1 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისა, და მისი მეუღლის, კარენ პენსის, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის მეორე ლედიმ თბილისში რამდენიმე შეხვედრა გამართა. მისი ინტერესის სფეროში მოექცა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“, სადაც უკვე წლებია პაციენტებს არტთერაპიით მკურნალობენ. კარენ პენსი ეწვია ასევე მხატვარ ოლესია თავაძის ნამუშევრების გამოფენას და ის ნახატები დაათვალიერა, რომლებიც ამერიკელი პოეტის, რობერტ ფროსტის, პოეზიით არის შთაგონებული.
აშშ-ის მეორე ლედის, კარენ პენსის, შეხვედრები პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დილით ადრე, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარის“ თერაპევტებსა და პაციენტებთან შეხვედრით დაიწყო. მეორე ლედიმ დაათვალიერა ბიბლიოთეკის დარბაზში გამოფენილი ნამუშევრები, შემდეგ კი „კამარელებთან“ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში კარენ პენსმა აღნიშნა, რომ არტთერაპია არ არის, უბრალოდ, თამაში მასალით, მხოლოდ ხატვა და გართობა და რომ მის მთავარ მიზანს - ადამიანების დახმარებას, ცხოვრებაში დაბრუნებას - „კამარამ“ და ნათია ფანჯიკიძემ შესანიშნავად გაართვეს თავი:
„ეს შესანიშნავი იყო - ჩვენ ხუთი ნამუშევარი ვნახეთ და მათ ავტორებს ველაპარაკეთ. ყოველი მათგანი ნათია ფანჯიკიძის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარის“ არტთერაპიის პროგრამის მონაწილეა. ეს ადამიანები ებრძოდნენ დეპრესიას და სწორედ არტთერაპიის მეშვეობით გადარჩნენ. იმის ხილვა, თუ რა გზა გაიარეს მათ თავიანთი ნამუშევრების შექმნით, ნამდვილად ძალიან გასაოცარია“.
„კამარის“ თერაპევტებისა და ცენტრის პაციენტებისათვის მეორე ლედისთან შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომაც ჰქონდა, რომ კარენ პენსი არტთერაპიის დიდი გულშემატკივარია. აშშ-ის მეორე ლედი, კარენ პენსი, არტთერაპიას პირველად 2006 წელს გაეცნო, როდესაც ვაშინგტონში აკვირდებოდა არტთერაპიის პროგრამას, სახელწოდებით „Tracy’s Kids” - „თრეისის ბავშვები“. მოგვიანებით ის „Tracy’s Kids”-ის საბჭოს წევრიც გახდა და დღემდე მხარს უჭერს ხელოვნებითი თერაპიის დანერგვას ამერიკაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასევე მუდმივად ნახულობს არტთერაპიის ცენტრებს.
„ბედნიერებაა, როდესაც ადამიანს ესმის იმის არსი, რასაც შენ აკეთებ, იმიტომ რომ სულიერი განცდიდან მოდის ჩვენი დაავადებების 97 %. ჩემთვის ძალიან ფასეულია, რომ ახლახან ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს C ჰეპატიტის პროგრამით, ფიზიკური თერაპიის კვალდაკვალ კი, ადამიანი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ სულიერი თერაპია არის მთავარი, ამის მნიშვნელობა ესმის, ჩვენთვის მასთან შეხვედრა არის ძალიან დიდი პატივი“.
როგორც ნათია ფანჯიკიძემ მოგვითხრო, გამოფენისთვის „კამარის“ პაციენტების მიერ რვა წლის განმავლობაში დამზადებული ნამუშევრები თავად მეორე ლედიმ შეარჩია მისთვის გაგზავნილი მრავალი ნამუშევრიდან. სულ ხუთი ნამუშევარი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ყოფილი „კამარელის“, დავით მარდალეიშვილის, პეპელა, რომელიც აბრეშუმის პარკიდან იბადება. დათო უკვე ცენტრის ყოფილი პაციენტია და ამბობს, რომ „კამარამ“ მისი ცხოვრება 360 გრადუსით შეცვალა.
საქართველოში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტისა და მისი მეუღლის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კარენ პენსი მხატვარ ოლესია თავაძეს შეხვდა და ამერიკელი პოეტ რობერტ ფროსტის ლექსების შთაგონებით შექმნილი მისი ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა. რამდენიმე ნახატთან ამერიკის მეორე ლედი საკმაოდ დიდხანს შეყოვნდა.
„როგორც აღმოჩნდა, მეორე ლედის შეხება ჰქონია რობერტ ფროსტის ქალიშვილთან, ლესლი ფროსტთან, რომელიც მამის ხსოვნის ფონდს პატრონობდა და სწორედ მან აჩუქა თურმე კარენ პენსს მამის ლექსების კრებული... როგორც ჩანს, ჩემითაც ამიტომ დაინტერესდა, რომ შეიტყო ფროსტის მიმართ ჩემი დამოკიდებულების შესახებ და, ცხადია, იმ ნახატების სერიის შესახებ, რომელიც სწორედ მისი ლექსების მიხედვით შეიქმნა“.
თბილისიდან გამგზავრებამდე კარენ პენსი სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, შეხვდა. საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ კი აშშ-ის ვიცე- პრეზიდენტი და მისი მეუღლე ჩერნოგორიაში გაემგზავრნენ.