Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვილმოკლული მამები: მარტოობას პარტიები გააქრობენ?


მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე
მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავენ, რათა მეტი მხარდაჭერის, აქციების უკეთ ორგანიზებისა და მეტი დაცულობის შესაძლებლობა მიიღონ. მკვლელებისა და მათი მფარველების დასჯის უმთავრეს მოთხოვნასთან ერთად, შვილმოკლული მამების მთავარ მოთხოვნად კვლავაც ხელისუფლების შეცვლა რჩება, რადგან სწორედ ამ შემთხვევაში წარმოუდგენიათ მათ დამნაშავეთა დასჯა. რამდენად რეალისტურია პარტიების გაერთიანება მამების პროტესტის გარშემო, რა შემთხვევაშია ეს შესაძლებელი და რა შედეგია მოსალოდნელი?

ზაზა სარალიძე აქციების პოლიტიკურ ხასიათზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:24 0:00

თუკი მაის-ივნისის აქციებს შევადარებთ, პარლამენტის შენობასთან 10 სექტემბრიდან განახლებულ აქციებზე შვილმოკლული მამები პრაქტიკულად სულ მარტო იდგნენ. გული არ მწყდებაო, ხალხს თავისი პრობლემები აქვს და, თანაც, სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ბევრი ადამიანი დააშინესო, უთხრა 26 სექტემბერს რადიო თავისუფლებას თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა. თუმცა ახლა უკვე, როდესაც აქციამ ოფიციალურად გაუხსნა კარი პოლიტიკურ პარტიებს, შვილმოკლულ მამებსაც თითქოს უფრო მეტი იმედი გაუჩნდათ.

  • ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პოლიტიკური პარტიების ჩართულობის შემთხვევაში, დაიკლებს პროვოკაციების ალბათობა სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან და გაიზრდება დაცულობის ფაქტორი.
  • შვილმოკლული მამები იმედოვნებენ, რომ პარტიების დახმარებით, მეტი ხალხი შეგროვდება აქციაზე და სიმართლის დადგენის მეტი შანსი გაჩნდება. თუმცა რომ მოუწიოთ, სულ მარტო, ორნიც გააგრძელებენ ბოლომდე ბრძოლას მკვლელების დასასჯელად.

შვილმოკლული მამები 27 სექტემბერსაც ამას აკეთებდნენ და მომდევნო დღეებშიც აპირებენ, რომ დახმარების თხოვნის მიზნით შეხვდნენ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს და მიიღონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხარდაჭერაც. აქ იგულისხმება არა მხოლოდ თანადგომა და მორალური მხარდაჭერა, არამედ რეალური დახმარება მათ შორის აქციების ორგანიზების საქმეშიც. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაკონკრეტების გარეშე უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ მიმართ თანადგომა მმართველი პარტიის რიგებიდანაც გამოხატეს, თუმცა ძნელი სათქმელია, გაკეთდება თუ არა განცხადებები საჯაროდაც.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციების პოლიტიკურ ხასიათზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:30 0:00

მამების მიერ პოლიტიკური პარტიების მოხმობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება სახელდება. 25 სექტემბერს, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას, ირაკლი კობახიძემ შვილმოკლული მამების აქციას „ნაციონალური მოძრაობის აქცია“ უწოდა. აქციის პოლიტიკურად ქცევის უმთავრეს საფუძვლად კი 26 სექტემბერს განვითარებული მოვლენები ჩაითვალა.

შვილმოკლული მამები და პოლიციის ძალა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:22 0:00

„ამ წუთიდან საქართველოს პარლამენტის წინ ვუხმობთ და ვთხოვთ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, შემოურთდეს შვილმოკლული მამების აქციას და აქცია დღეიდან, ამ წუთიდან, იქნება სწორედ პოლიტიკური. ხელისუფლებას აღარ დარჩება სპეკულაციის საბაბი“, - გამოაცხადა პარლამენტის შენობასთან 26 სექტემბრის საღამოს გამართულ მიტინგზე „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ. ეს სწორედ იმ დღის მიწურული იყო, როდესაც, პოლიციელებმა კარავი და სხვა საგნები წაართვეს ზაზა სარალიძეს, რომელიც პარლამენტისკენ ავტომანქანით გადაადგილდებოდა. სარალიძე რამდენჯერმე გახდა შეუძლოდ და ვითარება სერიოზულად დაიძაბა.

როგორია პოლიტიკური ძალების მზადყოფნა

შვილმოკლული მამების მოწოდებას 26 სექტემბერსვე გამოეხმაურა კოალიცია „ძალა ერთობაშია“ და მასში შემავალი პოლიტიკური ძალების - მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ - სახელით სრული მხარდაჭერა გამოხატა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნების მიმართ. „ძალა ერთობაშია“ შვილმოკლულ მამებს დაჰპირდა, რომ მათ ყოველმხრივ დაეხმარება სიმართლისათვის ბრძოლის გზაზე. ამის შესახებ არაერთი განცხადება გააკეთა 26 სექტემბერს აქციაზე მისულმა გიორგი ვაშაძემ, საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

შვილმოკლულ მამებს მხარდაჭერას უცხადებს ასევე „ევროპული საქართველო“. როგორც ამ პოლიტიკური ძალის სპიკერმა ირაკლი კიკნაველიძემ 27 სექტემბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, პარტია მუდმივად უჭერდა მხარს შვილმოკლული მამების აქციას და უაღრესად მნიშვნელოვანია დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დასკვნა, რომელიც სწორედ „ევროპული საქართველოს“ ძალისხმევის შედეგად დაამტკიცა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. რაც შეეხება მამების აქციის კონკრეტულ დახმარებას, კიკნაველიძის თქმით, დახმარება საჭიროების მიხედვით განისაზღვრება, თუმცა, „ევროპული საქართველოს“ პოზიციით, ლოკომოტივის როლი ამ აქციებზე არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ ხალხმა უნდა შეასრულოს.

გადმოწერა

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ლეიბორისტულ პარტიასაც, რომელთანაც შვილმოკლულ მამებს ჯერ კონსულტაცია არ გაუვლიათ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ, უთხრა რადიო თავისუფლებას, ლეიბორისტები მუდმივად გამოხატავდნენ მხარდაჭერას მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მიმართ და ეს ასეც გაგრძელდება, თუმცა კონკრეტულად რა როლის შესრულება იქნება შესაძლებელი აქციების მიმდინარეობისას და მოხერხდება თუ არა სხვა პარტიებთან თანამშრომლობა ამ კუთხით, ამ შეკითხვებზე პასუხი ჯერ ისევ არ არსებობს. გიორგი გუგავას თქმით, „ამომრჩეველმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ შვილმოკლული მამების მხარდაჭერის ყველაზე უკეთესი გზა არჩევნებზე სწორი არჩევნის გაკეთება იქნება“.

შვილმოკლულ მამებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ რესპუბლიკურ პარტიაშიც, თუმცა ჯერჯერობით არ უმსჯელიათ იმაზე, ჩაებმება თუ არა და რა ფორმით ჩაებმება ეს პოლიტიკური პარტია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის, ვთქვათ, საორგანიზაციო საკითხებში.

რაზეა დამოკიდებული შედეგი

იმისათვის, რომ შვილმოკლული მამების ბრძოლის გზაზე პარტიულმა მხარდაჭერამ მართლაც მოიტანოს რეალური შედეგი, აუცილებელი პირობაა პოლიტიკური ძალების ურთიერთგაგება და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. ჯერჯერობით ასეთი განზრახვა არ გამოვლენილა სხვადასხვა პოზიციაზე მდგომი პარტიების მხრიდან. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს არცთუ იოლი საქმე იქნება ორი მთავარი ოპოზიციური ძალის - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ - შემთხვევაში, რადგანაც მათი დაპირისპირება საკმაოდ ღრმაა. თუმცა, როგორც ანალიტიკოსმა გია ნოდიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, საერთო სამოქმედო გეგმით სიარული პარტიებისთვის ხელსაყრელი იქნება და შედეგი მით უფრო უკეთესი იქნება, რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა ჩაერთვება ამ პროცესში.

გადმოწერა

გია ნოდიას თქმით, პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია, მით უფრო მაის-ივნისის აქციების გათვალისწინებით, როდესაც შვილმოკლული მამების გვერდში სწორედ პოლიტიკოსების გამოჩენამ შეამცირა ხალხი საპროტესტო აქციებზე. თუმცა პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსებს უფრო გაუადვილდეთ ხალხის მობილიზება, რადგანაც ახლა საზოგადოებაში უფრო მაღალი პოლიტიკური მუხტია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG