ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, არასოდეს შეეგუება იმ ფაქტს, რომ თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში რუსული ტანკები დგას და ვაშინგტონი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დაჩქარდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი - 1 აგვისტოს თბილისში ამ შინაარსის განცხადებები გააკეთა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად იზეიმებს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მაიკ პენსმა სამშაბათს შეხვედრები გამართა ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან და სამხედრო წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილე სამხედროებთან. მაიკ პენსმა, რომელიც საქართველოს მეუღლესთან ერთად სტუმრობდა, თბილისი საღამოს 4 საათისთვის დატოვა.
პრეზიდენტი ტრამპი მიმდინარე კვირაში მოაწერს ხელს კონგრესის მიერ ივლისში დამტკიცებულ საკანონმდებლო აქტს, რომელიც მიზნად ისახავს ძირითადად ეკონომიკური სანქციების რეჟიმის გაძლიერებას რუსეთის წინააღმდეგ და ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება შეერთებული შტატების მტკიცე გადაწყვეტილება არ დახუჭოს თვალი რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკაზე მეზობელ ქვეყნებთან და, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით. ამ შინაარსის განცხადებები გააკეთა1 აგვისტოს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გამართული შეხვედრების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მაიკ პენსმა გარკვევით თქვა, რომ თუკი რუსეთს ამერიკასთან კარგი ურთიერთობის დამყარება უნდა, მან აუცილებლად უნდა შეცვალოს თავისი დესტრუქციული პოლიტიკა:
„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეთაურობით, ამერიკის შეერთებული შტატები დაუპირისპირდება ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერ დროს გამოხატულ ნებისმიერ განზრახვას, რომელიც ძირს უთხრის ამ უცვლელ პრინციპს. პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები. დღეს აქ ჩემი მიზანია, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ეს მესიჯი“.
მაიკ პენსის თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ყველა იმ ქვეყანაში, რომლებსაც მისი ტურნე აერთიანებს, - ბალტიისპირა ქვეყნებში, საქართველოსა და ჩერნოგორიაში, - დონალდ ტრამპმა ერთნაირი მესიჯი გაატანა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულად იდგება თავისუფლებისმოყვარე ქვეყნების გვერდით და ეს საქმითაც დამტკიცდება. მართალია, იქვე განიმარტა, რომ თუკი ნატოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის მიმართ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთს ამერიკა მყისიერად - და, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალითაც - უპასუხებს, არაწევრი ქვეყნის - საქართველოს - შემთხვევაში, ცხადია, ეს ასე ვერ იქნება. სამაგიეროდ, ვაშინგტონი საქართველოს ჰპირდება მტკიცე მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტაში, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში და, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარების საქმეში:
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სწრაფვას გახდეს ნატოს წევრი და ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობასთან, რათა გავაფართოოთ სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს გაწევრიანდეს ნატოში. საქართველომ მიაღწია უმნიშვნელოვანეს პროგრესს არა მხოლოდ დამოუკიდებლობის 25- წლიანი ისტორიის განმავლობაში, არამედ უმნიშვნელოვანესი პროგრესი გამოვლინდა ბოლო ხუთი წლის მანძილზე და ეს, ჩვენი რწმენით, გააძლიერებს საქართველოს განაცხადს ნატოს წევრობისთვის“.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა სამშაბათს არაერთხელ გაიხსენა საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების პროცესში დაღუპული 31 ქართველი სამხედრო, მათ გმირები უწოდა და საქართველოს მადლობა გადაუხადა ასეთი დიდი წვლილისთვის გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. ამ შინაარსის განცხადებები მაიკ პენსმა გააკეთა როგორც მთავრობის კანცელარიაში, ისე შერეული საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე, სადაც ის მრავალეროვანი სამხედრო წვრთნის, „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილე სამხედროებს შეხვდა. ითქვა, რომ სამხედროები დიად საქმეს ემსახურებიან და მათი წვლილი შეუფასებელია. ამ ღონისძიების ფარგლებში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, შეხვდა. მაიკ პენსმა აქაც გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხისა და საქართველოს გვერდით დგას:
“ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რადგანაც ვიცით უძველესი ქართული ანდაზის სიბრძნე, რომ „ძალა ერთობაშია“. ერთად ყოფნით ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით, ერთად ყოფნით ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით რწმენაში, თავისუფლების რწმენაში და რწმენაში მის (ღმერთის) მიმართ, ვისგანაც იშვა ჩვენი თავისუფლება“.
შეერთებული შტატების საერთაშორისო მიდგომების ჭრილში აშკარად რომ ძლიერდება და იზრდება საქართველოს როლი, სწამთ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც, რომლებიც 1 აგვისტოს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დილის 9 საათზე შეხვდნენ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს. თუმცა, როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, გაერთიანება „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, განაცხადა რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრების“ ეთერში, მნიშვნელოვან შანსს სათანადოდ გამოყენება ესაჭიროება:
„ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე მე ვისაუბრე ეკონომიკის თემებზე, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა თუ არ იქნება ძლიერი ეკონომიკურად, ჩვენი მოქალაქეები თუ არ იქნებიან იმის ძალიან მკაფიო მაგალითის მომსწრე, რომ მათი კეთილდღეობა უკეთესდება ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობით, მაშინ ეს ვერ იქნება გრძელვადიანი. ვისაუბრეთ ასევე დემოკრატიის თემებზე, იმაზე, რომ ქვეყანაში არის ბევრი პრობლემა, სერიოზული პრობლემა, თუმცა ქვეყანა წინ მიდის და საჭიროა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წინ სიარული. ამიტომ არის საჭირო საკონსტიტუციო საკითხებზე და საარჩევნო საკითხებზე მეტი და უკეთესი კონსენსუსი“.
პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს „მოკლე პერიოდში შეძენილი საქართველოს დიდი მეგობარი“ უწოდა და მადლობა გადაუხადა განუზომლად დიდი მხარდაჭერისთვის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებებით. პრემიერი ამბობს, რომ საქართველო თავის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად ამაყად დგას გლობალური მშვიდობის სადარაჯოზე და რეგიონალური სტაბილურობის განმტკიცების პროცესში. ამასთან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამერიკული ბიზნესის საქართველოს ბაზრით დაინტერესების საკითხს და ამ მხრივ თვალსაჩინო მაგალითად ანაკლიის პორტი სახელდება, რომელთან დაკავშირებულ შესაბამის ხელშეკრულებასაც 1 აგვისტოს მოეწერა ხელი:
„’კონტი ჯგუფის’ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმში ჩართვასთან ერთად, მივესალმებით თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას ანაკლიის პორტის კონსორციუმსა და მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ ამერიკულ ოპერატორ კომპანია SSA Marine-ს შორის, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს და ასევე განახორციელებს ინვესტიციას პროექტში, რომელიც გახლავთ დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის რეგიონალურ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს“.
1 აგვისტოს მაიკ პენსი, მისი სურვილის შესაბამისად, სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შეხვდა. ეს შეხვედრა დახურული იყო მედიისთვის. ცნობილი გახდა, რომ ილია მეორემ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ოქროს ნაკეთობები უსახსოვრა და ასევე ოქროს ნაკეთობები გაატანა საჩუქრად პრეზიდენტ ტრამპისა და მისი მეუღლისთვის.