Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დუმს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიაზე - ღია და დაფარული არგუმენტები


უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა მსოფლიო მართლმადიდებელი ოჯახის წევრ ეკლესიებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დუმილი დღემდე არ დაურღვევიათ - უცნობია დაუჭერენ თუ არა მხარს ან როდის, უკრაინის ავტოკეფალიას, მაგალითად, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის ეკლესიები. და, რა თქმა უნდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც, რომელიც ასევე დუმს და ჯერ არც წმინდა სინოდის სხდომის თარიღია ცნობილი.

უკრაინისთვის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ტომოსის გადაცემის დღიდან, 6 იანვრიდან, საქართველოში ელოდნენ, რომ საქართველოს ეკლესია თავის პოზიციას გამოხატავდა აღდგომის მერე, წმინდა სინოდის სხდომაზე შეჯერებული პოზიციის მიხედვით.

თუმცა სინოდს პატრიარქი იწვევს და ჯერჯერობით სხდომის მოწვევის თარიღი უცნობია. „ყველა გამოთქმული ვარაუდი მისი გამართვის თარიღზე - ბათილია“, - გვეუბნება დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი.

ანდრია ჯღამაიძე უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:49 0:00

საპატრიარქო დაკვირვების პროცესშია - მისთვის მნიშვნელოვანი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა ეკლესიები: „არც სხვებს უღიარებიათ’, - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. მისი სიტყვებით, სინოდის მომდევნო სხდომაზე უკრაინის საკითხზე შესაძლოა იმსჯელონ კიდეც, მაგრამ ეს ავტომატურად გადაწყვეტილების მიღება-გამოცხადებას არ ნიშნავს. ამას, დეკნოზის სიტყვებით რამდენიმე მიზეზი აქვს და ეს მიზეზები საერთოა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებისთვისაც:

  • მსოფლიოში ჯერ არავის მიუღია ანალოგიური გადაწყვეტილება;
  • რჩება მთელი რიგი საკითხები, რომელიც ჯერაც არ არის კანონიკურად სრულად შეფასებული.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამ პროცესში პოლიტიკური ფაქტორის გამორიცხვის მომხრეა. მისი თქმით, დღეს ეკლესია მსჯელობს წმინდად საეკლესიო საკითხებზე და რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის მოდელი არ უნდა მოვარგოთ ავტომატურად ეკლესიებს შორის ურთიერთობის მოდელს.

„ხალხს ეს ძალიან მარტივად ესმის, რომ რუსეთი უკრაინასთან დაპირისპირებულია, რომ საქართველოსთან აქვს პრობლემა ოკუპირებული ტერიტორიების გამო და რომ შესაძლოა, ეკლესიებს შორისაც ასე იყოს. არ წყდება ასეთი საკითხები ასე მარტივად“.

საპატრიარქოს მაგალითად მოჰყავს ალექსანდრიის, ანტიოქიის, კვიპროსის, ელადის ეკლესიები, რომლებსაც ასევე არ გამოუხატავთ ღია მხარდაჭერა უკრაინის ავტოკეფალიის მიმართ:

„არც საქართველოს ეკლესიაა გამონაკლისი“, - ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიცია ცნობილი არ არის, უკრაინის ავტოკეფალიას საქართველოში ღიად დაუჭირა მხარი ათამდე ეპისკოპოსმა და სასულიერო პირების ერთმა ნაწილმა.

თუ თეოლოგ ბექა მინდიაშვილის დაკვირვებას გავიზიარებთ, მსოფლიო მართლმადიდებლურ ოჯახში ქართველი სასულიერო პირები, ინდივიდუალურ დონეზე, მაგრამ მაინც, განსაკუთრებულად აქტიური მხარდამჭერით გამოირჩევიან უკრაინის ავტოკეფალიის მიმართ.

საქართველოს ეკლესია, ბექა მინდიაშვილის შეფასებით, აუღიარებლობის გასამართლებლად რამდენიმე არგუმენტს იშველიებს - მათგან ზოგი საჯაროდ თქმულია, ზოგიც დაფარული.

არგუმენტი #1 - თუ დღეს მხარს დავუჭერთ უკრაინის ავტოკეფალიას, ხვალ რუსეთი გადადგამს ნაბიჯებს აფხაზეთის ეკლესიის (და ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკლესიის) ავტოკეფალიის პროცესის დასაწყებად.

ეს არის აბსურდული არგუმენტი, - ამბობს ბექა მინდიაშვილი - მისი სიტყვებით, შეუძლებელია მართლმადიდებლურ ოჯახში წარმოიქმნას ავტოკეფალია იქ, სადაც სახელმწიფოებრიობა არ არსებობს.

„რუსეთს, ამ მხრივ, მარსზეც კი შეუძლია ავტოკეფალია გამოაცხადოს. ერთადერთი, ვისაც რეალურად შეუძლია აფხაზეთის ავტოკეფალიური მოძრაობის მხარდაჭერა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოა, რომელიც არც ერთ ნაბიჯს ამ მიმართულებით არ გადადგამს“.

არგუმენტი #2 - ამ საკითხზე არ არსებობდა საყოველთაო გადაწყვეტილება, მართლმადიდებელი ეკლესიების კონსენსუსი და რომ თითქოს, უკრაინის ავტოკეფალია დარღვევების ფონზე გამოცხადდა:

„თუ თვალს გადაავლებთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების პროცესს, ვნახავთ, რომ ჩვენმა ეკლესიამაც ანალოგიური გზა გაიარა. წესების ერთადერთი დამრღვევი დღესაც რუსეთია“, - შენიშნავს ბექა მინდიაშვილი.

და არგუმენტი #3 (დაფარული არგუმენტი) - რუსეთის გავლენა

„ამაზე მიუთითებს ყველაფერი. ისიც, რომ დღემდე ვერც ერთმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ ვერ გაბედა საჯაროდ გამოეხატა სამართლიანი პოზიცია, არის სწორედ რუსული გავლენის, რუსული ძალის შიში. რუსეთისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური საკითხი, იმიტომ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებით, ინგრევა რუსეთის მესამე რომის რელიგიური კონცეფცია, ჩნდება უძლიერესი მოთამაშე უკრაინის ავტოკეფალიის სახით. საქართველოს შემთხვევაშიც, რუსეთის ეკლესიის გავლენა და შიში რუსეთის სახელმწიფის მიმართ, ერთადერთი მოტივია ამ დუმილისა“.

თეოლოგებს არ აქვთ ოპტიმისტური მოლოდინი - ბექა მინდიაშვილისათვის ის მიზეზიც საკმარისია, რომ წმინდა სინოდში გაცილებით მცირეა იმ სასულიერო პირების რაოდენობა, ვინც მხარს უჭერს უკრაინის ავტოკეფალის, ვიდრე მათი, ვინც დუმს.

სწორედ ამიტომ:

„მეეჭვება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეძლოს ამ ნაბიჯის გადადგმა“.

„ეკლესიამ შეიძლება გააკეთოს ორაზროვანი, მაგრამ დროში გაწელილი განცხადება“, - ეს ვარაუდი კი თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს ეკუთვნის, რომელიც ასევე აკვირდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს და მიიჩნევს, რომ წმინდა სინოდზე მოქმედებს მკაფიოდ გამოხატული ჩრდილოური გავლენა, რომელიც მას არ მისცემს უფლებას იმოქმედოს ისტორიული საფუძვლისა და კანონიკური სამართლის ან მორალის მიხედვით.

„საქართველოს საპატრიარქო ეცდება, წმინდა სინოდს არ მისცეს უკრაინის სასარგებლოდ კრებსითი გადაწყვეტილების მიღების უფლება. და რადგან ჩვენ ვიცით, რომ წმინდა სინოდი მხოლოდ სიმბოლურად მართავს ეკლესიას, სინამდვილეში კი მხოლოდ საპატრიარქოს სამდივნოა აღჭურვილი მართვის უფლებით, არც საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მოლოდინი უნდა გვქონდეს“.

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი თეოლოგთა ნაწილისათვის საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება?

გიორგი ტიგინაშვილის აზრით, ამ აღიარებით საქართველოს მართლმადებელი ეკლესია შეატორტმანებს რუსეთის მდგენელს და იმ გავლენის სფეროებსაც, რომელიც რუსეთს აქვს აღმოსავლეთ ევროპაში:

„რუსეთისთვის ეს არის საუკუნის მარცხი, საქართველოსთვის კი საუკეთესო შანსი, თავი დაიხსნას იმ 200 წლიანი მონობიდან, რომელიც სხვადასხვა დოზით დღემდე მოქმედებს“, - გვითხრა გიორგი ტიგინაშვილმა.

იმ სასულიერო პირებს შორის, ვინც ღიად დაუჭირა მხარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, არის მანჩესტერისა და ბირმინგემის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

მისთვის ამ მხადარჭერას ისტორიული და კანონიკური საეკლესიო-სამართლებრივი საფუძველი აქვს და უკავშირდება მოსკოვის საპატრიარქოს ქცევას, „საეკლესიო მტაცებლობას“, როგორც მას ილია ჭიღლაძე უწოდებს, როდესაც მე-17 საუკუნის ბოლოს, კიევის და ზოგადად უკრაინის ეპარქიებზე რუსეთის იურისდიქცია გავრცელდა.

„ასეთი საეკლესიო მტაცებლობის მაგალითი აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ საქართველოს ეკლესია დამოუკიდებელი ერთეული იყო. ხოლო კიევის მიტროპოლია ეკუთვნოდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიაქროს. კიევის სამიტროპოლიტოს წართმევა მოსკოვის საპატრიაქომ მოახერხა ძალისმიერი პოლიტიკური და ფინანსური ხერხების გამოყენებით. და ეს იყო უმძიმესი შეცდომა და დანაშაული რუსეთის მხრიდან. წლების შემდეგ კი უკრაინელმა ხალხმა მოინდომა საეკლესიო ოკუპაციისგან თავის გათავისუფლება“.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე იხსენებს, რომ ისტორულად, ავტოკეფალიის აღიარება ყოველთვის იყო რთული პროცესი. საქართველოს, ამ აღიარების მისაღებად 70 წელზე მეტი დასჭირდა - 1917 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ მხოლოდ 1990 წელს ცნო.

გამონაკლისი არც უკრაინაა. თუმცა დეკანოზი ფიქრობს, რომ მიუხედავად სხვა ეკლესიების სიფრთხილის და დუმილისა, ამ პროცესს მაინც ვერაფერი შეაჩერებს - აღიარება დროის საქმეა.

რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის პოზიციას და სავარაუდო შიშებს რუსეთის ხელში არსებული ბერკეტების მიმართ, დეკანოზის პოზიცია ასეთია: დიახ, დღეს რუსეთი აკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკლესიებს, თუმცა, ფორმალურად, მოსკოვის საპატრიარქო მაინც აღიარებს, რომ კანონიკურად ეს არის საქართველოს საპატრიარქოს ტერიტორია.

საქართველოს მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში, ეს ფორმალური აღიარება მათ მიერ ერთ დღეში გაუქმდება და იქ ისინი ადგილზე გახსნიან ეპარქიებს. მაგრამ შიში, რომ იქ ავტოკეფალური ეკლესია იარსებებს, უსაფუძვლოა და ნაკლებად მოსალოდნელი.

„რუსეთის ინტერესი ამ რეგიონის სრულად შერწყმაა რუსეთის ფედერაციასთან და არა ავტოკეფალიის მინიჭება იქაური ეკლესიებისათვის. გარდა ამისა, არც აფხაზეთში და არც ცხინვალის რეგიონში, საეკლესიო კუთხით, არანაირი რესურსი არ არსებობს ავტოკეფალიური ეკლესიის ჩამოსაყალიბებლად. რუსეთს მხოლოდ ის შეუძლია, რომ იქ თავისი ეპისკოპოსები დასვას“, - უთხრა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG