„მე და ჩემი ოჯახი იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ დღეს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდა მამა გიორგი“, - წერდა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე 25 აპრილს.
25 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულია 23 პირობითი მსჯავრდებულიც. მათ შორის, ვინც საპატიმრო დაწესებულებები წინასააღდგომოდ დატოვეს, არ აღმოჩნდა მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.
რატომ ჰქონდა გიორგი მამალაძის ოჯახს იმედი, რომ მას პრეზიდენტი შეიწყალებდა?
დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით მის ოჯახს სალომე ზურაბიშვილისთვის არ მიუმართავს. როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განგვიმარტა, ამის საჭიროება აღარ არსებობდა, რადგან მანამდე ოჯახმა ორჯერ მიმართა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. ამას გარდა, ადვოკატის თანახმად, ოჯახს საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან ჰქონდა დაპირება, რომ ისინი პრეზიდენტს მიმართავდნენ და მსჯავრდებული დეკანოზი აღდგომის დღესასწაულამდე გათავისუფლდებოდა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამავე პირობით აიმედებდნენ თავად გიორგი მამალაძესაც მაღალი თანამდებობის ის მღვდელმსახურები, რომლებმაც დეკანოზი სხვადასხვა დროს მოინახულეს პენიტენციურ დაწესებულებაში.
”‘როდესაც პროტესტის ნიშნად კარავი გაიშალა საპატრიარქოსთან, გარკვეული პირები სთხოვდნენ თორნიკეს, გიორგი მამალაძის ძმას, რომ ეს ყველაფერი აღეკვეთა. არ ყოფილიყო პროტესტი და ისინი მზად იყვნენ შუამდგომლობით მიემართათ პრეზიდენტისთვის. ამავდროულად მოითხოვეს ერთი რამ - მამა გიორგის უნდა დაეწერა წერილი, რომ საპატრიარქოში ყველაფერი რიგზეა და არავითარი დაჯგუფებები არ არსებობენ. ანუ პრეტენზიები უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს - სუსის, საგამოძიებო ორგანოების მიმართ", - გვითხრა მიხეილ რამიშვილმა. მისი განმარტებით, გიორგი მამალაძე ამ პირობას არ დაჰყვა, თუმცა, ამის მიუხედავად მის ძმას მაინც მოსთხოვეს ერთგვარი ტაიმ-აუტის აღება - კერძოდ, მიხეილ რამიშვილის განმარტებით, პროტესტი ჩუმად უნდა გაგრძელებულიყო და ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ხმამაღლა არ უნდა ელაპარაკათ.
„კი ბატონო, ხმას არ ვიღებდით, ერთი სიტყვა არ გვითქვამს. მივეცით ეს ტაიმ-აუტი,მაგრამ რა? შედეგად არაფერი“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა. ტაიმ-აუტის მიზეზად, თავის მხრივ, გიორგი მამალაძის თხოვნას ასახელებს მისი ძმა თორნიკე მამალაძე. „უნდა განვმარტო, რომ მთელი დიდმარხვის პერიოდში მე ვიმყოფებოდი კარავში და ჩემი სიჩუმის მიზეზი იყო ჩემი ძმის თხოვნა, რომ მარხვა სიმშვიდეში გამეტარებინა და საპატრიარქოსთვისაც მიმეცა საშუალება ღელვის გარეშე შეხვედროდნენ აღდგომას“, - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თორნიკე მამალაძე. იგი ამბობს, რომ საპატრიარქომ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრეზიდენტის შეწყალების აქტი დეკანოზ გიორგი მამალაძესაც შეხებოდა.
ტაიმ-აუტი დასრულდა- დეკანოზის ოჯახი საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ პროტესტის ნიშნად კარავი საპატრიარქოს წინ მიმდინარე წლის 4 თებერვალს გაშალა. საპროტესტო აქციის მოთხოვნა თავიდან დეკანოზის ზიარება იყო, რამდენიმე დღეში კი მას დაემატა მოთხოვნა დეკანოზის გათავისუფლების შესახებაც. 4 თებერვლიდან მოყოლებული თორნიკე მამალაძე კარავში ცხოვრობს, მასთან ერთად კარავში ერთმანეთის მონაცვლეობით იმყოფებიან მისი ძმა და მამა.
თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ აღდგომის შემდეგ მისი ოჯახი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს გაათმაგებული ენერგიით გამართავს და საპატრიარქოს გარდა, სხვა ლოკაციებსაც მოიცავს:
„საპატრიარქოს და მთავრობას ჰქონდათ სრული შესაძლებლობა რომ ჩემი ძმა გაეთავისუფლებინათ. საპატრიარქოს ჰქონდა დრო, რომ მიემართა პრეზიდენტისთვის და პრეზიდენტს გამოეშვა ჩემი ძმა. მაგრამ არ მოხდა ეს ყველაფერი. საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ პროვოკაციას აყოლილმა მთავრობამ განახორციელა ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ კარვები დავდგათ მთავრობის კანცელარიასთანაც.
თავი და თავი ამ ყველაფრის არის ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ ივანიშვილის სასახლესთანაც აქციების გამართვას“, - გვითხრა თორნიკე მამალაძემ. მისი განმარტებით, მსჯავრდებული დეკანოზს კიდურები პარალიზებული აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება, რადგან სათანადო მკურნალობა არ უტარდება. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გიორგი მამალაძის ძმის განცხადების პასუხად გვითხრეს, რომ მსჯავრდებულს მისი სამედიცინო მდგომარეობის შესაბამისად უტარდება მკურნალობა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. ეგრეთ წოდებულ „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია გაგზავნილი.