Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი და „ცილისწამების კანონი“ - დაგვჭირდება ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის?


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 იანვარს, თავის პირველივე პრესკონფერენციაზე, მოკლე შესავალ სიტყვაში ისევ ახსენა „კანონი ცილისწამების“ შესახებ. სამოქალაქო საზოგადოებამ მისი სიტყვები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დასაწყისად აღიქვა.

„ტექსტი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ მსჯელობა უნდა დაიწყოს“

ცილისწამების კანონის პარალელურად, ძალიან კარგად მესმის, რომ დაცული უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება, ხშირად ეს ორი პრინციპი შეუთავსებელია, მაგრამ არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ეს პრობლემა გადაწყვიტეს. მაგალითად, საფრანგეთი...
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხის დარეგულირებაზე აქტიურად ფიქრობენ - მართალია, მისივე სიტყვებით, მათ ჯერ რაიმე კონკრეტული ტექსტი (კანონპროექტის თუ სხვა სახით) არ აქვთ, თუმცა არსებობს მზაობა, რომ ეს საკითხი გახდეს ფართო დისკუსიის საგანი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებასთან დისკუსიის დასაწყებად, და ამ დისკუსიის შედეგების განსახილველად უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან.

მართალია, საქართველოს კანონმდებლობით პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება, მაგრამ როგორც სალომე ზურაბიშვილი შენიშნავს, ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არა აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება თუ მორალური ინიციატივა, რითიც პარლამენტს, მთავრობას თუ დანარჩენ საზოგადოებას მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ცილისწამება, შეურაცხყოფა, სიძულვილის ენა ის საკითხებია, რომელიც საზოგადოებას აღელვებს და საჭიროა ამ ვნებათაღელვის ჩაცხრობა:

„ცილისწამების კანონის პარალელურად, ძალიან კარგად მესმის, რომ დაცული უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება, ხშირად ეს ორი პრინციპი შეუთავსებელია, მაგრამ არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ეს პრობლემა გადაწყვიტეს. მაგალითად, საფრანგეთი, რომელმაც მიიღო კანონი ცილისწამების წინააღმდეგ, თუმცა მათმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ის არ ეწინააღმდეგება არც სიტყვის თავისუფლებას და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებს“.

როგორ წარმოუდგენია ბალანსის დაცვა საქართველოს პრეზიდენტს იმ ფონზე, როდესაც სიტყვის თავისუფლების დამცველი არაერთი არასამთავრობოს განცხადებით, საქართველოში ცილისწამების სისხლის სამართლებრივად დასჯის ისევ შემოღებამ, შესაძლოა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენოს?

ამ კითხვაზე სალომე ზურაბიშვილს ჯერ კონკრეტული პასუხი არა აქვს. ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც არც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს, მაგრამ ამავე დროს, დაიცავს ადამიანის ღირსებასაც. და ეს ღირსება, მისი სიტყვებით, ხშირად ილახება. განსაკუთრებით - სოციალურ ქსელებში.

„მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მსგავსად არ განიცდის ამ ცილისწამების გამძაფრებას. ეს იმიტომაც ხდება, რომ სოციალურ ქსელებით ამის გაკეთება ადვილია, პასუხისმგებლობა კი ნაკლები. მედიას აქვს თავისი წესები და მოქალაქე იქ უფრო დაცულია, მაგრამ როცა ჩვენ საქმე გვაქვს სოციალურ ქსელთან, სადაც შეიძლება იყო ანონიმური, რომელიც ზოგჯერ არის სხვა ქვეყნის მიერ მართული, მე მგონი, საჭიროა ამ კუთხით ვიფიქროთ. თუმცა დღეს მე არ მაქვს ზუსტი პასუხი, რა კანონი უნდა მივიღოთ. ან არის თუ არა ჩვენთვის შესატყვისი რომელიმე ქვეყნის ახალი კანონმდებლობა, რომელიც ორივე პრინციპს შეითავსებს - ადამიანის ღირსების დაცვასაც და სიტყვის თავისუფლებასაც, მაგრამ ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე განცხადა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ საკითხში მის მხარესაა და რომ მუშაობის პროცესში გამოჩნდება შესაძლებელია თუ არა ვითარების გამოსწორება კანონმდებლობით.

„მოგვიწევს გავიაზროთ, რატომ უნდა იყოს დაშვებული მიუღებელი მოსაზრებებიც“

პრეზიდენტმა ახსენა საფრანგეთის მოდელი, რომელიც ძალიან განსხვავებულია. იქ საკანონმდებლო რეგულაციის მთავარი მიზეზი გახდა რუსული პროპაგანდა და რუსული არხების მიერ გავრცელებული ყალბი ამბები წინასაარჩევნო პერიოდში.
ნატა ძველიშვილი

ის, რასაც ვითარების გამოსწორებას უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი, სიტყვის თავისუფლებისათვის საფრთხედ აღიქვამს არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. რადიო თავისუფლება ამ საფრთხეს ცოტა ხნის წინაც გამოეხმაურა, როდესაც სიტყვის თავისუფლებას საქართველოს პატრიარქიც შეეხო თავის საშობაო ეპისტოლეში.

პრეზიდენტის პირველი პრესკონფერენციის შემდეგ ჩვენ ისევ ვთხოვეთ შეფასება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომელიც მუდმივად აკვირდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს. ქარტიის დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილის ამ გამოსვლებმა დაადასტურა რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე მსჯელობა სერიოზულ სახეს მიიღებს და რომ სამოქალაქო საზოგადოებას წინ უდგას მნიშვნელოვანი გამოწვევა. მას მოუწევს კიდევ ერთხელ გაიაზროს, თუ რატომ უნდა იყოს დაშვებული ისეთი მოსაზრებების გამოთქმაც, რომელიც, შესაძლოა, ბევრისთვის იყოს მიუღებელი.

„პრეზიდენტმა ახსენა საფრანგეთის მოდელი, რომელიც ძალიან განსხვავებულია. იქ საკანონმდებლო რეგულაციის მთავარი მიზეზი გახდა რუსული პროპაგანდა და რუსული არხების მიერ გავრცელებული ყალბი ამბები წინასაარჩევნო პერიოდში. საბოლოოდ შეიძლება მოიხსნას მხოლოდ ისეთი ყალბი ამბები, რომელიც დიდი მასშტაბით განზრახ გავრცელდა და მიზნად ისახავს არჩევნებზე ზეგავლენას. ეს ნორმა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს. ამიტომაც, საფრანგეთის მაგალითი სრულიად განსხვავდება და ვერ უზრუნველყოფს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც გამოჩნდა, რომ პრეზიდენტს აწუხებს. ამ ამბავში პოზიტიური მხოლოდ ისაა, რომ როგორც თქვა, არ აქვთ გამზადებული კანონპროექტი, შესაბამისად გვაქვს უფრო მეტი საშუალება, რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არ მიიღონ რაიმე ნორმა, რაც დააზიანებს გამოხატვის თავისუფლების იმ მაღალ სტანდარტს, რაც დღეს გვაქვს“, უთხრა ნატა ძველიშვილმა რადიო თავისუფლებას.

რას ამბობს კანონი დღეს?

რაც შეეხება დღეს მოქმედ კანონს, საქართველოში 2004 წლიდან ცილისწამება აღარ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. ცილისწამებას არეგულირებს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ რომელიც ამბობს, რომ ცილისწამება, ეს არის მცდარი ფაქტის გავრცელება სხვა ადამიანზე, და რომ ის ლახავს მის პატივს ან ღირსებას და ეს არის სამოქალაქო დავის საგანი. თუმცა ცილისწამებისთვის ადამიანები ციხეში არ მიდიან.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG