Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მშვენიერაძე: ქვეყანა შორდება იმ დემოკრატიის სტანდარტს, რომელიც გვქონდა წლების წინ


ჟურნალ „ეკონომისტის“ გამოკვლევის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, რეგიონში საქართველოს დემოკრატიის ინდექსი 5.93-დან 5.50-მდე დაეცა. გამოკვლევის ავტორები დემოკრატიის ინდექსის ვარდნის რამდენიმე სავარაუდო მიზეზზე წერენ. მათ შორისაა, გასული წლის მაისში, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება მმართველი პარტიის თავმჯდომარედ. გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება ვალების ჩამოწერის შესახებ.

ჟურნალ „ეკონომისტის“ მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს ლოგიკურად მიიჩნევს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე და რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ უკანასკნელ პერიოდში, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი სულ უფრო და უფრო უარესდება: „გაუარესება ეხება დემოკრატიის სხვადასხვა კომპონენტს. მათ შორის საარჩევნო პროცესს - რამდენად არის პოლიტიკურად თავისუფალი გარემო და რამდენად ახერხებენ ადამიანები სამართლიანი არჩევნების პირობებში ხელისუფლების ფორმირებას და ამასთან დაკავშირებით ალბათ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემები. ეს კარგად გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნებზე და განსაკუთრებით მეორე ტურში, როცა ხელისუფლებამ არც მოსყიდვა და არც ძალადობა არ დაიშურა, რომ სასურველი შედეგი მიეღო. გარდა ამისა, გვაქვს უამრავი პრობლემა ხელისუფლების დანაწილების და ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთბალანსის კუთხით. ვხედავთ, რომ სასამართლო ხელისუფლება არის სავალალო მდგომარეობაში და რეალურად, კლანური ინტერესით იმართება და არა მართლმსაჯულების კონსტიტუციური ინტერესებით. აღმასრულებელი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი არის პირი, რომელიც სინამდვილეში არ არის პოლიტიკური პროცესით შერჩეული პირი და მისი რეიტინგი და ცნობადობა იყო ყველაზე დაბალი, როდესაც ის დაინიშნა პრემიერ-მინისტრად და რეალურად, მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია არა ხელისუფლებასა და თანამდებობის პირებში, არამედ არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ხელში. გარდა ამისა, ხელისუფლებას აქვს სერიოზული პრობლემები კონსტიტუციურ ლიბერალიზმთან. ეს არის იერიშები გამოხატვის თავისუფლების მიმართ, კანონმდებლობა, რომელიც აუარესებს თავისუფლების ხარისხს ქვეყანაში და ეს არ ეხება მარტო სიტყვის თავისუფლებას და ბუნებრივია, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის იმას, რომ სახელმწიფო არ მიდის სწორი მიმართულებით და ის შორდება დემოკრატიის სტანდარტს, რომელიც გვქონდა წლების წინ“.

XS
SM
MD
LG