არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეშ ჩარევად შეაფასეს თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე 26 სექტემბერს განვითარებული მოვლენები. „როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას. პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს კარვის კონსტრუქცია და აქციის მონაწილეებს არ მისცეს შესაძლებლობა, პროტესტი ამ ფორმით განეგრძოთ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების, კარვის ჩამორთმევის და ავტომანქანის ჩხრეკის შესახებ“ - ნათქვამია 15-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში. ისინი აღნიშნავენ, რომ იმავე დღეს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტს, ნატა ფერაძეს და მასთან ერთად მყოფ პირს არ მისცა შესაძლებლობა შეერთებოდნენ აქციას, ძალისმიერი მეთოდებით ჩამოართვეს ჩანთა, რომელშიც კარავი იყო შენახული და აქციის ტერიტორიაზე მათი შეშვება მხოლოდ კარვის ჩამორთმევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლიცია აქციის მონაწილეებს არ აძლევს მათ მიერ არჩეული მშვიდობიანი ფორმით შეკრების შესაძლებლობას, ასეთი ფაქტი მოხდა 2018 წლის 11 სექტემბერსაც, თუმცა, ამ დრომდე უცნობია შესაბამისი უწყებების მხრიდან მოჰყვა თუ არა სათანადო რეაგირება მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევას.
„პოლიციის ქმედება, არ დაუშვას აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსება, წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლის მცდელობას, რაც უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულ შეკრების უფლების არსს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს შეკრების ჩატარებას იმ ფორმით, რომელიც მშვიდობიანია და არჩეულია აქციის მონაწილეთა მიერ. აქციის ფორმის, დროისა და ადგილის არჩევის უფლება ისევეა შეკრების უფლების ნაწილი, როგორც მისი შინაარსი და კარავი შესაძლოა, წარმოადგენდეს აქციის გაგრძელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ატრიბუტს” - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, შს-თა მინისტრის განმარტება, რომ აკრძალვა ემსახურებოდა პროვოკაციული ქმედებების თავიდან არიდებას, მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, უსაფუძვლოა და აფიქრებინებთ, რომ პოლიცია მოქმედებს არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, არამედ პროტესტის გამოხატვისათვის მიზანმიმართული ხელშეშლის ინტერესით. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მიმართავენ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა და აქციის მონაწილეებს მისცენ შესაძლებლობა აქციის მიმდინარეობისას განათავსონ კარავი, ხოლო მთავარმა პროკურატურამ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ თანამდებობის გამოყენებით აღნიშნული უფლების უკანონოდ შეზღუდვაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, მწვანე ალტერნატივა, საფარი, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი, თანასწორობის მოძრაობა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და ღია საზოგადოების ფონდი.