საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხის განხილვას სინოდის მომდევნო სხდომაზე გეგმავს. კიევისთვის მილოცვისგან თავს იკავებს საქართველოს ხელისუფლება და ამას კანონიკური ურთიერთობებით ხსნის. გაუმართლებელი თავშეკავებისთვის ხელისუფლებას აკრიტიკებს ოპოზიცია. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს, ტომოსს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა.
- ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი:
„ტომოსი ხომ უნდა წავიკითხოთ?! იქნებ რა წერია ამ ტომოსში?! როგორ შეიძლება გამოვხატოთ ოფიციალურად?! ისე კი, გასაგებია, რა ხდება ეკლესიაში, ერთმანეთს ვესაუბრებით... მაგრამ რაც შეეხება ოფიციალურად პოზიციის გამოხატვას, საერთოდ, ყველაფერში უნდა იყოს ადამიანი კორექტული და მითუმეტეს - ეკლესია, როდესაც გამოხატავს თავის ოფიციალურ პოზიციას. მერე კიდევ, ეკლესიამ როგორ უნდა გამოხატოს პოზიცია, თუ წმინდა სინოდმა არ იმსჯელა და არ გადაწყვიტა... ჩვენ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ და როდესაც შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ, ტომოსი ჯერ საერთოდ არ ვიცოდით. ის არც ახლაა გამოქვეყნებული. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემდგომ სინოდებზე შევისწავლოთ ეს საკითხი.“
- პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო:
"სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას. როდის იქნება განხილვა, არ ვიცი".
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:
„ჩვენმა დედა ეკლესიამ ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და ეს ყველასთვის იყო ღია... არსებობს კანონიკური ურთიერთობები, რომელიც დადგენილია და ამის შესახებ გაკეთდა კომენტარი.“
- პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:
„რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ჩვენ გვექნება საუბარი პატრიარქთან, საპატრიარქოსთან და, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ასეთ ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ.“
“ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან, განსაკუთრებით მჭიდროა პარლამენტებს შორის კავშირები. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, მე პირადად - უკრაინის რადას თავმჯდომარესთან. ძალიან გააქტიურებულია პარლამენტებს შორის ურთიერთობები, ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეაც შევქმენით ჩვენს მოლდოველ მეგობრებთან ერთად. შესაბამისად, თანამშრომლობა არის მჭიდრო, არის აქტიური, ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბარი ამ თემაზეც, ასევე გვექნება, საპატრიარქოსთან საუბარი, პატრიარქთან საუბარი და ამის საფუძველზე გახმოვანდება ჩვენი გზავნილები“.
- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:
სალომე ზურაბიშვილმა არ გასცა პასუხი ჟურნალისტების შეკითხვებს უკრაინის ავტოკეფალიის კიევისთვის მილოცვასთან დაკავშირებით.
- ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე:
„ჩვენ, ბუნებრივია, ველოდებით ეკლესიის პოზიციას. არ შეიძლება, რომ მე თქვენს წინაშე გავაკეთო კომენტარები ამ საკითხზე, ვიდრე არ გააკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია განცხადებას ამ საკითხზე. ველოდებით სინოდს და ისინი დააფიქსირებენ თავის პოზიციას. ამ საკითხზე დამატებით აჟიოტაჟის შექმნა არის ხელოვნური“.
- „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე:
“ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენმა მთავრობამ და ხელისუფლებამ არ მიულოცა უკრაინულ სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს. რაც შეეხება ქართული ეკლესიის პოზიციას, რა თქმა უნდა, საბოლოო ვერდიქტი უკრაინის ეკლესიის ცნობასთან და მილოცვასთან დაკავშირებით უნდა ჩამოაყალიბოს ჩვენმა ეკლესიამ, წმინდა სინოდმა. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, სინოდის გადაწყვეტილებები იქნება გააზრებული, მოფიქრებული და იქნება ისეთი, როგორიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესსაც და კანონიკურ კანონმდებლობასაც“.
- „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა:
“მორიგი სირცხვილი საქართველოს მთავრობისგან. ამათ მართმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი დგომა ჰგონიათ. ამხელა მოვლენა მოხდა სამართმადიდებლოში, უკრაინელ ხალხს მაინც მიულოცე! არა აქვს ამას გამართლება, სულ რომ “კორექტულობას“ იცავდე, შიდაეკლესიურ მოვლენად მიგაჩნდეს და ჩვენი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას ელოდებოდე. ეს უბრალოდ პოლიტიკური სიბეცე და სირცხვილია! ვულოცავ უკრაინელებს ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებას. აბა გამოვიდეს და თქვას ვინმემ, რომ კიევს, სადაც საქართველოს მსგავსად ანდრეა პირველწოდებულმა იქადაგა ქრისტეს სახარება, ეს არ ეკუთვნოდა გინდ საეკლესიო წესით, გინდაც პოლიტიკურად“, - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.