდა შესაბამისი გამბედაობა და სიძლიერე ადამიანების საყოველთაო ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დასაცავად, მათ შორის - არაპოპულარული გადაწყვეტილებების გზით.
ორგანიზაცია ასევე, მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს გაიაზროს საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობა და გამოიყენოს თავისი ავტორიტეტი, რათა მრევლი დაემორჩილოს სახელმწიფოს მხრიდან ეპიდემიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს:
„ცხადია, თავისი წილი, მეტწილად - მორალური პასუხისმგებლობა დაეკისრება ეკლესიას, კონკრეტულად კი - საქართველოს საპატრიარქოს და გადაწყვეტილების მიმღებ სასულიერო პირებსაც.“
ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მოუწოდებს მრევლს დაემორჩილონ ეპიდემიოლოგებისა და ხელისუფლების მიერ მიღებულ სპეციალურ ზომებს და დაიცვან ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ აუცილებელი ზომები.