საქართველოს მთავრობა საჭიროდ მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობა კიდევ 19 დღით, 10 მაისამდე გაახანგრძლივოს. წინა, უპირობო მხარდაჭერისგან განსხვავებით, ახლა ოპოზიცია ხელისუფლებას ამ ღონისძიების აუცილებლობის დასაბუთებას სთხოვს. ოპოზიციურ ფრაქციებს უკვე აქვთ გამოცდილება, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ხელისუფლება ანგარიშვალდებულებით არ გამოირჩეოდა.
მიუხედავად ოპოზიციის სკეპტიკური მიდგომისა, მის მხარდაჭერას მთავრობის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ ექნება. უმრავლესობის დეპუტატების ხმები საგანგებო სიტუაციის გასაგრძელებლად საკმარისია.
„ჩვენი მხარდაჭერის გარეშეც გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ როცა მხარს უჭერ, ეს ნიშნავს, რომ იზიარებ პასუხისმგებლობას“, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტარი რომან გოცირიძე.
ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს და შეზღუდვების გახანგრძლივებას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუკი ხელისუფლება ანტიკრიზისულ გეგმასა და საგანგებო მდგომარეობისთვის რედაქტირებულ ბიუჯეტს წარმოადგენს.
გოცირიძე ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის დროს გადადგმულ ნაბიჯებსაც უწუნებს:
„აბსოლუტურად დამაზიანებელია კარანტინის საათის 9 საათზე დაწყება, რადგან მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ურჩევნია გვიან იაროს მაღაზიაში, როცა ცოტა ხალხია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ძალიან კარგად ვხვდებოდით, რომ მრევლის საწინააღმდეგოდ გაკეთდა, მაგრამ მაინც არ იმუშავა“, - ამბობს იგი.
პარლამენტში უმცირესობიდან ყველაზე მეტი დეპუტატი ევროპულ საქართველოს ჰყავს. პარტიიდან პარლამენტის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც თავადაც იყო წლების წინ ჯანდაცვის მინისტრი, ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებულ შეზღუდვებს უწუნებს:
„ჩვენ არ უარვყოფთ, რომ შეზღუდვების საჭიროება არსებობს, მაგრამ ჩვენ გვაღელვებს ამ შეზღუდვების პროპორციულობა და ზარალის შესაბამისი დახმარება“.
მისი თქმით, კომენდანტის საათის დაწესებითა და მაღაზიების დიდი ნაწილის დახურვით მთავრობამ ხელოვნურად გაზარდა ხალხის ნაკადი აფთიაქებისა და იმ რამდენიმე მაღაზიისკენ, რომელიც კვლავ მუშაობს, რითაც გაართულა სოციალური დისტანციის დაცვა.
„ხელისუფლებამ იმაზე მეტი შეზღუდვები დააწესა, ვიდრე ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის იყო საჭირო. აკრძალა ონლაინგაყიდვებიც, რაც სასარგებლოა სოციალური დისტანციისთვის“, - ამბობს ის.
გარდა ამისა, პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მთავრობა არ ითვალისწინებს საზოგადოების სოციალურ მდგომარეობას და, პირველ რიგში, მხედველობაში აქვს ხელისუფლების გადაწყვეტილება, მხოლოდ 150 ლარით დაეხმაროს მათ, ვინც საგანგებო მდგომარეობის გამო სამსახური დაკარგა.
„საგანგებო მდგომარეობა გაცილებით ფართო რამ არის, ჩვენ მთავრობის მხრიდან ვერ ვხედავთ, რომ გააზრებული აქვთ ის ნაბიჯები, რაც ხალხს სჭირდება… ჩვენ გვყავს საზოგადოება, რომელსაც დანაზოგი არ აქვს და ყოველდღიურად სახლიდან გამოდიოდა ლუკმა პურის საშოვნელად“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
საგანგებო მდგომარეობის მხარდაჭერისთვის ხელისუფლებას კონკრეტულ გეგმას სთხოვს პატრიოტთა ალიანსი. პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი მოითხოვს, რომ ეტაპობრივად გაიხსნას დახურული ობიექტები.
„საგანგებო მდგომარეობამ პირველ რიგში დაარტყა მოსახლეობის ღარიბ ნაწილს, თვითდასაქმებულებს. ხალხს ვეუბნებით „დარჩი სახლში“ და ამ დროს არ ვეუბნებით, როგორ იარსებონ, როგორ გამოკვებონ შვილები“, - ამბობს ის.
ყოფილ თანაგუნდელებთან იგივე მოთხოვნები აქვთ ფრაქცია დამოუკიდებელ დეპუტატებს. ფრაქციის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ამბობს, რომ ამ პროცესში ხელისუფლების მზაობამ მათ კითხვები გაუჩინა.
„ის რიცხვები, რაც ვიცით ინფიცირების შესახებ, ძალიან მისასალმებელია, მაგრამ მთავარ გამოწვევად რჩება, რამდენად ასახავს რეალურ სტატისტიკას. სანამ ინტენსიური არ გახდება ტესტირება, თუნდაც მაღალი რისკის ჯგუფებში, რთულია ვიყოთ დარწმუნებული, რომ რეალურად ასახავს ეპიდსიტუაციას საქართველოში“, - ამბობს ჯაში.
ოპოზიციის სკეპტიციზმი უახლოეს მომავალში ვერაფერს შეცვლის. უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ქართული ოცნება მხარს დაუჭერს.