31 ივლისს მრავალეროვნულ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ამერიკული ჯავშანტექნიკის კოლონა ფოთიდან ვაზიანის პოლიგონზე ჩავიდა. ვიდრე დანიშნულების პუნქტამდე მივიდოდნენ, ამერიკელი და ქართველი სამხედროები მცირე ხნით ქუთაისში, ზესტაფონსა და ხაშურში გაჩერდნენ, სადაც ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს ტექნიკის დათვალიერებისა და სამხედროებთან სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება მიეცათ.
ამერიკელი სამხედროების კოლონა, რომელსაც წინ სამხედრო პოლიციის ეკიპაჟი მიუძღოდა, ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკთან გაჩერდა. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქუთაისში თათა კაჭკაჭიშვილი ამბობს, პარკის წინ შეკრებილ ქუთაისელებზე განსაკუთრებით ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ქვეითთა საბრძოლო მანქანებმა „ბრედლიმ“ და „სტრაიკერმა“:
„მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს არის მხარდაჭერისა და პარტნიორობის გამოვლინება აშშ-ის მიერ. შესაბამისად, ქუთაისელები თავიანთ კეთილგანწყობას გამოხატავდნენ ფოტოების გადაღებით: ფოტოებს იღებდნენ ტექნიკის ფონზე ამერიკელ სამხედრობთან“.
ამერიკის, საქართველოსა და ნატოს დროშებით დახვდნენ სამხედროებს გორის ცენტრში, რომელიც, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გოგა აფციაური იხსენებს, 2008 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკავათ და, შესაბამისად, გორელების განწყობაც სხვაგვარი იყო.
„ცხრა წლის წინაც შემოდიოდა აქ სამხედრო კოლონა, თუმცა იმ სამხედრო კოლონას სხვა მისია და მიზანი ჰქონდა. ის იყო რუსეთის 58-ე არმია, რომელმაც ქალაქის ოკუპაცია მოახდინა, ახლა კი შემოდის კოლონა, რომელზეც დამაგრებულია ამერიკის და საქართველოს დროშები. ეს ხდება იმ მოედანზე, რომელიც ცხრა წლის წინ იბომბებოდა. ამ კოლონას გორელები სულ სხვა ემოციით ხვდებიან“.
„გამომდინარე იქიდან, რომ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება“, - ამბობს ახალგაზრდა გორელი ქალი, - „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში, რომელიც 2008 წლის ომის დროს იბომბებოდა, შემოდიან ნატოს ჯარები. ყველა მოქალაქე ამ ფაქტს უნდა ხვდებოდეს დიდი სიხარულით“.
ამერიკელი სამხედროების კოლონას მოჰყვებოდა სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც ასევე დაესწრო ფოთის პორტში სამხედრო ტექნიკის ჩამოტვირთვას.
„უზარმაზარი ბორანი მოადგა ფოთის პორტს, სადაც 280-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა იყო განთავსებული, მათ შორის 40-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი „სტრაიკერი“. საინტერესო იყო ისიც, თუ როგორ იყვნენ ისინი დამაგრებული უშუალოდ გემბანებზე, როგორ მოხდა მათი ჩამოცლა, კოლონებად ჩამოყალიბება და შემდეგ ჯავშანკოლონების გადაადგილება ქართულ გზებზე“, უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ალადაშვილმა, რომლის თქმით, წინა ორი სწავლების დროს ფოთიდან ვაზიანის სამხედრო პოლიგონისკენ ტექნიკის ტრანსპორტირება ხდებოდა რკინიგზით და სარკინიგზო ეშელონებით:
„პირველად საქართველოს ისტორიაში „სტრაიკერები“ არა მარტო ჩამოვიდნენ საქართველოში, არამედ მათ განახორციელეს მარშგადასროლა თავისი სვლით ფოთიდან ვაზიანამდე, რაც არანაკლებ 400 კილომეტრია. ამას აქვს როგორც წმინდა სამხედრო მნიშვნელობა, ისე წმინდა პოლიტიკური და პროპაგანდისტული მნიშვნელობა, რადგანაც მოსახლეობა ერთად ხედავდა ქართულ და ამერიკულ დროშებს, სამხედრო მანქანებზე რომ ფრიალებდა და ა.შ.“.
მარშისა და წვრთნების სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით, „ღირსეული პარტნიორი“ არც ერთი კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ არაა მიმართული:
„ეს წვრთნები, რომელშიც 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, გახლავთ საქართველოს მიერ მსოფლიოსა და რეგიონის სტაბილურობაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციის აღიარება და ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჯარისკაცების დამსახურება. წვრთნები მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ, პარტნიორებთან და ნატოსთან მეტი თავსებადობისა და ინტეგრაციისკენ“.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ,,ღირსეული პარტნიორი 2017“ ემსახურება სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას. სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში პირველადაა ჩართული ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი „სტრაიკერი“ და გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე ამერიკული ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.