Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღირსეული პარტნიორი“ და მიმართვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს


„ღირსეული პარტნიორისთვის" განკუთვნილი სამხედრო ტექნიკა
„ღირსეული პარტნიორისთვის" განკუთვნილი სამხედრო ტექნიკა

საქართველოში ჩამოიტვირთა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორისთვის" განკუთვნილი სამხედრო ტექნიკის მორიგი ნაწილი. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებაში მონაწილეობისთვის, ტექნიკის პარალელურად, ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადიც ჩამოვიდა. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მესამედ ტარდება. წელს სწავლებას შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც დაესწრება, რომლის ორდღიანი ვიზიტი თბილისში ორშაბათისთვის იგეგმება. ამ ორ მოვლენას საქართველოს ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, სამოქალაქო სექტორი კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს. წერილში საუბარი შეეხება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხს, სახელმწიფო მართვის საკითხებს და რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხს.

გადმოწერა

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორში“ მონაწილე ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორებს და მხარდამჭერ ტექნიკას, რომელიც ფოთში ჩამოიტვირთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა ქართველ სამხედრო ლოგისტიკის ოფიცრებთან ერთად დახვდა. ნიკოლოზ ჯანჯღავას სიტყვებით, სწავლებაში წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი“:

ნიკოლოზ ჯანჯღავა
ნიკოლოზ ჯანჯღავა

„საქართველოს ისტორიაში პირველად ამდენი ამერიკული და ნატოს მოკავშირე სხვა ქვეყნების საბრძოლო ტექნიკა ჩამოდის იმისათვის, რომ მიიღოს მონაწილეობა „ღირსეულ პარტნიორ 2017“-ში. ხედავთ, რომ სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკაა. პირველად ჩამოდის საბრძოლო მანქანა „სტრაიკერი“, რომელიც ვარჯიშების დროს უნდა გამოვიყენოთ. სწავლების მთავარი ამოცანაა გააძლიეროს საქართველო-ნატოსა და საქართველო-ამერიკას შორის ის სამხედრო ურთიერთობები, რაც ჩვენ უკვე ათ წელზე მეტია გვაკავშირებს“.

საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი. თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას. „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

სამწლიანი ისტორიის მქონე „ღირსეული პარტნიორის“ სამხედრო წვრთნებს წელს პირველად დაესწრება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. მისი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მომავალი კვირის ორშაბათს იგეგმება. ეს საქართველოში შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია. საქართველოს ხელისუფლება ვიზიტს მიიჩნევს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დასტურად და გზავნილად საქართველოს ჩრდილოელი მეზობლისადმი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ოკუპაციას განაგრძობს. ამის თაობაზე მიმდინარე კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრეს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის წინ, მაიკ პენსს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი ღია წერილით მიმართავს. 23 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილ წერილში მადლიერებაა გამოთქმული შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, ასევე ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, როგორც საქართველოს უახლოეს და სანდო პარტნიორს, მოუთხრობენ ქვეყნის წინაშე არსებულ დემოკრატიულ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს. მათ შორის საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის განხილვის დროსაც მმართველმა გუნდმა ვერ უზრუნველყო ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. წერილში საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, საგარეო საფრთხეებზე და სხვა. როგორც „ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას,იმ ფონზე, როცა მმართველი ხელისუფლება ყურს არ უგდებს სამოქალაქო სექტორს, მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორი იყოს ინფორმირებული:

წერილის მიზანიც არის არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ პრობლემებზე ვისაუბროთ, თუმცა პრობლემებზეც ვსაუბრობთ, ამის მიზანი არის ის, რომ ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს, აშშ-ს,რომელიც თავად ამ ვიზიტით ხაზს უსვამს მნიშვნელობას, რომელსაც ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას, ვთხოვოთ გააგრძელოს ეს თანადგომა, ეს დახმარება და რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით დახმარება ვთხოვოთ...
გიორგი ონიანი

„აშშ-ის ადმინისტრაცია ბევრად უფრო დიდი ყურადღებით ეკიდება არასამთავრობო ორგანიზაციების აზრს და მიმართვებს, ვიდრე ეს, სამწუხაროდ,საქართველოში ხდება. წერილის მიზანიც არის არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ პრობლემებზე ვისაუბროთ, თუმცა პრობლემებზეც ვსაუბრობთ, ამის მიზანი არის ის, რომ ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს, აშშ-ს,რომელიც თავად ამ ვიზიტით ხაზს უსვამს მნიშვნელობას, რომელსაც ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას, ვთხოვოთ გააგრძელოს ეს თანადგომა, ეს დახმარება და რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით დახმარება ვთხოვოთ - მაგალითად, დახმარების გაგრძელება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში, კონკრეტული შედეგის მიღებაში ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით და, ზოგადად, ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით“.

სამოქალაქო სექტორი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საფრთხედ ორ ფაქტორს ასახელებს - რუსეთის პოლიტიკას, რომლისთვისაც „საქართველოს თავისუფლებისკენ სწრაფვა აგრესიული რევიზიონიზმის სამიზნედ იქცა“, ხოლო საშინაო პრობლემებზე საუბრისას ხაზი ესმება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას, თქმით, მიმართვა რამდენიმე ასპექტისგან შედგება. მათ შორის იმის უარყოფა, რომ ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან ხიფათები არსებობს, მას შეუძლებლად მიაჩნია, მაგრამ კატეგორიულად არ იზიარებს აზრს, თითქოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება საფრთხეში იყოს. ამის სამტკიცებლად, ბესელიას რწმენით, სამოქალაქო სექტორს არგუმენტები არ მოეპოვება და ამიტომ ამგვარი შეფასება ძალიან გადაჭარბებული და არაობიექტურია:

“ჩვენ რა გვინდა? გვინდა კარგი კონსტიტუცია, საერთაშორისო პრინციპებთან შესაბამისი? თუ გვინდა ცუდი კონსტიტუცია და კომპრომისული ვერსია? მე ვფიქრობ, რომ პირველი არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის საფრთხეებზე, მე არ ვიცი, აქ რა იგულისხმება. დღეს საქართველოს რეფორმების მიმართ არავის უჩნდება კითხვის ნიშნები და შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ უკეთესი სტანდარტი გვინდა, კიდევ უკეთესი საკანონმდებლო ცვლილებები გვინდა, პენიტენციარული სისტემის უკეთესი რეფორმა გვინდა ან სხვა რომელიმე სისტემის, მაგრამ საქართველო, რომელმაც რამდენიმე შემფასებელი მისიის მხრიდან მიიღო დადებითი დასკვნები, გატარებული რეფორმების შემდეგ აღიარებული იქნა ქვეყანა უსაფრთხო ქვეყნად და დემოკრატიული რეფორმების მხარდამჭერად, რატომაც მივიღეთ ჩვენ უვიზო მიმოსვლა, არ მგონია, რომ შეფასებები იყოს ობიექტური”.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG